Monday, October 15, 2012

ფელიქს ბაუმგარტნერი - ბგერაზე სწრაფად მფრინავი ავსტრიელი (ვიდეო)


Felix Baumgartner breaks record for high-altitude skydiving
15 ოქტომბერი
„ხანდახან ძალიან მაღლა უნდა ახვიდე იმისათვის, რომ კარგად გააცნობიერო, რამდენად პატარა ხარ“, - ნათქვამი აქვს ფელიქს ბაუმგარტნერს, ვინც კვირას, ოთხი წარმოუდგენელი რეკორდის ავტორი გახდა, რითაც კაცობრიობის ისტორიაში, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.

კვირას, 14 ოქტომბერს, ხუთწლიანი თავდაუზოგავი ვარჯიშებისა და მზადების შემდეგ, ბაუმგარტნერი გახდა პირველი ადამიანი, ვინც თავისუფალი ვარდნისას, ბგერის სიჩქარეზე მეტი (1342.8 კმ/სთ, ანუ 1.24 მახი) განავითარა. მან ნახტომი 39.045 მეტრის სიმაღლიდან შეასრულა, ანუ 2.4 კილომეტრით უფრო მაღლიდან, ვიდრე გეგმით იყო გათვალისწინებული.
სარეკორდო ნახტომის შესასრულებლად, ბაუმგარტნერმა და ავსტრიულ კომპანია „რედ ბულის“ გუნდმა, სახელწოდებით „რედ ბულ სტრატოს“, აშშ-ის შტატ ნიუ მექსიკოს ქალაქ როზუელის გარეუბანი შეარჩიეს. ნახტომი რამდენიმე დღით ადრე უნდა შესრულებულიყო, მაგრამ არასტაბილური ამინდის გამო, ეს ვერ მოხერხდა. 39 კილომეტრის სიმაღლეზე (აქედან იწყება კოსმოსის საზღვარი) აეროსტატით ასვლას დაახლოებით ორსაათნახევარი დასჭირდა.
ესოდნ დდ სიმაღლეზე ასასვლელად, „რედ ბულ სტრატოსმა“ სპეციალურად, სუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან დამზადებული კაპსულა გამოიყენა, რომელშიც სპეციალური გარემო შექმნეს და რომელიც ბაუმგარტნერს სიმაღლის აღებისას სიცივისგან იცავდა და ჟანგბადით უზრუნველყოფდა. ჰერმეტულ კაპსულაში წინასწარ ისეთი გარემო შექმნეს, როგორიც ზღვის დონიდან 4877 მეტრის სიმაღლეზეა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ბაუმგარტნერი დაცული ყოფილიყო დკომპრესიული დაავადებისგან, რაც სწრაფი აღმასვლის დროს იყო მოსალოდნელი.
ივლისში, საცდელი ხტომების შემდეგ, რომლებიც გაცილებით დაბალი სიმაღლიდან შესრულდა, დაშვებისას კაპსულა დაზიანდა, თუმცა „რედ ბულის“ გუნდმა ის შეაკეთა. სიმაღლეზე ასვლა სპეციალური, გიგანტური აეროსტატით განხორციელდა, რომლის სიმაღლეც 55-სართულიანი სახლისას უტოლდებოდა. მისი გარსი პოლიეთილენისგანაა დამზადებული და ის ჰელიუმით ივსება. აეროსტატითითქმის 850 000 კუბურ მეტრ ჰელიუმს იტევს. ასეთი უზარმაზარი გაბარიტების მიუხედავად, აეროსტატის გარსის სისქე სულ რაღაც 0.02 მილიმეტრია. ეს დაახლოებით იმდენივეა, რა ადგილსაც სისხლის სამი უჯრედი დაიკავებს, თუ მათ ერთმანეთის მიყოლებით დაალაგებთ. პირველი ასვლის შემდეგ, რომელიც უამინდობის გამო ნახტომით არ დასრულდა, ქარმა აეროსტატი მიწაზე დაანარცხა და გაანადგურა. ბედად, „რედ ბულ სტრატოსს“ სათადარიგო აეროსტატიც ჰქონდა.
აღმასვლას, როგორც ზემოტაც ითქვა, დაახლოებით 2.5 საათი დასჭირდა. სასურველ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ, ბაუმგარტნერმა ბოლო შემოწმება ჩაუტარა თავის ეკიპირებას, რომელშიც სკაფანდრთან და პარაშუტთან ერთად, დანაც შედიოდას, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი პარაშუტის თოკების გადაჭრას შესძლებდა. შემდეგ ის ერთგვარ „აივანზე“ გადმოდგა და რამდენიმე წამში გადმოხტა.
გაუხშოებული ჰაერის პირობებში, ბაუმგარტნერმა სწრაფად აკრიფა სიჩქარე, მაგრამ მალე ტრიალი დაიწყო, რაც ძალიან სახიფათო იყო. ინსტრუქციით, სამუხრუჭე პარაშუტი უნდა გაეხსნა, რაც სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა. ამ შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა ზებგერითი სიჩქარის განვითარება. ბედად, ავსტრიელმა მალევე აღკვეთა ტრიალი და არც სამუხრუჭე პარაშუტის გახსნა დასჭირდა. ფრენის დროს, მისი ჩაფხუტის შუშა დაინისლა და მოიყინა, თუმცა ამას მისთვის ხიფათი არ შეუქმნია.
თავისუფალი ვარდნის 30 წამის შემდგ, ბაუმგარტნერმა ზებგერითი სიჩქარე (1342.8 კმ/სთ, ანუ 1.24 მახი) განავითარა. ვარდნამ 4 წუთსა და 20 წამს გასტანა. და ესეც რეკორდული მაჩვენებელია. ასე დიდხანს, სამუხრუჭე პარაშუტის გაუხსნელად, მანამდე არავის უფრენია. დაახლოებით 2400 მეტრის სიმაღლეზე, ბაუმგარტნერმა პარაშუტი გახსნა და მალევე მიწაზე დაეშვა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ის მუხლებზე დაეშვა და მაშველებს დაელოდა.
მაშ ასე, ერთი ნახტომით, ფელიქს ბაუმგარტნერმა ერთდროულად ოთხი რეკორდი დაამყარა. 1. აეროსტატით რეკორდულ სიმაღლეზე (39.045 მეტრი) ავიდა; 2. პარაშუტის გარეშე რეკორდული სიმაღლიდან (39.045 მეტრი) გადმოხტა; 3. თავისუფალი ვარდნისას, მექანიკური დახმარების გარეშე, უმაღლესი სიჩქარე (1342.8 კმ/სთ) განავითარა; 4. პარაშუტის გარეშე, თავისუფალი ვარდნისას ყველაზე დიდხანს (4 წუთსა და 20 წამს) იფრინა. ცნობისათვის, მანამდე აეროსტატით ასვლის მაქსიმალური სიმაღლე 34 668 მეტრი იყო; ყველაზე მაღალი ნახტომი 31 090 მეტრის სიმაღლიდან შესრულდა და თავისუფალი ვარდნისას ყველაზე მაღალი სიჩქარე 988 კმ/სთ იყო.

აღსანიშნავია, რომ ბაუმგარტნერმა თავისი ზებგერითი ვარდნა პირველი ზებგერითი ფრენიდან 65 წლის შემდეგ შეასრულა. პირველად სამხედრო თვითმფრინავით ბგერის სიჩქარეს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავმა, შემდგომში გენერლის წოდებამდე დაწინაურებულმა ჩაკ იეგერმა, სწორედ 65 წლის  წინათ შეასრულა. მან ეს კომპანია „ბელის“ წარმოების, რაკეტული ძრავით აღჭურვილ ექსპერიმენტულ თვითმფრინავ X-1-ით შეძლო, რომელსაც მეტსახელად „გლამორუს გლენისი“ უწოდეს.
სხვათა შორის, პირველ ზებგერით ფრენამდე ორი დღით ადრე, ცხენით ჯირითობისას, იეგერი დაცემულა და ორი ნეკნი მოუტეხია, თუმცა იმის შიშით, რომ ფრენიდან მოხსნიდნენ, ცოლის და მეგობრის მეტს არავის გაუმხილა თავისი გასაჭირი. მეგობარი ჯეკ რიდლი იყო და იეგერის მოუმზადებლობის შემთხვევაში, სწორედ მას ერგებოდა ფრენის პატივი. იეგერს ისეთი ტკივილები ჰქონია, რომ თვითმფრინავის კოკპიტში დამოუკიდებლად ჩაჯდომა ვერ მოახერხა. რიდლიმ სპეციალური მოწყობილობა გამოიყენა, რომ იეგერს კოკპიტის ჰერმეტიზაცია მოეხერხებინა. ამისათვის კი ცოცხის ბოლო გამოიყენა...


ბაუმგარტნერი ირწმუნება, რომ მისი ნახტომი მხოლოდ სახიფათო ტრიუკი არ იყო და რომ მისი ფრენისას მიღებული მონაცემები, რომელთა გამოყენებითაც, შესაძლებელი იქნება ისეთი სისტემების შექმნა, რომლებსაც ასტრონავტები, კოსმოსური ხომალდის გაშვების შემდეგ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ. პროექტის მონაწილე მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასეთი ინფორმაცია, ასტრონავტებს კოსმოსური ხომალდების, „ჩელენჯერის“ და „კოლამბიას“ დაღუპვის თავიდან აცილების საშუალებას მისცემდა. გარდა ამისა, ამავე ინფორმაციას, კომერციული კოსმოსური ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ.


ვიდეო

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123