Thursday, January 21, 2010

ჩინეთში უსწრაფესი სარკინიგზო ტრანსპორტი ამოქმედდა
21 იანვარი

ჩინეთში ამიერიდან მსოფლიოში უსწრაფესი რკინიგზა მოქმედებს - ქალაქები გუანჯოუ და ვუჰანი ახალმა სარკინიგზო მაგისტრალმა დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც, ამიერიდან ათას კილომეტრზე მეტი მანძილის დაახლოებით სამ საათში გავლაა შესაძლებელი. ამ ქალაქებს ადრეც სწრაფი რკინიგზა აკავშირებდა, მაგრამ მისით მგზავრობას ათ საათზე მეტი სჭირდებოდა. ამიერიდან კი, არასაჰაერო გზით, თითქმის იმავე სისწრაფით შეიძლება მგზავრობა, როგორც თვითმფრინავით.

მატარებლის საშუალო სიჩქარე 350 კმ/სთ-ს შეადგენს, ჩინეთის სარკინიგზო ტრანსპორტის მინისტრ ჯან შუგუანის თქმით, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 395 კმ/სთ-ს შეადგენს. მაგისტრალზე სულ 28 შემადგენლობა იმოძრავებს. პირველი კლასის ადგილით მგზავრობა 780 იუანი (დაახლოებით114 დოლარი), მეორე კლასით კი - 490 იუანი (დაახლოებით 72 დოლარი). გზად მატარებელი მხოლოდ ერთ ქალაქში - ჩანშაში ჩერდება.
ახალი მაგისტრალის დაპროექტებასა და მშენებლობაში, ჩინელების გარდა, იაპონელი და ევროპელი სპეციალისტებიც მუშაობდნენ. მსგავსი მაგისტრალები ევროპასა და იაპონიაში წლების განმავლობაში მოქმედებს. და თუ ადრე, უსწრაფესად იაპონური ”შინკანსენი” ითვლებოდა, შემდეგ ეს საპატიო წოდება ფრანგული რკინიგზის ხელში გადავიდა.

ახალი მაგისტრალი სულ რაღაც 4 წელიწადში აშენდა. მშენებლობის დაწყება 2005 წელს გადაწყდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სწრაფი რკინიგზა, ამ ორ ქალაქს შორის არსებული რეგიონის ეკონომიკის განვითარებას განაპირობებდა. გუანჯოუ სამხრეთ ჩინეთის საქმიანი ცენტრია და მას ქვეყნის სხვა რეგიონებთან დასაკავშირებლად, მარტო საჰაერო ტრანსპორტი აღარ ჰყოფნიდა.
ახალ მაგისტრალზე პირველი საცდელი რეისები, მგზავრების გარეშე, გასული წლის დეკემბერში შესრულდა, წლის ბოლოს კი უჰანიდან მგზავრებით სავსე მატარებელმა პირველად აიღო გეზი გუანჯოუსკენ.
უნდა ითქვას, რომ გუანჯოუ-უჰანის ხაზი, ამ ტიპის პირველი ჩინური მაგისტრალი არაა. პირველი ჩქაროსნული რკინიგზა პეკინსა და ტიანძინს შორის, 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ამოქმედდა. მისი აშენება ოლიმპიური პროგრამით იყო გათვალისწინებული. ოღონდ, მისი საშუალო სიჩქარე 300 კმ/სთ-ით შეიზღუდა. ჩქაროსნული რკინიგზა შანჰაისა და ჰონ კონგშიც მოქმედებს, ოღონდ, ის ხაზები ამ ქალაქებს მხოლოდ გარეუბნებთან აკავშირებს.

როგორც ვარაუდობენ, ჩინეთში ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის განვითარება, მნიშვნელოვნად შეამცირებს მოთხოვნას საჰაერო ტრანსპორტზე, რომელიც სიძვირის გარდა, დროითი ფაქტორის უპირატესობასაც კარგავს - როგორც წესი, აეროპორტები დიდი ქალაქების გარეუბნებში მდებარეობს და იქამდე მიღწევას დიდი დრო სჭირდება. სარკინიგზო სადგურები კი შიგ ქალაქებში მდებარეობს და ბუნებრივია, იქ მისაღწევად, დამატებითი ძვირადღირებული სატრანსპორტო სერვისის გამოყენება საჭირო არაა.
ცნობისათვის, ყველაზე სწრაფი სარკინიგზო შემადგენლობა საფრანგეთში, კომპანია TGV-მ შექმნა, რომლის ექსპერიმენტულმა მატარებელმაც, 2007 წელს, საცდელი რეისის დროს, არნახულად მაღალი მაქსიმალური სიჩქარე - 574.7 კმ/სთ განავითარა. თუმცა, საფრანგეთში მოძრავი ჩქაროსნული მატარებლების მაქსიმალური საშუალო სიჩქარე მხოლოდ 275 კმ/სთ-ია, იაპონიისა კი - 240 კმ/სთ.
სხვათა შორის, ჩინეთში მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ქვეყანაში სარკინიგზო ტრანსპორტის სწრაფი განვითარების მასშტაბური გეგმაა შემუშავებული, რომელიც ქვეყნის სარკინიგზო ქსელის საერთო სიგრძის 86-დან 120 ათას კილომეტრამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამასთან, ახალი მაგისტრალების დიდი ნაწილი ჩქაროსნული იქნება. და როცა ეს მოხდება, რკინიგზის საერთო სიგრძით, ჩინეთი ამერიკას გადაასწრებს და მსოფლიო ლიდერი გახდება.
უფრო მეტიც, სააგენტო სინჰუას ცნობით, 2020 წელს, ჩინეთის დიდი ქალაქების 70 პროცენტი ერთმანეთს ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზებით დაუკავშირდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123