Wednesday, October 24, 2012

უჯრედის რეცეპტორის კვლევამ ქიმიის ნობელი მოიგო

Cell receptor research wins Americans chemistry Nobel
24 ოქტომბერი

ქიმიაში ნობელის 2012 წლის პრემია ორ ამერიკელ მეცნიერს (კარდიოლოგს) - 69 წლის რობერტ ლეფკოვიცს და 57 წლის ბრაიან კობილკას მიენიჭა. მათ აღმოაჩინეს ცილების ახალი კლასი, ეგრეთ წოდებული GPCR რეცეპტორები, რომლებიც GT-ფაზებითაა (G-ცილებით) შეკრული. უფრო გასაგებად, ესაა ცილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, ვიგრძნოთ გემო და სუნი, აბალანსებენ გულისცემას, გვიცავენ სტრესულ სიტუაციებში და სხვა.
ლეფკოვიცის და კობილკას მიერ აღმოჩენილი რეცეპტორები (G-ცილები) მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეცეპტორებია. მათი გააქტიურების შედეგად, მოქმედებას იწყებს შიდაუჯრედოვანი სასიგნალო კასკადი, რომელიც სპეციფიკური გენების მუშაობის ცვლილებას იწვევს. GPCR ტიპს მიეკუთვნება ადრენალინის რეცეპტორები. ესენი შეადგენს იმ რეცეპტორების დაახლოებით 40 პროცენტს, რომლებზეც თანამედროვე წამლები მოქმედებს.

ახალ წამლებზე მუშაობისას, ფარმაკოლოგები სწორედ იმ გზებს ეძებენ, რომლებიც მათ ამ რეცეპტორებზე უფრო ეფექტურად ზემოქმედების საშუალებას მისცემს. თანაც ისე, რომ მინიმუმზე იქნას დაყვანილი გვერდითი მავნე ეფექტები. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ შესრულებული კვლევა, უფრო ეფექტური წამლების შემუშავების საშუალებას იძლევა.
GPCR ტიპის რეცეპტორები, ბევრ დაავადებასთანაა დაკავშირებული, რადგან ისინი ორგანიზმში მიმდინარე ბევრ ბიოლოგიურ პროცესში მონაწილობენ. მაგრამ ისეთი წამლების შემუშავება, რომლების სამიზნეც მხოლოდ აღნიშნული რეცეპტორები იქნება, ძალიან ძნელია. ამის მიზეზი ისაა, რომ კარგად არაა შესწავლილი მათი ფუნქცია. 

წამლებს, რომლების სამიზნეც GPCR-რეცეპტორებია, ისეთი დაავადებების წინააღმდეგ მოქმედების პოტენციალი გააჩნია, როგორებიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის, გულის დაავადებები, ანთებითი პროცესები და მეტაბოლური აშლილობები.
შვედეთის უპსალას უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიაში, იოჰან აქვისტი ამბობს, რომ იმ 1400-მდე წამლიდან, რომლებიც მსოფლიოში არსებობს, 1000 პატარა ტაბლეტების სახით გამოდის და მათი უმეტესობის მოქმედება სწორედ GPCR ტიპის რეცეპტორებს უკავშირდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123