Friday, December 11, 2009

”ვირჯინ გალაქტიკი” ტურისტული კოსმომფრენი მზადაა
Virgin Galactic spaceplane
11 დეკემბერი

7 დეკემბერს, მოხავეს (Mojave, კალიფორნია) უდაბნოში მდებარე კოსმოპორტის ჰოლში, ბრიტანელი მილიარდერის, სერ რიჩარდ ბრენსონის კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკმა” საზოგადოებას თავისი კოსმომფრენი - ”სპეისშიპთუ” (კოსმოსური ხომალდი ორი, ანუ SS2) წარუდგინა.

რა თქმა უნდა, საზეიმო ცერემონიას შტატ კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერიც დაესწრო. პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, რომ კოსმომფრენის სატესტო ფრენები 2010 წელს შესრულდება. 2011 წელს კი, თუ ტესტებიდაგეგმილ რეჟიმში ჩატარდა, კომპანია ტურისტული ფრენების შესრულებასაც შეუდგება.
სუბორბიტულ ხომალდს VSS ენტერპრაიზი (ვირჯინ სპეის შიპ ენტერპრაიზი) უწოდეს. ის ნახშირბადოვანი ბოჭკოს კომპოზიტური მასალებისგანაა დამზადებული და სიმსუბუქით გამოირჩევა. მის ფრენას კი ჰიბრიდული სარაკეტო ძრავი უზრუნველყოფს. ხომალდის სიგრძე 18 მეტრი, ფრთაშლილობა კი 8.23 მეტრია, მაქსიმალური სიჩქარე კი - 4 200 კმ/სთ, ფრენის ჭერი კი დაახლოებით 110 კილომეტრი (ეს კოსმოსის მიჯნაა).
SS2-ის კონსტრუქცია არის განვითარება იმ ხომალდისა (SS1), რომელმაც რამდენიმე წლის წინ, კონკურსი X-პრაიზი და მასთან ერთად, 10 მილიონი დოლარი მოიგო. SS1 მოხავეში ბაზირებულმა კერძო კომპანია ”სქელდ კომპოზიტსმა” ააგო, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც ლეგენდარული ბარტ რუტანია. მისი კომპანია”ვირჯინ გალაქტიკის” კოსმოტურისტული კამპანიის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა (ტექნიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით).
ბარტ რუტანი (მარცხნივ) და სერ რიჩარდ ბრენსონი
........................................................................................
ხომალდის წარდგენის საზეიმო ცერემონიაზე, სერ რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ კოსმოსში გაფრენაზე მას შემდეგ ოცნებობს, რაც ადამიანმა პირველად შეძლო მთვარეზე ფეხის დადგმა.
”ვიცი, მსოფლიოში ათასობით ადამიანია, ვინც სიამოვნებით გაფრინდება კოსმოსში, რათა ხომალდის ილუმინატორიდან ჩვენი ლამაზი პლანეტა დაინახოს. ”ვირჯინ გალაქტიკი” სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ამ ხალხს ოცნების ასრულებაში დაეხმაროს”, - განაცხადა ბრენსონმა.
თუ SS1 მხოლოდ ერთ პილოტზე და ორი ადამიანის წონის ბალასტზე იყო გათვლილი, SS2 გაცილებით დიდი აპარატია. ის ორ პილოტსა და ექვს მგზავრს იტევს. ბრენსონი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც კოსმოსში ტურისტულ რეისს მგზავრის რანგში გაჰყვება.

ხომალდი SS2 ჰაერში მზიდ თვითმფრინავს, ორფიუზელჟიან ”უაითნაით2-ს” (თეთრი რაინდი 2) აჰყავს, რომელიც ასევე ”სქელდ კომპოზიტსის” მიერაა აგებული. SS2 ”თეთრი რაინდის” ფიუზელაჟებს შორის, მათს დამაკავშირებელ ფრთაზე, შუაში მაგრდება. ტანდემი ერთად ადის 16 კილომეტრის სიმაღლეზე და იქ ხდება SS2-ის გათავისუფლება. ხომალდი ჰაერშივე რთავს რაკეტას და კოსმოსისკენ იღებს გეზს.
სულ ფრენის ხანგრძლივობა (აფრენიდან დაჯდომამდე) 2-2.5 საათი იქნება. აქედან, პილოტები და მგზავრები უწონადობაში დაახლოებით 5-6 წუთს გაატარებენ, რის შემდეგაც, ხომალდი დაშვებას დაიწყებს.
ბრენსონის განცხადებით, დაახლოებით 300-მა ადამიანმა უკვე გამოთქვა კოსმოსის მიჯნაზე ტურისტულად ფრენის სურვილი და წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა. და მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანის ფრენის საფასური 200 000 დოლარია (ამაში შედის უმაღლესი დონის სამედიცინო შემოწმების და კოსმოპორტში გადაყვანის ხარჯები), ბრენსონი თვლის, რომ რაც უფრო მოახლოვდება რეისების დაწყების დრო, კოსმოსში ვოიაჟის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
”დღეისათვის კოსმოსში დაახლოებით 450 ადამიანს უმოგზაურია. ამ რიცხვში რუსები, ჩინელები და ამერიკელებიც იგულისხმებიან. და როცა აცნობიერებ, რომ ასე ცოტას ჰქონდა ამ საოცარი განცდის შეგრძნების საშუალება, ჩვენთან ერთად კოსმოსში ტურისტული რეისის შესრულება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. იმედი მაქვს, ტურისტული ფრენების დაწყებიდან 12 თვეში, ჩვენი წყალობით, ასტრონავტის საპატიო წოდებას მინიმუმ, 1 000 ადამიანი მიიღებს”, - ამბობს ბრენსონი.
SS2-ის სატესტო პროგრამა 18 თვე გაგრძელდება. მათი დასრულების შემდეგ, ”სქელდ კომპოზიტსი” 5 ცალ SS2-ს დაამზადებს, რომლებიც ფრენებს მორიგეობით შეასრულებენ. ”თეთრი რაინდი” კი სულ ორი ცალი დამზადდება. მომავალში, ეს თვითმფრინავი კომერციულ სატელიტებსაც დაეხმარება ორბიტაზე გასვლაში. ტურისტული ხომალდების აგება სულ 400 მილიონი დოლარი დაჯდება.
თუ პირველ SS2-ს ”ენტერპრაიზი” ჰქვია, მეორესთვის სახელად ”ვოიაჯერია” შერჩეული. რაც შეეხება ”თეთრ რაინდებს”, პირველს ბრენსონის დედის პატივსაცემად, ”ევა” ჰქვია, მეორესთვის კი ბრენსონს თავისი მეგობრის, სახელოვანი მოგზაურის, შარშან დაღუპული სტივ ფოსეტის სახელის დარქმევა სურს.
კოსმოსურ ხომალდ SS2-ის პრეზენტაციაში, შვარცენეგერის გარდა, შტატ ნიუ მექსიკოს გუბერნატორი ბილ რიჩარდსონიც მონაწილეობდა. მისი შტატი კოსმოპორტის მშენებლობის საქმეში 200 მილიონ დოლარს ხარჯავს. კოსმოპორტი ”ამერიკა” მოხავეს უდაბნოში, ორი შტატის - კალიფორნიისა და ნიუ მექსიკოს საზღვარზე შენდება. კოსმოპორტის კომპლექსს ექნება 3-კილომეტრიანი ასაფრენი ზოლი, ტურისტების მიმღები ტერმინალი და საფრენი აპარატების სერვისის ანგარი.
აღსანიშნავია, რომ ”ვირჯინ გალაქტიკს” სერიოზული კონკურენცია ელის ევროპული ”EADS-ასტრიუმისგან”, რომელიც კოსმოტურისტული ბიზნესისთვის თვითმფრინავ-რაკეტა ”როკეტპლეინს” ამზადებს. თუმცა ამ პროექტის შესახებ, პრესაში უკვე დიდი ხანის, არაფერი დაწერილა.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123