Friday, January 29, 2010

კოსმოსური ქვემეხი თანამგზავრებს ოკეანის ფსკერიდან გაისვრის

28 იანვარი

ჟიულ ვერნს ბევრი ოცნება ჰქონდა, რომელთაგან კაცობრიობამ ზოგიერთი განახორციელა, ზოგს კი მომავალში განახორციელებს. მისი ერთ-ერთი ოცნებათაგანი, რომელიც ადამიანისთვის ჯერჯერობით მიუწვდომლად რჩება, ქვემეხის მეშვეობით კოსმოსში, უფრო კონკრეტულად კი მთვარეზე გაფრენაა.

მართალია, ამერიკელი ინჟინრები უკვე მუშაობენ ისეთი ქვემეხის შექმნაზე, რომლითაც კოსმოსში თანამგზავრის გაშვება შესაძლებელი გახდება, მაგრამ ამ გზით ადამიანის ვოიაჟი მაინც შეუძლებელი იქნება - გატყორცნის მომენტში იმდენად დიდი გადატვირთვა წარმოიქმნება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ გაუძლებს. სამაგიეროდ, კოსმოსში ქვემეხის მეშვეობით სასარგებლო ტვირთის გაგზავნა უჩვეულოდ იაფი - კილოგრამი მხოლოდ 550 დოლარი (ეს სავარაუდო ფასია) დაჯდება.

ამერიკელი მეცნიერი და ინჟინერი, კომპანია ”ქვიკლონჩის” ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი ჯონ ჰანტერი თვლის, რომ გიგანტური ქვემეხის მეშვეობით, კოსმოსში სასარგებლო ტვირთის გაგზავნა სრულიად რეალურია. ოღონდ, მის მიერ შედგენილი პროექტით, ქვემეხის ლულის სიგრძე 1.1 კილომეტრი უნდა იყოს.

უფრო მეტიც, ქვემეხის ლულა თითქმის მთლიანად წყალში მოთავსდება. ოღონდ, ის ჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით იქნება დახრილი. მისი ქვედა ბოლო დაახლოებით 490 მეტრის სიმაღლეზე ”დაეკიდება” (დამხმარე ინფრასტრუქტურის მეშვეობით), მისი ზედა ბოლო კი ზღვის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ამოვა.

წყალშ ქვემეხის ლულის მოთავსება იმითაა ხელსაყრელი, რომ ასე, ის საკუთარი წონის გამო, არ გაიღუნება. ხმელეთზე კი ეს აუცილებლად მოხდებოდა. თანაც, წყალში დანადგარის ტრანსპორტირებაც გაცილებით იოლი იქნება და იაფიც დაჯდება.

ჟიულ ვერნს თავის ოცნებაში თავისი კოსმოსური ქვემეხის საწვავად დენთი წარმოედგინა. მაგრამ დენთის მუხტის გამოყენებით, სასურველი სიჩქარის მიღწევა შეუძლებელია (მუხტის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს). ამ საქმისთვის უფრო გამოსადეგი ეგრეთ წოდებული მსუბუქი გაზის ქვემეხებია, რომელშიც ჭურვს (თანამგზავრს) ბიძგს ჰელიუმი, ან წყალბადი აძლევს. სწორედ ასეთ ქვემეხზე მუშაობს კომპანია ”ქვიკლონჩი”.

უნდა ითქვას, რომ 1992-1995 წლებში, ჰანტერი ლოურენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტებს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდ მსუბუქგაზიან ქვემეხ SHARP-ზე (სუპერ ჰაი ალტიტუდ რისერჩ პროჯექტ) ტარდებოდა.

ჰანტერის ქვემეხის მარტივი სქემა: 1. ჭურვი, 2. სარქველი, 3. წვის კამერა, 4. წყალბადით სავსე სივრცე
...........................................

მაგრამ იმისათვის, რომ ჭურვის კოსმოსში გაშვება შესაძლებელი გახდეს, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. მაგალითად, ჰიპერბგერით სიჩქარეზე ჭურვის აეროდინამიკური მახასიათებლები, მასზე უზარმაზარი წნევის და ტემპერატურის ზემოქმედება და სხვა. ამიტომ, ჰანტერმა, უკვე ”ქვიკლონჩში” მუშაობისას, დანადგარს მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია ჩაუტარა. მან უარი თქვა დგუშზე. ახალ სისტემაში, გაზი სპეციალურ კამერაში იწვის, რომელიც მეორე, წყალბადით სავსე კამერაშია მოთავსებული. კამერებს შორის სითბოს გაცვლა შიდას კედლების საშუალებით ხდება, რის შედეგადაც, წყალბადის ტემპერატურა, ცელსიუსით 1430 გრადუსს აღწევს. და როგორც კი წნევა საჭირო მაჩვენებელს მიაღწევს, სპეციალური სარქველი იღება და (წყალბადის) გახურებული გაზიჭურვს მილში (ლულაში) გააქანებს.

როგორც კი ჭურვი მილიდან გამოიტყორცნება, მყისიერად ამოქმედდება სპეციალური სისტემა, რომელიც მილს კეტავს და ამგვარად, იქიდან წყალბადის გამოსვლას უშლის ხელს. ამგვარად, მინიმუმამდე მცირდება სამუშაო ტანის (წყალბადის) დანაკარგები. გასროლის შემდეგ, ხდება წყალბადის გაგრილება და შეკუმშვა და მას მომდევნო ”გასროლისთვის” ამზადებენ.

ჰანტერის და მისი თანამშრომლების გათვლებით, ”ქვიკლონჩის” ქვემეხით შესაძლებელი იქნება, კოსმოსში 450-კილოგრამიანი აპარატების 6 კმ/წმ სიჩქარით გატყორცნა. მართალია, გასროლის დროს, ჭურვზე მოქმედი გადატვირთვა 5 000 g-ს აღწევს, მაგრამ დღეისათვის სრულიად შესაძლებელია მცირე ზომის თანამგზავრების დამზადება, რომელთა ელექტრონული სისტემებიც ასეთ გადატვირთვებს გაუძლებს.

ამასთან, კოსმოსში თანამგზავრების გარდა, მეცნიერებს გაცილებით მარტივი ტვირთის ატანაც ხშირად უწევთ. მაგალითად, ხშირადაა საჭირო პილოტირებადი მისიებისთვის წყლის და საჭმლის მარაგის შევსება, თანამგზავრებისთვის კი საწვავის მიწოდება.

ჭურვი კოსმოსში დახრილი ტრაექტორიით უნდა გაიტყორცნოს, თუმცა მისი გარე კედლები ძლიერ გადახურებას ვერ მოასწრებს, რადგან ის ატმოსფეროს, გატყორცნიდან დაახლოებით 100 წამში დატოვებს. და მაინც, ჰანტერი ფიქრობს, რომ ჭურვის გარე ზადაპირის თერმოიზოლაციური ფენით დაფარვა აუცილებელი იქნება.

ქვემეხით გაშვებული აპარატი პირველ კოსმოსურ სიჩქარეს ატმოსფეროსა და კოსმოსის ზღვარზე, 100 კილომეტრის სიმაღლეზე მიაღწევს. ამ დროს, ჭურვს ავტომატურად მოეხსნება გარე გარსი და მაშინვე ჩაირთვება მინიატურული სარაკეტო ძრავი.

ის, რომ ატმოსფეროსა და კოსმოსის ზღვარზე, ჭურვის სიჩქარე პირველ კოსმოსურ სიჩქარეს მიაღწევს, ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1966 წელს დაამტკიცეს, როდესაც ექსპერიმენტული სუპერქვემეხ HARP-ით გაშვებულმა ჭურვმა (სერია მარტლეტ-ი), გასროლის სიმაღლის მსოფლიო რეკორდი დაამყარა - 180 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდი დღესაც უცვლელია.

HARP-ის ექსპერიმენტის დროს, ჭურვის წონა 84 კილოგრამს, მისი გარსის წონა კი 100 კილოგრამს იწონიდა. ლულიდან გამოტყორცნის მომენტში, მისმა სიჩქარემ 3.6 კმ/წმ შეადგინა. ექსპერიმენტის მთავარი მიზანი ის იყო, რომ შექმნილიყო ქვემეხით კოსმოსური აპარატების გაშვების ქმედითუნარიანი მეთოდი. მაგრამ სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური მიზეზების გამო, აღნიშნული პროექტი ადრეულ ფაზაში შეჩერდა.

და მაინც, ჰანტერი გაჩერებას არ აპირებს. მალე ის თავისი დანადგარის სამმეტრიან პროტოტიპს წყლით სავსე აუზში გამოსცდის. სრულმასშტაბიანი დანადგარის აგებას კი, მისი თქმით, თუ ამისათვის აუცილებელი სახსრები (500 მილიონი დოლარი) გამოინახა, შვიდი წელი დასჭირდება.

Friday, January 22, 2010

ევროპელები კოსმოსური ელექტროსადგურის აშენებას აპირებენ
21 იანვარი

დიდი ხანია, მსოფლიო მეცნიერები კოსმოსში ელექტროსადგურის აშენების პერსპექტივას განიხილავენ. ამ საქმეში ყველაზე მეტად, ამერიკელები და იაპონელები აქტიურობენ, თუმცა საქმეში უკვე ევროპელებიც ჩაებნენ - ამიერიდან, კოსმოსური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე მუშაობას ევროპული ასეროკოსმოსური კომპანია ”EADS ასტრიუმიც” იწყებს.

Thursday, January 21, 2010

ჩინეთში უსწრაფესი სარკინიგზო ტრანსპორტი ამოქმედდა
21 იანვარი

ჩინეთში ამიერიდან მსოფლიოში უსწრაფესი რკინიგზა მოქმედებს - ქალაქები გუანჯოუ და ვუჰანი ახალმა სარკინიგზო მაგისტრალმა დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც, ამიერიდან ათას კილომეტრზე მეტი მანძილის დაახლოებით სამ საათში გავლაა შესაძლებელი. ამ ქალაქებს ადრეც სწრაფი რკინიგზა აკავშირებდა, მაგრამ მისით მგზავრობას ათ საათზე მეტი სჭირდებოდა. ამიერიდან კი, არასაჰაერო გზით, თითქმის იმავე სისწრაფით შეიძლება მგზავრობა, როგორც თვითმფრინავით.

Friday, January 15, 2010

”ბურჟ ხალიფა” – 21-ე საუკუნის ბაბილონის კოშკი
15 იანვარი

2010 წლის 4 იანვრიდან, მსოფლიოს უდიდესი ნაგებობის წოდება, დუბაიში ახლახანს დასრულებულ გიგანტ ”ბურჟ ხალიფას” მიენიჭა. თანამედროვე არქიტექტურის ახალი შედევრის სრული სიმაღლე 828 მეტრია და ის 300 მეტრზე მეტით მაღალია ”ტაიპეი 101-ზე”, რომელიც მანამდე იყო მსოფლიოს უდიდესი ნაგებობა.

მთვლელი 123