Thursday, December 16, 2010

ბრიტანელებმა ანტარქტიკა ყველაზე სწრაფად გადაკვეთეს
16 დეკემბერი

სულ 303 საათი ეყოთ ბრიტანელ მოგზაურებს იმისათვის, რომ ანტარქტიკა სამხრეთ პოლუსის გავლით გადაეკვეთათ. ამ დროში მათ 1945.9 კილომეტრი გაიარეს და ყინულოვან კონტინენტზე მოგზაურობის სიჩქარის რეკორდი დაამყარეს.

სატრანსპორტო საშუალება - ერთგვარი თვითმავალი ციგა, ენთუზიასტთა ათკაციანი ჯგუფისთვის ინგლისურმა კომპანია ”ლოტუსმა” დაამზადა. აპარატის სახელწოდებაა ”ბიო-ინსპაირდ აის ვიჰაიქლ” (ბიო-შთაგონებით (შექმნილი) ყინულის მანქანა). ის ერთადგილიანია და სამ ერთგვარ თხილამურზე დგას, მამოძრავებელ ძალას კი ”ბეემვეს” წარმოების მოტოციკლის აგრეგატისგან ღებულობს, რომელიც საწვავად ბიოეთანოლს (E85) იყენებს. ძრავის სიმძლავრე 115 ცხენის ძალაა, მისი მეშვეობით კი 135 კმ/სთ სიჩქარის აკრეფაა შესაძლებელი.

სპეციალურად შემუშავებული საკიდარის მეშვეობით, აპარატს ურთულეს პირობებში გადაადგილება შეუძლია. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მისი გადატანა რამდენიმე ადამიანს თავისუფლად შეუძლია - ”ყინულის მანქანა” სულ რაღაც 360 კილოგრამს იწონის. მასში გამწევ ძალას უკან მოთავსებული ხრახნი ქმნის, რომელიც მოძრაობის საპირისპიროდაა შებრუნებული, თუმცა ფრთების დახრის წყალობით, გამწევ ძალას წინისკენ მიმართავს.
ექსპედიციაში, რომელსაც ”მუნ რიგან ტრანსანტარქტიკ იქსპედიშნ” ეწოდა, სულ სამი მანქანა შედიოდა. მათგან ორი მოდერნიზებული ვენი ”ფორდ E-სერის” იყო, რომლებსაც 6-6 ბორბალი აქვთ. ორივე მანქანა დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და ისინი ”ყინულის მანქანის” გამყოლებად გამოიყენება.

ექსპედიცია, რომელსაც ენდრიუ მუნი და ენდრიუ რიგანი ხელმძღვანლობენ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დანიშნულებას ატარებს და ის ჯერაც არ დასრულებულა. მან სტარტი სადგურ იუნიონთან აიღო და სამხრეთ პოლუსის გავლით, როსის ყინულოვან შელფს მიაღწია, რითაც ექსპედიციის პირველი ეტაპი დასრულდა. მომდევნო მიზანი, ისევ პოლუსზე, შემდეგ კი იუნიუნზე დაბრუნებაა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უკანა გზა გაცილებით რთული იქნება, რასაც ამინდის გაუარესება განაპირობებს. ანტარქტიკაზე ახლა ძლიერი ქარი ბობოქრობს, რომლის სიჩქარეც ხშირად 80 კმ/სთ-ს აღწევს. ქარის გამო, მანქანები თოვლით იფარება, მათს გაწმენდას კი დრო მიაქვს. თუმცა, ექსპედიციის მონაწილნი იმედოვნებენ, რომ უკანა გზას უფრო ჩქარა გაივლიან, რადგან მათ ამერიკული ექსპედიციის მძიმე ტრანსპორტით გატკეპნილ გზაზე მოძრაობა მოუწევთ, ეს კი საქმეს გააადვილებს.
მოგზაურობის გარდა, ექსპედიციის მიზანს ანტარქტიკის კლიმატის შესწავლა და გზადაგზა ყინულის სინჯების შეგროვებაც წარმოადგენს. ყინულის სინჯებში მეტალის ნაწილაკების შემცველობა შემოწმდება და დადგინდება, რამდენად ახდენს გავლენას ჩვენი პლანეტის სხვა რეგიონების დაბინძურება ანტარქტიკის გარემოზე.
დაბოლოს, ექსპედიციის ბოლომდე მიყვანის შემდეგ, მუნის და რიგანის ჯგუფი პირველი იქნება, რომელიც ყინულოვან კონტინენტს ავტომობილებით ”იქით-აქეთ” გადალახავს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123