Wednesday, December 29, 2010

ვირუსი კიბოს წინააღმდეგ - შეტევა ფართო ფრონტით
Virus vs cancer
28 დეკემბერი

ლურჯი წერტილები ვირუსებია, მწვანე კი ფერმენტები, რომლებსაც კიბოს უჯრედში გააქტიურებული ზრდის ბილიკის დროს გამოყოფს და ამით, ვირუსის მიერ აღმოჩენადი ხდება
..............................
დიდი ხანია, მსოფლიოს საუკეთესო ტვინები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოარჩინონ თანამედროვეობის ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება - კიბო. ჯერ კიდევ პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გამოუცხადა ამ დაავადებას ომი. მას შემდეგ, რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი უამრავ კლინიკურ გამოკვლევას მოხმარდა, მაგრამ სამწუხაროდ, დაავადება დღემდე დაუმარცხებელია და მას ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

თუმცა, ბოლო წლებში გამოჩნდა საშუალება, რომელმაც შესაძლოა, მალე ადამიანს ეს საშინელი დაავადება დაამარცხებინოს. ეს საშუალება ათასწლეულების განმავლობაში, ჩვენთან ერთადაა და მას ვირუსი ჰქვია. ვირუსი, რომელსაც ადამიანის დაავადება თავადაც შეუძლია, მაგრამ რომელთა უმეტესობასაც, ორგანიზმის იმუნური სისტემა ადვილად ამარცხებს.
ხანგრძლივი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნატურალურ, ან მოდიფიცირებულ ვირუსს, სიმსივნის უჯრედების დასნებოვნება და განადგურება შეუძლია. და ამ დროს, პრაქტიკულად არ დააზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს. აშშ-ში, კანადაში, ისრაელში და ევროპის წამყვან ქვეყნებში, მეცნიერებმა კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად უამრავი ვირუსი გამოსცადეს და მათგან ისინი შეარჩიეს, რომლებსაც ფატალური დაავადების დამარცხება შეუძლია. საბედნიეროდ, მათ შორის ისეთი გავრცელებულიცაა, როგორიც ადენოვირუსი, ანუ ჩვეულებრივი სურდოს ვირუსია.

დოქტორი ბრედ ტომპსონი
..............................
ზოგიერთი მკვლევარი გვპირდება, რომ ვირუსის ბაზაზე დამზადებული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვები დაახლოებით 2-3 წელიწადში დაიწყება. თუმცა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ჩაივლის ბოლო, მესამე ფაზის ექსპერიმენტები, რომელთა შედეგების დამუშავებაც ალბათ 2012 წლისთვის დასრულდება, ამ კვლევათა შედეგად შემუშავებული წამლების საწარმოო ლიცენზიით უზრუნველყოფას კი კიდევ 12 თვე დასჭირდება.
მოკლედ, მეცნიერები კიბოს ფართო ფრონტით უტევენ და იმედია, მალე ეს შეტევა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრის დამარცხებით დასრულდება...
***
ქალაქ ჰაიდელბერგის გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრის მეცნიერები ჟან რომელაერე და იორგ შლეჰოფერი კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად, ეგრეთ წოდებულ პარვოვირუსს იყენებენ, რომელიც ადამიანისთვის უხიფათო ვირუსია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სასიკვდილო იარაღია სიმსივნური უჯრედებისთვის.
ჰაიდელბერგის მეცნიერებმა წლების განმავლობაში, კიბოს წინააღმდეგ უამრავი ვირუსი გამოსცადეს და დაადგინეს, რომ ყველაზე ეფექტური მათგან პარვოვირუსია (H-1), რომელიც საცდელ ვირთხებზე უკვე გამოიცადა და შესანიშნავი შედეგები აჩვენა.
ექსპერიმენტების დროს, საცდელი ვირთხები თავის ტვინის კიბოთი, იმპლანტაციის მეშვეობით დააავადეს. მას შემდეგ, რაც სიმსივნეებმა გარკვეულ ზომებს მიაღწია, დაიწყო მკურნალობის ეტაპი. პირველი ჯგუფის ”პაციენტებს” პარვოვირუსები ინექციით პირდაპირ სიმსივნეში მიაწოდეს, მეორე ჯგუფის ვირთხებს კი ვირუსი სისხლში შეუყვანეს.
იმ ვირთხებში, რომლებსაც ვირუსი უშუალოდ დაავადებულ არეში შეუყვანეს, სიმსივნის ზომამ სამ დღეში საგრძნობლად იკლო. მკურნალობის გაგრძელების შემდეგ კი, 12-დან 8 ცხოველი სრულიად განიკურნა. ამასთან, მათ არანაირი თანმდევი სიმპტომი არ განუვითარდათ. მეორე ჯგუფის 9 ცხოველიდან, სრულად ექვსი განიკურნა. ამასთან, ყველა საცდელმა ვირთხამ, კიბოს იმპლანტაციის და ვირუსით მკურნალობის კურსის შემდეგ, კიდევ ერთი წელი ყოველგვარი სიმპტომის გარეშე იცოცხლა და ექსპერიმენტის დასრულების შემდეგაც ისინი ცოცხლები იყვნენ.
მართალია, ინექციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ვირუსის დნმ ცხოველების მთელ ორგანიზმში დაფიქსირდა, მაგრამ მალე მათი კვალიც გაქრა. ვირუსებით ჯანმრთელი უჯრედები კი დაავადდა, მაგრამ მათი გამრავლება აღარ მოხდა და ორგანიზმმა ისინი გაიწოვა. სულ სხვაგვარად იქცეოდნენ ისინი დაავადებულ უჯრედებში - ვირუსი სწრაფად მოედო კობოს უჯრედებს და გამრავლებაც დაიწყო. ამის საბოლოო შედეგი კი კიბოს უჯრედების სრული განადგურება იყო.


პროფესორი ჟან რომელაერე განმარტავს, რომ ვირუსი H-1 ადამიანში არანაირ სიმპტომს არ იწვევს. შესაბამისად, ორგანიზმის იმუნური სისტემა არაა მომართული ამ ვირუსის გასანადგურებლად. ამიტომ, ინექციის შემდეგ, ის გარკვეული დროით ორგანიზმში რჩება. სამაგიეროდ, მათი გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა სიმსივნური უჯრედები, სადაც ისინი რჩებიან, მრავლდებიან და ეს უჯრედები სიკვდილამდე მიჰყავთ. საინტერესოა ისიც, რომ თავისი საქმის მომთავრების შემდეგ, პარვოვირუსი მასპინძელ ორგანიზმში თავის გენეტიკურ მასალას არ ტოვებს. ამიტომ, არც მათი მუტაციის საშიშროება არსებობს.
თავის ტვინის კიბოზე ჩატარებული ექსპერიმენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კიბოს უჯრედებში წარმოქმნილი მეორე თაობის ვირუსი კიბოს იმ უჯრედებსაც კი ასნებოვნებს, რომლებიც დაავადების კერიდან მოშორებით მკვიდრდებიან და მეტასტაზურ კერებს ქმნიან.
ცხოველებზე წარმატებით ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ, გერმანელი მეცნიერები თავიანთი მეთოდის ადამიანებზე გამოცდას აპირებენ. ამისათვის მათ სოლიდური პარტნიორი გამოუჩნდათ მიუნხენში მაზირებულ კომპანია ”ორიქსის” სახით, რომელმაც კლინიკური ექსპერიმენტების დაფინანსება იკისრა.
კლინიკური გამოცდა თავის ტვინის გლიობლასტომათი დაავადებულ პაციენტებს ჩაუტარდებათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე უკურნებელი დაავადებაა სიმსივნეებს შორის - ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ, პაციენტების ნახევარზე მეტი ერთი წლის განმავლობაში იღუპება.
სავარაუდოდ, ამ კლინიკური კვლევის ფარგლებში, პირველი პაციენტების მკურნალობა უკვე დაწყებული უნდა იყოს...
***
აშშ-ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამედიცნო ცენტრის ლომბარდის კიბოს კვლევის ცენტრის მეცნიერები დაავადებასთან სამკურნალოდ რეოვირუსს იყენებენ. პარვოვირუსის მსგავსად, რეოვირუსიც ადამიანისთვის სრულიად უხიფათოა და მხოლოდ უმნიშვნელო გართულებების გამოწვევა შეუძლია. სამაგიეროდ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ვირუსს კიბოს უჯრედებში სწრაფი გამრავლება შეუძლია და საბოლოოდ, ის განადგურებამდე მიჰყავს. და, რა თქმა უნდა, დაიბადა კითხვა - შესაძლებელია თუ არა, ამ ვირუსის სამკურნალოდ გამოყენება?
რეოვირუსის (რესპირატორი ენტერიკ ორფან ვირუს) ბაზაზე შექმნილია მკურნალობის მეთოდი სახელწოდებით რეოლისინი, რომელზეც ექსპერიმენტებს ამ ეტაპზე, ჯორჯთაუნელების გარდა, კალგარელი (კანადა), სან ანტონიოელი (ტექსასი, აშშ) მეცნიერებიც ატარებენ. ექსპერიმენტები ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, ნაწლავის და სხვა გავრცელებული სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს უტარდებათ. თითქმის ყველა შემთხვევაში, ჩატარებულია პირველი ფაზის ექსპერიმენტები, რომლებიც შესანიშნავი შედეგებით დასრულდა.
ახლა ისინი მეორე ფაზის ექსპერიმენტებს იწყებენ, რომლის დროსაც, რეოლისინის გარდა ქიმიოთერაპიასა და რადიოთერაპიასაც გამოიყენებენ - წინსწარი კვლევებით დადგინდა, რომ ამ შემთხვევაში, რეოლისინს უფრო ძლიერი ეფექტი აქვს, რადგან ქიმიოთერაპია პაციენტის კიბოს უჯრედებს, რეოლისინით მკურნალობისთვის ”განაწყობს”.
რეოლისინით მკურნალობის მთავარი თვისება ისაა, რომ კიბოს უჯრედში დაბუდების შემდეგ, ის გამრავლებას იწყებს და ათასობით თავის ასლს წარმოქმნის, საბოლოოდ, ეს პროცესი კიბოს უჯრედის განადგურებით მთავრდება. მოდიფიცირებული ვირუსი პრაქტიკულად არ ვნებს ჯანმრთელ უჯრედებს. სამაგიეროდ, გარკვეული ცილების საშუალებით, ადვილად ამოიცნობს დაავადებულ უჯრედებს, მასში აღწევს და გამრავლებას იწყებს. კონკრეტული უჯრედის განადგურების შემდეგ, ვირუსები მეზობელ ავადმყოფ უჯრედებს ედება და მათაც ხოცავს…
ქალაქ სან ანტონიოს (შტატი ტექსასი) უნივერსიტეტის კიბოს თერაპიისა და კვლევის ცენტრში, მეორე ფაზის ექსპერიმენტი ფილტვის კიბოთი დაავადებულ იმ პაციენტებს ჩაუტარდებათ, რომელთა დაავადებაც შორს (მე-3 და მე-4 ფაზაშია) არის წასული. ექსპერიმენტი ქიმიოთერაპიის თანხლებით (პაკლიტაქსელი და კარბოპლატინი) ჩატარდება.
ზრდის ბილიკი
კალგარიში (კანადა) ბაზირებული ბიოტექნოლოგიური კომპანია ”ონკოლიტიკს ბიოტექის” მთავარი აღმასრულებელი, დოქტორი ბრედ ტომპსონი იმედოვნებს, რომ ორ წელიწადში, მის მიერ შემუშავებული მეთოდი საყოველთაო გამოყენებისთვის ვარგისი იქნება. ამ კომპანიას უკვე დაწყებული აქვს მესამე ფაზის კლინიკური კვლევები, რომელთა საბლოო პასუხებიც დაახლოებით ერთ წელიწადში გამოქვეყნდება.
დოქტორი ტომპსონი რეოვირუსის მოქმედებას ასე განმარტავს: ”ვირუსები მხოლოდ იმ უჯრედებს ვნებენ, რომლებსაც თავის დაცვა არ შეუძლიათ. კიბოს უჯრედს კი ერთი საინტერესო თვისება აქვს - მას გააქტიურებული აქვს ეგრეთ წოდებული ზრდის ბილიკი (რას პათუეი), რომელიც მუდმივად ჩართულია და უჯრედის უკონტროლო ზრდას და გამრავლებას განაპირობებს. თუ უჯრედს ეს ბილიკი ჩაკეტილი აქვს, ვირუსი მას ვერაფერს ავნებს, რადგან მასში ვერ შეაღწევს. დამიანის ორგანიზმში ძალიან ცოტა ჯანმრთელი უჯრედია ისეთი, რომელსაც ეს ბილიკი ”ჩართული” აქვს. ასეთ უჯრედებს ვირუსი ადვილად უმკლავდება, რადგან ”ბილიკით” მათში აღწევს და იქ მრავლდება, რაც უჯრედის განადგურებით მთავრდება. როგორც კი ასეთი უჯრედები განადგურდება, ვირუსის ზემოქმედებაც მაშინვე მთავრდება.
დადგენილია, რომ კიბოს სახეობათა უმეტესობაში, უჯრედებში ზრდის ბილიკი გახსნილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსისთვის იქ შეღწევა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამ დროს, უჯრედის დაცვის მექანიზმი გამორთულია. უჯრედში შეღწევიდან სულ რაღაც სამ დღეში, ვირუსები უჯრედს ავსებენ და მის აფეთქებას იწვევენ. ამით მთავრდება ეს ისტორია”.
დოქტორი ტომპსონი დასძენს, რომ კიბოს სახეობათა უმეტესობაში, (ფილტვის, საშვილოსნოს, კუჭის, ნაწლავების და სხვა) პიველადი კერის უჯრედების სამ მეოთხედში ”ზრდის ბილიკი” გახსნილია. ესე იგი, თეორიულად, ვირუსისთვის მათი განადგურება პრობლემას არ წარმადგენს. რაც შეეხება მეორად, მეტასტაზური კიბოს უჯრედებს, მათი 95-100 პროცენტი ვირუსისთვის გახსნილია და ვირუსით თერაპიას ექვემდებარება.
დაკიდევ, დოქტორი ტომპსონის თქმით, პირველი ინექციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტის ორგანიზმში ვირუსის კვალიც კი არ რჩება - მას იმუნური სისტემა მას შემდეგ იშორებს, რაც ვირუსი კიბოს უჯრედებს გაანადგურებს, ჯანმრთელ უჯრედებში შესაღწევად კი ”ზრდის ბილიკი” გამორთული ხვდება.
სხვათა შორის, ”ზრდის ბილიკის” თვისებას პირველად ყურადღება სწორედ კალგარელმა ვირუსოლოგებმა მიაქციეს. მათ ვირუსების გამრავლების პრობლემა ჰქონდათ და აღმოაჩინეს, რომ ამ პროცესს ხელს ჩართული ”ზრდის ბილიკი” უწყობს. მერე კი ვიღაცას წამოსცდენია - მოიცადეთ, ეს შეიძლება ონკოლოგებს გამოადგეთ…
თავად ტომპსონს კიბოთი დედა და ბიძა დაუკარგავს და თავადაც მელანომათი ყოფილა ავად. მისი დაავადება მკურნალობას ექვემდებარებოდა. და მაინც, კოლეგას დაურეკავს და კალგარის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერების ისტორია მოუყოლია. ტომპსონიც დაინტერესდა და 1998 წელს კომპანია ”ონკოლიტიკს ბიოტექი” ჩამოაყალიბა…

1 comment:

  1. საინტერსო სტატიაა. ვფიქრობ, რომ მსგავსი სტატიები ძალზე სასრგებლოა საზოგადოებისთვის.

    ReplyDelete

მთვლელი 123