Wednesday, December 30, 2009

საჩუქრები, რომელთა ყიდვასაც ახალი წლისთვის ვერ შეძლებთ

30 დეკემბერი

ახალი წელი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის ერთნაირად სასურველი დღესასწაულია, რომლისთვისაც ადამიანების უმეტესობა საჩუქრებს, ან იმ ნივთებს ყიდულობს, რომლის ყიდვაც დიდი ხანია, სურდა. საჩუქრით და ახალი ნივთის ყიდვით კი ყველა ცდილობს, რომ დამდეგ წელს სიახლით შეხვდეს.

მაგრამ არსებობს რაღაც-რაღაცეები, რომელთა შეძენასაც ვერ შეძლებთ, თუ ძალიან მდიდარი ადამიანის შვილი არ ხართ, რომელიმე წარმატებული კომპანიის აქციების სოლიდურ პაკეტს არ ფლობთ, ნავთობსაბადო არ გეკუთვნით, ან კი, შუა საუკუნეებში, ოკეანეში ჩაძირული გემი და მასზე არსებული განძი არ აღმოგიჩენიათ.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, ყოველწლიურად, სხვადასხვა კომპანიები ახალ შედევრებს ამზადებენ, რომლებზეც ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ თვალი თუ დარჩება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს შედევრები უსაშველოდ ძვირი ღირს. აბა, მსოფლიოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ”ბუგატი ვეირონს” შეიძენს, უფრო ძვირს ჯიბის ტელეფონში გადაიხდის. ან კი, სათამაშოში, თუნდაც არაჩვეულებრივში, ათეულობით ათას დოლარს გაანიავებს? რა თქმა უნდა, არა!

რაღა ბევრი გავაგრძელოთ და დღეს ისეთ ტექნოლოგიურ შედევრებს გაგაცნობთ, რომლებიც წელს შეიქმნა და რომლებსაც მხოლოდ ძალიან მდიდრები თუ შეიძენენ, ან, ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური სახით არსებობს. ესე იგი, რომლებსაც საახალწლოდ ვერც საჩუქრად იყიდით და ვერც საკუთარი სიამოვნებისთვის:

1. კანადურმა კომპანია ”ემპერორ უორკსტეიშნმა” კომპიუტერული თამაშების ფანატებისთვის არაჩვეულებრივი მოწყობილობა დაამზადა, რომელ(და არა თან)ზე დაჯდომისთანავე, ამ სათამაშოს ნაწილი ხდები და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მას თავი დაანებო და სხვა რამეზე გადაერთო.

ჯდებით სავარძელში და ”ემპერორი” მაშინვე მყარად გაფიქსირებთ. მოწყობილობას უამრავი საშუალება (მაგალითად, სამი მონიტორი) აქვს იმისათვის, რომ თავი თამაშის გარემოში იგრძნოთ. რბოლაში მონაწილეობთ? მაშინ შემხვედრი ჰაერის ნაკადსა და მოსახვევის დროს გადატვირთვებს იგრძნობთ. ნუ, ნებისმიერი ავარია ყოველგვარი ფატალიზმის გარეშე ჩაივლის, მაგრამ თუ ჯუნგლებში რაიმე მისიას ასრულებთ და გაგიწვიმდათ, თქვენც დასველდებით. მოკლედ, კანადურმა კომპანიამ ისეთი სათამაშო შექმნა, რომელიც სინამდვილესთან უამრავი ეფექტით მაქსიმალურად მიგაახლოებთ.

მაგრამ ეს სათამაშო რომ 40 000 დოლარი ღირს?..

2. სატერფულებიანი ორადგილიანი წყალქვეშა ნავი როგორ მოგწონთ, რომელსაც გამჭვირვალე კოკპიტი აქვს? მოისვით გვერდზე თანამგზავრი და ათვალიერეთ წყალქვეშა სამყარო. მაგრამ ასეთი რამ ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და ამ მინი სუბმარინს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება აქვს. პროექტი კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაამუშავეს. მისი ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ აპარატის წარმოების შემთხვევაში, მისი ღირებულება 30 000-70 000 დოლარის ფარგლებში მოექცევა. საკმაოდ ძვირია, მგრამ არა იმდენად, რამდენიც აჟამად არსებული მინი წყალქვეშები ღირს...
3. ”ბუგატი ვეირონ 16.4 გრან სპორტი” ყველაზე სწრაფი ღია ავტომობილია მსოფლიოში - მისი მაქსიმალური სიჩქარე 407 კმ/სთ-ს აღწევს. კომპანია მას მხოლოდ 150 ცალს დაამზადებს, რომელთაგან, 40-ზე შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. ამ ავტომობილს ყველაზე მიუწვდომელს კი ის გარემოება ხდის, რომ ის 1.4 მილიონი ევრო ღირს...
4. მობილური 3 მილიონ დოლარად. რა სისულელეა? ამ ტელეფონს ლივერპულელი სტიუარტ ჰიუზი 10 თვის განმავლობაში აკეთებდა. ოსტატმა ბაზისად ”აიფონ 3G” გამოიყენა, რომელიც 271 გრამი ოქროთი და 136 ბრილიანტით (სულ 68 კარატით) მოავარაყა. ჰოდა, თუ ასეა, მაშინ მართლა ღირებულა 3 მილიონი. მაგრამ, ვის რად უნდა ასეთი ტელეფონი? მუშტარი ალბათ ახლო აღმოსავლეთში, არაბულ სამყაროში გამოინახება...

საჩუქრები, რომელთა ყიდვასაც ახალი წლისთვის ვერ შეძლებთ
...გაგრძელება
5. ელექტრომობილი ”აუდი e-ტრონი”. გერმანულმა კომპანიამ ეს ავტომობილი ფრანკფურტის გამოფენაზე წარადგინა და ყველა გააკვირვა იმით, რომ მაბრუნი მომენტის გრაფაში წარმოუდგენლად დიდი რიცხვი - 4 500 ნიუტონმეტრი ეწერა. მაინც, რატომაა ასეთი ავტომობილის შეძენა შეუძლებელი? ჯერ ერთი, მისი წარმოება ჯერ არ დაწყებულა. მეორეც, წარმოუდგენელია, რომ ოთხი ძრავი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 313 ცხენის ძალას არ აღემატება, 4 500 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს ავითარებდეს. პრეს რელიზში დაშვებულ შეცდომას დავაბრალოთ ყველაფერი? მაგრამ ის ხომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს თავად ”აუდის” წარმომადგენლებს არ შეემჩნიათ, ან პრესკონფერენციაზე ამის შესახებ კითხვა მაინც არავის დაესვა? ინგოლშტადტელები კი აქამდე სდუმან...

Friday, December 25, 2009

მაგნიტოპლაზმური ძრავით სხვა პლანეტებისკენ
24 დეკემბერი

ფრანკლინ ჩან-დიასი
.............................................
ამერიკულმა კომპანია ”ედ ასტრა როკეტმა” შექმნა და ვაკუუმურ კამერაში წარმატებით გამოსცადა მაგნიტურ პლაზმური სარაკეტო ძრავი, რომლის სრული სახელწოდებაა ”მაგნიტოპლაზმური ძრავი ცვალებასი კუთრი იმპულსით” (Variable Specific Impulse Magnetoplasma Rocket, ანუ VaSIMR). გამოცდა ჩაუტარდა ამ ტიპის აგრეგატის ყველაზე დიდგაბარიტიან მოდიფიკაცია VX-200-ს.

Friday, December 11, 2009

”ვირჯინ გალაქტიკი” ტურისტული კოსმომფრენი მზადაა
Virgin Galactic spaceplane
11 დეკემბერი

7 დეკემბერს, მოხავეს (Mojave, კალიფორნია) უდაბნოში მდებარე კოსმოპორტის ჰოლში, ბრიტანელი მილიარდერის, სერ რიჩარდ ბრენსონის კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკმა” საზოგადოებას თავისი კოსმომფრენი - ”სპეისშიპთუ” (კოსმოსური ხომალდი ორი, ანუ SS2) წარუდგინა.

Thursday, December 3, 2009

”ვირჯინ გალაქტიკი” ხელოვნურ თანამგზავრებსაც გაუშვებს

3 დეკემბერი

კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკი” ცნობილია იმით, რომ მსოფლიოში პირველი დაიწყებს კოსმოსური ტურიზმის ბიზნესს. ახლახანს კი კომპანიის ხელმძღვანელობამ ხელოვნური თანამგზავრების გაშვების სურვილიც გამოთქვა. უფრო მეტიც, გამოცხადდა, რომ ”ვირჯინ გალაქტიკი” თანამგზავრების გაშვებას2013 ან 2014 წელს დაიწყებს.
თანამგზავრების გაშვების პრინციპი იგივეა, რაც ტურისტული ფრენების შემთხვევაში - მზიდი თვითმფრინავი სახელწოდებით ”უაითნაით თუ”, ამ შემთხვევაში, კოსმოპლანის (სპეისშიპ თუ) ნაცვლად, ჰაერში თანამგზავრიან რაკეტას 15 კილომეტრის სიმაღლეზე აიტანს, სადაც მოხდება რაკეტის გათავისუფლება. ის ჰაერშივე აიღებს სტარტს და სასარგებლო ტვირთს დაბალ ორბიტაზე გაიყვანს.
რაკეტა ორსაფეხურიანია. პირველი საფეხური მზიდი თვითმფრინავიდან მოწყვეტის შემდეგ, სტარტის ასაღებადაა განკუთვნილი და მაშინვე სცილდება რაკეტის ძირითად ტანს, როგორც კი თავის მოვალეობას შეასრულებს. შემდეგ ირთვება მეორე საფეხური, რომელსაც თანამგზავრი, ან საკვლევი ლაბორატორია ორბიტამდე (400-800 კმ) გაჰყავს. როგორც კი მიზანს მიაღწევს, თანამგზავრი თავისუფლდება და დამოუკიდებელ ფრენას იწყებს, რაკეტის მეორე საფეხური კი ხმელეთზე ბრუნდება.
”ვირჯინ გალაქტიკში” უკვე შექმნილია ქვეგანყოფილება, რომელმაც ახალი მზიდი რაკეტა უნდა შექმნას და მისი ტესტირების შემდეგ, კლიენტებთან ურთიერთობა დაამყაროს. თუმცა, საკუთარი თანამგზავრების წარმოებას, ბრიტანელ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის კომპანია არ აპირებს. ბრენსონის განცხადებით, ერთი 50-კილოგრამიანი თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება შემკვეთს 1 მილიონი დოლარი დაუჯდება. ეს მაშინ, დღეს ეს 10 მილიონი ღირს.
თანამგზავრების ორბიტაზე გატანის საქმეში ”ვირჯინ გალაქტიკის” პარტნიორი არაბული საინვესტიციო კომანია ”ააბარი” გახდება, რომელმაც კოსმოტურიზმის საქმეში უკვე დააბანდა 280 მილიონი დოლარი და ამის სანაცვლოდ, ამ ბიზნესში 32-პროცენტიანი წილი მიიღო. თანამგზავრების ბიზნესში ”ააბარი” 110 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
”ვირჯინ გალაქტიკს” უკვე დაწყებული აქვს მსოფლიოში პირველ კერძო კოსმოდრომ ”სპეისპორტ ამერიკას” მშენებლობა, ფრენების მართვის ცენტრი კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავარ ქალაქ აბუ დაბიდან განხორციელდება.

”შელი” პლანეტის უდიდეს გემს ააგებს

3 დეკემბერი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობ და გაზმომპოვებელი, ენერგეტიკული და ნავთობქიმიური გიგანტი ”შელი” მეგახომალდის აგებას გეგმავს, რომელიც ადამიანის მიერ ოდესმე შექმნილ გემებს შორის უდიდესი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გემის წყალწყვა ამერიკულ ატომურ ავიამზიდ ”ნიმიცისაზე” თითქმის 6-ჯერ მეტი იქნება.

მთვლელი 123