Wednesday, December 30, 2009

საჩუქრები, რომელთა ყიდვასაც ახალი წლისთვის ვერ შეძლებთ

30 დეკემბერი

ახალი წელი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის ერთნაირად სასურველი დღესასწაულია, რომლისთვისაც ადამიანების უმეტესობა საჩუქრებს, ან იმ ნივთებს ყიდულობს, რომლის ყიდვაც დიდი ხანია, სურდა. საჩუქრით და ახალი ნივთის ყიდვით კი ყველა ცდილობს, რომ დამდეგ წელს სიახლით შეხვდეს.

მაგრამ არსებობს რაღაც-რაღაცეები, რომელთა შეძენასაც ვერ შეძლებთ, თუ ძალიან მდიდარი ადამიანის შვილი არ ხართ, რომელიმე წარმატებული კომპანიის აქციების სოლიდურ პაკეტს არ ფლობთ, ნავთობსაბადო არ გეკუთვნით, ან კი, შუა საუკუნეებში, ოკეანეში ჩაძირული გემი და მასზე არსებული განძი არ აღმოგიჩენიათ.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, ყოველწლიურად, სხვადასხვა კომპანიები ახალ შედევრებს ამზადებენ, რომლებზეც ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ თვალი თუ დარჩება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს შედევრები უსაშველოდ ძვირი ღირს. აბა, მსოფლიოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ”ბუგატი ვეირონს” შეიძენს, უფრო ძვირს ჯიბის ტელეფონში გადაიხდის. ან კი, სათამაშოში, თუნდაც არაჩვეულებრივში, ათეულობით ათას დოლარს გაანიავებს? რა თქმა უნდა, არა!

რაღა ბევრი გავაგრძელოთ და დღეს ისეთ ტექნოლოგიურ შედევრებს გაგაცნობთ, რომლებიც წელს შეიქმნა და რომლებსაც მხოლოდ ძალიან მდიდრები თუ შეიძენენ, ან, ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური სახით არსებობს. ესე იგი, რომლებსაც საახალწლოდ ვერც საჩუქრად იყიდით და ვერც საკუთარი სიამოვნებისთვის:

1. კანადურმა კომპანია ”ემპერორ უორკსტეიშნმა” კომპიუტერული თამაშების ფანატებისთვის არაჩვეულებრივი მოწყობილობა დაამზადა, რომელ(და არა თან)ზე დაჯდომისთანავე, ამ სათამაშოს ნაწილი ხდები და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მას თავი დაანებო და სხვა რამეზე გადაერთო.

ჯდებით სავარძელში და ”ემპერორი” მაშინვე მყარად გაფიქსირებთ. მოწყობილობას უამრავი საშუალება (მაგალითად, სამი მონიტორი) აქვს იმისათვის, რომ თავი თამაშის გარემოში იგრძნოთ. რბოლაში მონაწილეობთ? მაშინ შემხვედრი ჰაერის ნაკადსა და მოსახვევის დროს გადატვირთვებს იგრძნობთ. ნუ, ნებისმიერი ავარია ყოველგვარი ფატალიზმის გარეშე ჩაივლის, მაგრამ თუ ჯუნგლებში რაიმე მისიას ასრულებთ და გაგიწვიმდათ, თქვენც დასველდებით. მოკლედ, კანადურმა კომპანიამ ისეთი სათამაშო შექმნა, რომელიც სინამდვილესთან უამრავი ეფექტით მაქსიმალურად მიგაახლოებთ.

მაგრამ ეს სათამაშო რომ 40 000 დოლარი ღირს?..

2. სატერფულებიანი ორადგილიანი წყალქვეშა ნავი როგორ მოგწონთ, რომელსაც გამჭვირვალე კოკპიტი აქვს? მოისვით გვერდზე თანამგზავრი და ათვალიერეთ წყალქვეშა სამყარო. მაგრამ ასეთი რამ ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და ამ მინი სუბმარინს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება აქვს. პროექტი კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაამუშავეს. მისი ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ აპარატის წარმოების შემთხვევაში, მისი ღირებულება 30 000-70 000 დოლარის ფარგლებში მოექცევა. საკმაოდ ძვირია, მგრამ არა იმდენად, რამდენიც აჟამად არსებული მინი წყალქვეშები ღირს...
3. ”ბუგატი ვეირონ 16.4 გრან სპორტი” ყველაზე სწრაფი ღია ავტომობილია მსოფლიოში - მისი მაქსიმალური სიჩქარე 407 კმ/სთ-ს აღწევს. კომპანია მას მხოლოდ 150 ცალს დაამზადებს, რომელთაგან, 40-ზე შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. ამ ავტომობილს ყველაზე მიუწვდომელს კი ის გარემოება ხდის, რომ ის 1.4 მილიონი ევრო ღირს...
4. მობილური 3 მილიონ დოლარად. რა სისულელეა? ამ ტელეფონს ლივერპულელი სტიუარტ ჰიუზი 10 თვის განმავლობაში აკეთებდა. ოსტატმა ბაზისად ”აიფონ 3G” გამოიყენა, რომელიც 271 გრამი ოქროთი და 136 ბრილიანტით (სულ 68 კარატით) მოავარაყა. ჰოდა, თუ ასეა, მაშინ მართლა ღირებულა 3 მილიონი. მაგრამ, ვის რად უნდა ასეთი ტელეფონი? მუშტარი ალბათ ახლო აღმოსავლეთში, არაბულ სამყაროში გამოინახება...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123