Thursday, December 9, 2010

ჩინურმა მატარებელმა სიჩქარის რეკორდი მოხსნა
Chinese Train Breaks Speed Record
9 დეკემბერი

ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ყველაზე სწრაფად მზარდი საავტომობილო ბაზარი და... ყველაზე სწრაფი მატარებელი - ლაპარაკი ჩინეთზეა. ამიერიდან, სწორედ ჩინეთშია ყველაზე სწრაფი მატარებელი. დიდი ხანია, ცისქვეშეთელებს ამ მიზნის მიღწევა სურდათ და როგორც იქნა, მასაც მიაღწიეს.

სააგენტო სინჰუას ინფორმაციით, სრულიად ახალმა ჩინურმა მატარებელმა, სახელად CRH380, 481.1 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. სხვათა შორის, წინა რეკორდიც ჩინელებს ეკუთვნოდათ. ის რეკორდი 1318-კილომეტრიან ტრასაზე დამყარდა, რომელიც პროვინცია შანდონის ქალაქ ზაოჟუანსა და პროვინცია ანჰუის ქალაქ ბენბუს აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეკორდი სპეციალურად მომზადებული მატარებლით არ დამყარებულა. რეკორდსმენი მატარებელი მალე სერიული რეისების შესრულებას შეუდგება. ჩინეთის მთავრობას სურს, რომ ჩქაროსნულმა მატარებლებმა მნიშვნლოვნდ განტვირთოს საჰაერო ტრაფიკი. ამიტომ, ჩქაროსნული რკინიგზის ქსელის გაფართოებას ყველანაირად უწყობს ხელს.

მაგალითად, ერთი წლის წინ, ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 17 მილიარდი დოლარი დახარჯა ახალი ექსპრეს ხაზის ასაგებად, რომელსაც ”ჰარმონია” ეწოდა. პარალელურად, 2.4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა ფრანგების მიერ დაპროექტებული სარკინიგზო სადგურის მშენებლობაზე, რომელსაც 11 ბაქანი და 20 ხაზი აქვს.
ჩინეთის სწრაფად მზარდი ეკონომიკის განვითარებაში, სარკინიგზო ქსელი დიდ როლს ასრულებს. რკინიგზა ხელს უწყობს არამხოლოდ საჰაერო, არამედ საავტომობილო მაგისტრალების განტვირთვას. ცნობისათვის, სულ ახლახანს, ერთ-ერთ ჩინურ ავტო მაგისტრალზე წარმოიქმნა საცობი, რომლის სიგრძემაც 100 კილომეტრს მიაღწია.
დღეისათვის, ჩინეთი უკვე არის მსოფლიოში უდიდესი სწრაფი სარკინიგზო ქსელის მქონე ქვეყანა. მაგრამ მთავრობას ეს არ აკმაყოფილებს და ამ ქსელის კიდევ უფრო განვითარებას ცდილობს. თავისი დიდი ინდუსტრიული ქალაქების სწრაფი რკინიგზით დასაკავშირებლად, ჩინეთის მთავრობას 2020 წლამდე, დაახლოებით 16 000 კილომეტრის საერთო სიგრძის მქონე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123