Thursday, December 3, 2009

”შელი” პლანეტის უდიდეს გემს ააგებს

3 დეკემბერი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობ და გაზმომპოვებელი, ენერგეტიკული და ნავთობქიმიური გიგანტი ”შელი” მეგახომალდის აგებას გეგმავს, რომელიც ადამიანის მიერ ოდესმე შექმნილ გემებს შორის უდიდესი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გემის წყალწყვა ამერიკულ ატომურ ავიამზიდ ”ნიმიცისაზე” თითქმის 6-ჯერ მეტი იქნება.

საზღვაო მონსტრი ფაქტობრივად, მცურავი ქარხანა იქნება, რომლის მთავარი დანიშნულებაც ზღვის ფსკერიდან ეგრეთ წოდებული ”მოცდენილი გაზის” მოპოვება და დამუშავება იქნება. ამ ტერმინით ნავთობმომპოვებელი კომპანიები იმ მცირე და ძნელად მისადგომ ბუდობებს მოიხსენიებენ, რომელთა ათვისებაც, მათი სიძვირის გამო, არარენტაბელურია - გაწეულ ხარჯებს ვერ აანაზღაურებს.
სწორედ ასეთი საბადოებია აღმოჩენილი ავსტრალიის ჩრდილო დასავლეთ სანაპირო ზოლში მდებარე შელფის საბადოები ”პრელუდი” და ”კონჩერტო”. ეს საბადოები საპორტო ქალაქ ბრუმიდან 475 კილომეტრითაა დაცილებული და ბუნებრივია, მათში არსებული რესურსის გადასაქაჩად, შესაბამისი სიგრძის მილსადენის ზღვის ფსკერზე ჩაწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო.
შესაბამისად, ქალაქში აშენდებოდა გაზის გადასამუშავებელი ქარხანა, რომელსაც დასჭირდებოდა უზარმაზარი ნავმისადგომი, რომლიდანაც, გადამუშავებულ გაზს, შესაბამისი დანიშნულების ტანკერები მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს მიაწვდიდნენ. მაგრამ გაზის მარაგის ამოწურვისთანავე, ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურა სრულიად უსარგებლო გახდებოდა.
”შელმა” კი მეტად ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო. ნვთობგიგანტის შეკვეთით შეიქმნა პროექტი FLNG (პრელუდ ფლოუტინგ ლიკვიფიდ გას პროჯექტ), რომელიც გიგანტური ხომალდ-ქარხნის აგებას ითვალისწინებს. ხომალდი საბადოების მახლობლად დრეიფისთვისაა განკუთვნილი და მოპოვებული გაზსიც მასზე მოთავსებულ ქარხანაში გადამუშავდება. ქარხანაში გაზი შეიკუმშება და სპეციალურ საცავებში მოთავსდება, იქიდან კი, დროდადრო ტანკერებში გადაიტვირთება.
გემი FLNG იმდენად დიდი იქნება, რომ ის ნებისმიერი სიძლიერის ქარიშხალსა და ტაიფუნსაც კი გაუძლებს. ამასთან, გემი ყოველთვის დანიშნულების ადგილზე დარჩენას მოახერხებს. და როდესაც საბადოს რესურსი სრულიად ამოიწურება, გემი ღუზას ამოიღებს და სხვა მსგავსი მცირე საბადოსკენ გაეშურება.
ამგვარად, მასზე მოთავსებული რთული ინფრასტუქტურაც კვლავ გამოსადეგი იქნება. რაც მთავარია, ხმელეთიდან დაშორებულ საბადოებზე გაზის მოპოვება რენტაბელური საქმე გახდება.
საპროექტო მონაცემებით, ხომალდ FLNG-ს სიგრძე 480 მეტრს, სიგანე 75 მეტრს მიაღწევს, მისი წონა კი 600 ათასი ტონა იქნება. გემი გაზის მოპოვებას 250 მეტრის სიღრმეზე შეძლებს, მისი საწარმოო სიმძლავრე კი წლიურად 3.5 მილიონი ტონა შეკუმშული გაზი იქნება.
ცნობისათვის, დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი მეგატანკერი ”ნოკ ნევისია”, რომლის სიგრძე 458 მეტრს, სიგანე 69 მეტრს, წონა კი 565 ათას ტონას შეადგენს. ამ ტანკერის მაქსიმალური წყალწყვა 825 ათას ტონას აღწევს. ეს მართლაც უზარმაზარი მცურავი საშუალებაა, მაგრამ დღეისათვის ის სტატიკურ მდგომარეობაში მუშაობს - სპარსეთის ყურეში დგას და სანაპირო ნავთობსაცავის მოვალეობას ასრულებს.
მცურავი გემებიდან, ყველაზე დიდი ზომები კონტეინერმზიდ ”ემა მაერსკს” აქვს, რომლის სიგრძე 397 მეტრი, სიგანე კი 56 მეტრია. მასზე ოდნავ პატარაა კონტეინერმზიდი ”ქსინ ლოს ანჯელესი”, რომლის სიგრძე და სიგანე შესაბამისად, 337 და 46 მეტრია.
ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა ხომალდ-ქარხნის სგების ვადები. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საბადოების - ”პრელუდისა” და ”კონჩერტოს” ასათვისებლად საჭირო ფინანსური სახსრები ჯერ მოძიებული არაა. თუმცა, ეს მოხდებოდეს, ”შელმა” კონტრაქტები გააფორმა კორეულ ”სამსუნგ ჰევი ინდასტრიზთან” და ფრანგულ ”ტექნიპთან”, რომლებიც გიგანტური გემის აგებას ითავებენ.
”შელს” იმედი აქვს, რომ კორეელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად, 15 წელიწადში რამდენიმე ასეთი გემის აგებას შეძლებენ.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123