Friday, January 15, 2010

”ბურჟ ხალიფა” – 21-ე საუკუნის ბაბილონის კოშკი
15 იანვარი

2010 წლის 4 იანვრიდან, მსოფლიოს უდიდესი ნაგებობის წოდება, დუბაიში ახლახანს დასრულებულ გიგანტ ”ბურჟ ხალიფას” მიენიჭა. თანამედროვე არქიტექტურის ახალი შედევრის სრული სიმაღლე 828 მეტრია და ის 300 მეტრზე მეტით მაღალია ”ტაიპეი 101-ზე”, რომელიც მანამდე იყო მსოფლიოს უდიდესი ნაგებობა.

ცათამბჯენი, რომელსაც მშენებლობის დასრულებამდე, ”ბურჟ დუბაი” ეწოდებოდა, 4 იანვარს, საზეიმოდ გაიხსნა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, შეიხ ხალიფა ბენ ზაიედ ალ ნაჰაიანის საპატივცემულოდ, ”ბურჟ ხალიფა” ეწოდა. გახსნის ცერემონიაზე, ადამიანის ხელით შექმნილი ეს ყველა დროის უმაღლესი ნაგებობა, მის მთელ სიმაღლეზე მაშხალებმა და ფეიერვერკებმა გაანათა.

ცათამბჯენის მშენებლობა 2004 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და ეკონომიკური კრიზისის გამო, დაგეგმილზე ერთი წლით გვიან დასრულდა. ”ბურჟ ხალიფას” 828 მეტრის სიმაღლეზე, 160 სართულია განლაგებული, ნაგებობის საერთო შიდა ფართობი კი 334 000 კვადრატული მეტრია. ცათამბჯენის მშენებლობა 1.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. სულ კი, არქიტექტურულ-ლანდშაფტური კომპლექსი, სახელად ”დაუნთაუნ დუბაი”, რომლის ერთ-ერთ ნაწილსაც ”ბურჟ ხალიფა” წარმოადგენს, 20 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
თუ მშენებლობის საწყის ეტაპზე, მასზე 2 000 ადამიანი იყო დასაქმებული, ბოლოსათვის, მომუშავეთა რაოდენობა 12 000-მდე გაიზარდა. ამასთან, ისინი 45 ქვეყნიდან იყვნენ და ადვილი წარმოსადგენია, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ მშენებლობის ხელმძღვანელები. აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით გერმანელი მენეჯერი უვე ჰინრიხსი, რომელიც სამშენებლო სამუშაოების მთავარი კოორდინატორი იყო:
”ამ პროექტის ოფიციალურ ენად, თავიდანვე ინგლისური გამოცხადდა. მაგრამ, ჩვენთან მუშაობდნენ ვიეტნამელები, ინდოელები, ბანგლადეშელები, პაკისტანელები, მალაიზიელები, სინგაპურელები, ჩილელები, პოლონელები, ყაზახები, ავსტრალიელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ამიტომ, მუშაობის პროცესში, ჩვენ თარჯიმნებსაც ვიყენებდით. ამასთან, ბევრი მენეჯერი ერთდროულად 3-4 ენასაც ფლობდა”.

მაგრამ მთავარი ენების ფლობის პრობლემა მაინც არ ყოფილა. ძირითად ამოცანას საკონსრტრუქტორო და ტექნოლოგიური ამოცანების გადაწყვეტა წარმოადგენდა. დაკიდევ, მშენებლობა კარგა ხნის დაწყებული იყო, მაგრამ მის შემსრულებლებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიმაღლე უნდა ჰქონოდა მსოფლიოს ახალ საოცრებას. აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით პროექტის მთავარი ინჟინერი უილიამ ბეიკერი:
”თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ შენობა ტაივანურ ცათამბჯენ ”ტაიპეი 101-ზე” ოდნავ მაღალი უნდა ყოფილიყო. მაგრამ პროექტზე მუშაობის პროცესში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გაცილებით მაღალი შენობის აგება შეგვეძლო”.
უფრო მეტიც, ჩიკაგოში ბაზირებული არქიტექტურულ-საინჟინრო კომპანია ”სკაიდმორ, ოუინგს ენდ მერილის” სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ იმ მომენტისთვისაც კი, როდესაც მშენებლებმა ”ბურჟ დუბაის” საძირკველის ამოყვანა დაასრულეს, შენობის სიმაღლის საკითხი კვლავაც ღიად რჩებოდა.

ეგ კიდევ არაფერი - ”ბურჟ ხალიფას” მზიდი სისტემის მშენებლობა დასრულებული რომ იყო, მისი სიმაღლის შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერაც გასაიდუმლოებულად რჩებოდა. თუმცა, იმ დროისთვის უკვე დარწმუნებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ცათამბჯენის სიმაღლე 800 მეტრს ასცდებოდა. თავიდან ლაპარაკი იყო 818 მეტრზე. შემდეგ 824.5 მეტრზე. საბოლოოდ კი შენობის კენწერომ 828 მეტრს მიაღწია.
რა თქმა უნდა, ესოდენ მაღალი შენობის აგებისას, არაერთი რევოლუციური საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტა გახდა საჭირო. ისევ უვე ჰინრიხსს მოვუსმინოთ:
”ამ მხრივ, საიდუმლოებათა მთელ რიგთან გვაქვს საქმე. მათგან ერთ-ერთი სტატიკაა. შენობის საფუძველს ერთგვარი სამფეხას მოყვანილობა აქვს. ასეთი ფორმის კონსტრუქცია უძველესი დროიდანაა ცნობილი და ის ჯერ კიდევ თანამედროვე ცივილიზაციის გარიჟრაჟზე იყო ცნობილი. მაგალითად, მეცხოველეობაში, სადაც მოსაწველ სკამებს მხოლოდ სამი საყრდენი ფეხი ჰქონდა. ეს სკამებს მაქსიმალურ მდგრადობას ანიჭებდა”. მართლაც, თუ ”ბურჟ ხალიფას” ზევიდან დავხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ მის საძირკველს ასო Y-ის ფორმა აქვს.
შენობა ოთხი შერწყმული საყრდენი სვეტისგან შედგება, რომელთაგან ერთი - ექვსწახნაგოვანი, რომელსაც უილიამ ბეიკერი საყრდენ ღერძს უწოდებს, ექვსწახნაგოვანია, დანარჩენი სამი კი ამ საყრდენი ღერძის გარშემო, სამქიმიან ვარსკვლავს ქმნის. საყრდენ ღერძში სალიფტე შახტები (შენობას სულ 54 ლიფტი ემსახურება) და ტექნიკური მომსახურების სათავსოებია განლაგებული. სხვათა შორის, საყრდენი ღერძი შენობას მთელ სიმაღლეზე მიჰყვება და გარშემოწერილობის ზომებსაც ბოლომდე ინარჩუნებს.
სიმაღლეში ზრდასთან ერთად, ”ბურჟ ხალიფა” სულ უფრო ვიწროვდება. ოღონდ, არათანაბრად. ჰინრიხსი გვიხსნის: ”დავიწროება ერთგვარი ტერასების გამოყენებით ხდება. ტერასების განლაგება გარკვეულ რიტმს ექვემდებარება. დავიწროება სპირალურად ხდება, რომელიც თითქოს, საათის ისრის საწინააღმდეგოდ, გარს უვლის კოშკს. ასეთი კონსტრუქცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შენობის გარსშემოდენილობას და ამცირებს აფრის ეფექტს: ჰაერის ნაკადები იყოფა და შენობას გარს უვლის”.
”ბურჟ ხალიფას” კიდევ ერთი საიდუმლო, მისი მშენებლობისას გამოყენებული ზემტკიცე, С80 კლასის ბეტონია. მაგრამ ემირატების გვალვიან გარემოში მისი გამოყენება პრობლემას უკავშირდებოდა. ჰინრიხსის თქმით, ამ ტიპის ბეტონის ჩასხმის და შრობის ოპტიმალური ტემპერატურა, 35 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს. მაგრამ დუბაიში, ტემპერატურა დღის განმავლობაში, 43-45 გრადუსის ფარგლებშია. ამის გამო, დღის განმავლობაში, ბეტონს არ ასხამდნენ, თუმცა, ღამითაც, ბეტონს გასაგრილებლად, ყინულს ურევდნენ.
როგორც ამბობენ, კარგ ამინდში ”ბურჟ ხალიფას” დანახვა 100 კილომეტრის სიშორიდან შეიძლება. მაგრამ რამდენი ხნით შეძლებს ეს გიგანტი მსოფლიო პირველობის შენარჩუნებას, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. ისევ ჰინრიხსს მოვუსმინოთ:
”ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ გაცილებით მაღალი შენობების აგებაც შეგვიძლია. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო, რომ ეს შენობაც უფრო მაღალი ყოფილიყო. მაგრამ ისმება კითხვა - ეკონომიკურად რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ეს? - აზრი არ აქვს ისეთი შენობის აგებას, რომელშიც ფართს არავინ იქირავებს. მეორე მხრივ, სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, ეს სიმაღლე ზღვარი სულაც არაა”.
სხვათა შორის, დღეისათვის უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც იმავე დუბაიში, ერთკილომეტრიანი ცათამბჯენის (სახელად ალ ბურჟ) აგებას ითვალისწინებს...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123