Wednesday, January 26, 2011

იტალიელებმა ცივი სინთეზი შეძლეს
26 იანვარი

პროფესორი ფოკარდი (მარცხნივ) და ინჟინერი როსი
..............................
სიტყვებს ”ცივი სინთეზი”, ბევრი ცნობილი მეცნიერი ამრეზით უყურებს. ბევრს ამ სიტყვების გაგონებაზე ეცინება და ასე განსაჯეთ, ამ თემაზე სტატიებს არც სამეცნიერო გამოცემები აქვეყნებენ, ბევრი კი ცივ სინთეზს ისევე უყურებს, როგორც მუდმივ ძრავს. მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობენ მეცნიერები, რომლებსაც ცივი სინთეზი განხორციელებად პროცესად მიაჩნია და ამ თემაზე ექსპერიმენტებსაც ატარებს.

ოპტიმისტთა შორის არიან ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტის მეცნიერები - ანდრეა როსი და სერჯო ფოკარდი, რომლებმაც კოპაქტური მოწყობილობა შექმნეს და როგორც თავად ირწმუნებიან, მასში ცივი სინთეზი განახორციელეს. ექსპერიმენტის დროს, რომელსაც რამდენიმე ადგილობრივი მეცნიერი და 50-მდე ჟურნალისტი დაესწრო, ნიკელის და წყალბადის სინთეზი მოხდა, რის შედეგადაც სპილენძის იზოტოპი და სითბო მიიღეს.

როსი ექსპერიმენტს განმარტავს
..............................
რეაქტორს ექსპერიმენტი ბოლონიის ერთ-ერთ ქარხანაში ჩაუტარდა. ბოლონიის უნივერსიტეტიდან მიწვეული რამდენიმე პროფესორი ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებული არაა. მათ უნდა დაედასტურებინათ, რომ დანადგარი რეალურად მუშაობს.
როსის განცხადებით, სინთეზის ჩასატარებლად, დანადგარი 600-700 ვატ ელექტროენერგიას მოიხმარს და 10-12 კილოვატს გამოჰყოფს. ექსპერიმენტის დროს, ელექტროენერგიას დანადგარი საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან ღებულობდა, გამოსავალი კი სითბური ენერგია იყო, რომელიც წყლის ასაორთქლებლად იხარჯებოდა. რა თქმა უნდა, პროექტის ავტორებს დანადგარის მუშაობის ზუსტი სქემა არ განუმარტავთ.

ექსპერიმენტი
..............................
დანადგარის ეფექტურობას, დამსწრე მეცნიერები აორთქლებული წყლის მეშვეობით აფასებდნენ, რომელსაც ექსპერიმენტამდე ოთახის ტემპერატურა ჰქონდა. ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ გამომუშავებული ენერგია გაცილებით მეტია იმ ენერგიაზე, რომელსაც დანადგარი მუშაობისას იყენებს.

აპარატი ზოგადად ასე მუშაობს: ლითონის მილში, რომელსაც ელექტრო გამათბობელი აქვს, ნიკელის ნანოფხვნილი და წყალბადის მსუბუქი (ჩვეულებრივი) იზოტოპი თავსდება. მილში წნევა 80 ატმოსფეროს დონეზეა. გახურების დროს (ტემპერატურა არ დაზუსტებულა), როგორც ექსპერიმენტის ავტორები ირწმუნებიან, წყალბადის მოლეკულების ნაწილი ატომებად იშლება, რომლებიც ნიკელთან ბირთვულ რეაქციაში შედის.
რეაქტორში სამუშაო ტანი 1000 გრადუსამდეც რომ ხურდებოდეს, ბირთვული სინთეზის პირობებისთვის, ეს მაინც ისეთივე ყინვაა, როგორიც მარსზე ზამთარში იცის. სწორედ ამიტომ, დანადგარს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ცივი სინთეზის რეაქტორი. მართალია, რეაქციაში ნიკელიც და წყალბადიც მხოლოდ ნაწილობრივ შედის, მაგრამ დანადგარის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მასში სწორედ ბირთვული რეაქცია მიმდინარეობს. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ რეაქციის შემდეგ, მილში იმაზე მეტი სპილენძი აღმოაჩინეს, რაც შეიძლებოდა ნიკელის ფხვნილში ყოფილიყო. რა თქმა უნდა, რეაქციის ყველაზე ნათელი დასტური გამოსხივებული სითბოა. დაკიდევ, რეაქციის შემდეგ, მილში წყალბადის შემცველობა შემცირებულია.
ცივი სინთეზის შესახებ ჰიპოთეზები, ექსპერიმენტის დამსწრე პროფესორთა შეფასება, ექსპერიმენტის ანალიზი და დანადგარის შესახებ ჩატარებული დისკუსია, ფოკარდიმ გამოცემა ”ჯორნელ ოფ ნუკლეარ ფიზიკსში” გამოაქვეყნა, რომლის კონსულტანტიც თავადაა. სკეპტიკოსებს ის იმით ამშვიდებს, რომ როსისთან ერთად, მათ მიერ შემუშავებული დანადგარის სერიული წარმოების დაწყებას აპირებს და თვლის, რომ ბაზარი ყვლაზე უკეთ შეაფასებს მათს შრომას.
სხვათა შორის, პროექტის ავტორები აღიარებენ, რომ რეაქტორის მოქმედების ზოგიერთი ასპექტი თავადაც ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული. არც რეაქტორის მუშაობის თეორიაა შემუშავებული. თუმცა მთავარია, რომ ის მუშაობს. უფრო მეტიც, როსი ამბობს, რომ დანადგარის სერიული წარმოება მალე დაიწყება. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდეს, მეცნიერები დიდ ექსპერიმენტს ამზადებენ, რომელშიც მათ რამდენიმე პარტნიორი დაეხმარება. ამჯერად ისინი მეგავატი სიმძლავრის დანადგარს ქმნიან, რომელიც 125 მოდულისგან აიწყობა.
როსი და ფოკარდი ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შემუშავებული რეაქტორის მიერ გამომუავებული ელექტროენერგია გაცილებით იაფი იქნება იმ ენერგიაზე, რომელსაც თბოსაფგურები ნახშირისა და გაზის წვის შედეგად გამოიმუავებენ.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123