Thursday, December 3, 2009

”ვირჯინ გალაქტიკი” ხელოვნურ თანამგზავრებსაც გაუშვებს

3 დეკემბერი

კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკი” ცნობილია იმით, რომ მსოფლიოში პირველი დაიწყებს კოსმოსური ტურიზმის ბიზნესს. ახლახანს კი კომპანიის ხელმძღვანელობამ ხელოვნური თანამგზავრების გაშვების სურვილიც გამოთქვა. უფრო მეტიც, გამოცხადდა, რომ ”ვირჯინ გალაქტიკი” თანამგზავრების გაშვებას2013 ან 2014 წელს დაიწყებს.
თანამგზავრების გაშვების პრინციპი იგივეა, რაც ტურისტული ფრენების შემთხვევაში - მზიდი თვითმფრინავი სახელწოდებით ”უაითნაით თუ”, ამ შემთხვევაში, კოსმოპლანის (სპეისშიპ თუ) ნაცვლად, ჰაერში თანამგზავრიან რაკეტას 15 კილომეტრის სიმაღლეზე აიტანს, სადაც მოხდება რაკეტის გათავისუფლება. ის ჰაერშივე აიღებს სტარტს და სასარგებლო ტვირთს დაბალ ორბიტაზე გაიყვანს.
რაკეტა ორსაფეხურიანია. პირველი საფეხური მზიდი თვითმფრინავიდან მოწყვეტის შემდეგ, სტარტის ასაღებადაა განკუთვნილი და მაშინვე სცილდება რაკეტის ძირითად ტანს, როგორც კი თავის მოვალეობას შეასრულებს. შემდეგ ირთვება მეორე საფეხური, რომელსაც თანამგზავრი, ან საკვლევი ლაბორატორია ორბიტამდე (400-800 კმ) გაჰყავს. როგორც კი მიზანს მიაღწევს, თანამგზავრი თავისუფლდება და დამოუკიდებელ ფრენას იწყებს, რაკეტის მეორე საფეხური კი ხმელეთზე ბრუნდება.
”ვირჯინ გალაქტიკში” უკვე შექმნილია ქვეგანყოფილება, რომელმაც ახალი მზიდი რაკეტა უნდა შექმნას და მისი ტესტირების შემდეგ, კლიენტებთან ურთიერთობა დაამყაროს. თუმცა, საკუთარი თანამგზავრების წარმოებას, ბრიტანელ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის კომპანია არ აპირებს. ბრენსონის განცხადებით, ერთი 50-კილოგრამიანი თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება შემკვეთს 1 მილიონი დოლარი დაუჯდება. ეს მაშინ, დღეს ეს 10 მილიონი ღირს.
თანამგზავრების ორბიტაზე გატანის საქმეში ”ვირჯინ გალაქტიკის” პარტნიორი არაბული საინვესტიციო კომანია ”ააბარი” გახდება, რომელმაც კოსმოტურიზმის საქმეში უკვე დააბანდა 280 მილიონი დოლარი და ამის სანაცვლოდ, ამ ბიზნესში 32-პროცენტიანი წილი მიიღო. თანამგზავრების ბიზნესში ”ააბარი” 110 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
”ვირჯინ გალაქტიკს” უკვე დაწყებული აქვს მსოფლიოში პირველ კერძო კოსმოდრომ ”სპეისპორტ ამერიკას” მშენებლობა, ფრენების მართვის ცენტრი კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავარ ქალაქ აბუ დაბიდან განხორციელდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123