Wednesday, October 24, 2012

ნობელი ზრდასრულთა ღეროვანი უჯრედების შესწავლისთვის (მედიცინა)

UK, Japan scientists win Nobel for adult stem cell discovery
23 ოქტომბერი

ბრიტანელმა და იაპონელმა მეცნიერებმა, 79 წლის ჯონ გარდონმა (კემბრიჯის ინსტიტუტი, ბრიტანეთი) და 50 წლის შინია იამანაკამ (კიოტოს უნივერსიტეტი, იაპონია), რომლებმაც ისეთი ქსოვილის შექმნის მეთოდოლოგია შეიმუშავეს, რომელსაც ემბრიონის უჯრედებივით მოქმედება შეუძლია, მედიცინაში ნობელის პრემია დაიმსახურეს. ამ მეთოდის გამოყენებით, ემბრიონული უჯრედების გამოუყენებლად, ემბრიონის მსგავსი უჯრედებით, დაზიანებული ორგანოების, მაგალითად ტვინის, გულის და სხვათა ქსოვილების აღდგენაა შესაძლებელი.

ორი მეცნიერი, მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში აღიარებისთვის, ნობელის პრემიას - 1.2 მილიონ დოლარს გაიყოფს. გარდონმა თავისი კვლევა 50 წლის წინათ დაიწყო. იამანაკამ კი ის 2006 წელს კონკრეტული მიღწევით დააგვირგვინა, რომლის შედეგადაც, „რეგენერაციული მედიცინის“ გამოყენებით, დაზიანებული ქსოვილების აღდგენა მოახერხა.


„ამ ფუნდამენტური აღმოჩენებით, ჩვენი წარმოდგენა უჯრედების განვითარებასა და სპეციალიზაციაზე ძირეულად შეიცვალა“, - ნათქვამია სტოკჰოლმის სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის განმარტებაში.
ცნობილია, რომ სხეულის ნებისმიერი ნაწილის განვითარება, ღეროვანი უჯრედებიდან იწყება. ამ პროცესში, აღნიშნული უჯრედები თავისი „პროფილის“ შესაბამისად, კანის, სისხლის, ნერვების, კუნთების, ორგანოების და ძვლის უჯრედებად ყალიბდება. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ ღეროვანი უჯრედებით, რომლებსაც ხშირად სამშენებლო უჯრედებსაც უწოდებენ, ნებისმიერი ორგანოს დაზიანებული ქსოვილის აღდგენაა შესაძლებელი. მაგალითად, როგორც ზურგის ტვინის ტრავმების, ასევე პარკინსონის დაავადების განკურნება.
ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედების სამკურნალოდ გამოყენება შეუძლებელი იყო. რეგენერაციისთვის კი მხოლოდ ემბრიონიდან აღებული ღეროვანი უჯრედები გამოდგებოდა. ანუ, ასეთი უჯრედების მისაღებად, ემბრიონის დაზიანება და განადგურება აუცილებელი იყო, რაც ასეთი კვლევებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა. ბევრგან ემბრიონის უჯრედებზე ექსპერიმენტები აიკრძალა კიდეც.

1962 წელს გარდონმა პირველმა განახორციელა ცხოველის კლონირება. მან ბაყაყის და თავკომბალას უჯრედებით კლონირების შედეგად, ახალი თავკომბალას კლონირება მოახერხა. ამით მან იმის დემონსტრირება შეძლო, რომ ზრდასრული ორგანიზმების უჯრედები იმ ინფორმაციის მატარებლებია, რომლის გამოყენებითაც, სხეულის ყველა უჯრედის შექმნა შეიძლება. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, პირველი ძუძუმწავარა ცხოველის კლონირებაც მოხერხდა და შედეგად, ცხვარი დოლი დაიბადა.
გავიდა 40 წელზე მეტი და იაპონელმა მეცნიერმა, მცირე რაოდენობით გენების დამატებით, ზრდასრული თაგვის კანის უჯრედებისგან, თაგვის ღეროვანი უჯრედები მიიღო. მისმა აღმოჩენამ აჩვენა, რომ ზრდასრული ორგანიზმიდან შეიძლება ისეთი უჯრედების შემუშავება, რომლებიც ემბრიონის უჯრედებივით იმოქმედებს, ანუ სამშენებლო ფუნქციას შეასრულებს. არსებობს შანსი იმისა, რომ თერაპიული დანიშნულებით, ღეროვანი უჯრედების მიღება, პაციენტის ორგანიზმიდანვე იქნება შესაძლებელი და ამ შემთხვევაში, პაციენტის ორგანიზმი ასეთ სამკურნალო უჯრედებს აღარ უარყოფს და ისინი არ გადაგვარდებიან.
ზრდასრული ორგანიზმიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების თერაპიული მიზნით გამოყენება ჯერ კარგად შესწავლილი არაა. არსებობს შიში, რომ იმპლანტირებული უჯრედების გამრავლება შეიძლება კონტროლს არ დაექვემდებაროს და ამ შემთხვევაში, ისინი სიმსივნურ ქსოვილს ჩამოაყალიბებენ.
ბევრი მეცნიერი თვლის, რომ თერაპიული მიზნით ემბრიონული ღეროვანი უჯრედების გამოყენება უფრო პერსპექტიულია და ამ მიმართულებით, ყველანაირი აკრძალვა უნდა მოიხსნას. თუმცა, იამანაკას კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ორგანიზმიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების გამოყენებას თავისი უპირატესობები გააჩნია.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123