Tuesday, November 6, 2012

„ჰონდამ“ „ჰონდაჯეტის“ წარმოება დაიწყო

HondaJet enters production
6 ნოემბერი

„ჰონდა ეარკრაფტ კომპანიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბიზნეს კლასის რეაქტიულ თვითმფრინავ „HA-420 ჰონდაჯეტის“ წარმოება დაიწყო. ორლანდოში (ფლორიდა) გამართულ ბიზნეს ავიაციის ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე, „ჰონდამ“ გამოაცხადა, რომ „მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მსუბუქმა რეაქტიულმა თვითმფრინავმა“ მთავარი სატესტო პროგრამა წარმატებით გაიარა და ახლა სერტიფიკაციისა და მიწოდებაზე დრო დგება.

„ამწყობი ქარხანა მუშაობს, თვითმფრინავების მთავარი ნაწილები, როგორებიცაა ფიუზელაჟი და ფრთები, უკვე აწყობილია და ჩვენ უკვე პირველი თვითმფრინავის აწყობას შევუდექით. წარმოების დაწყება, პროგრამა „ჰონდაჯეტის“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ ეტაპზე, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის სერტიფიკატის აღებაღა დაგვრჩა და მალე პირველ თვითმფრინავს მომხმარებელს მივაწვდით“, - განაცხადა „ჰონდა ეარკრაფტის“ მთავარმა აღმასრულებელმა და პრეზიდენტმა მჩიმასა ფუძინომ.
მიჩიმასა ფუძინო

„ჰონდაჯეტი“ იაპონური საავტომობილო კომპანია „ჰონდას“ პირველი კომერციული ბიზნეს თვითმფრინავია. მისი ფიუზელაჟი მსუბუქი კომპოზიტური მასალისგანაა დამზადებული, ფრთები კი ალუმინის ნაწარმია. თვითმფრინავის გარეგნობის თავისებურება ისაა, რომ მისი ორი ძრავი, ფრთების ზედა ნაწილზე, ფიუზელაჟის სიახლოვესაა განლაგებული. რეაქტიული ძრავები - „GE ჰონდა HF120“, იაპონური კომპანიის და „ჯენერალ ელექტრიკის“ მიერ, ერთობლივადაა შემუშავებული. ძრავების ამგვარი განლაგება, აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ამცირებს და საწვავის ხარჯსაც.


„ჰონდაჯეტი“ ექვსადგილიანი თვითმფრინავია. მისი ფრთაშლილობა 12.15 მეტრია, სიგრძე კი - 12.71 მეტრი. ბიზნეს ჯეტის კრეისერული სიჩქარე 778 კმ/სთ-ს აღწევს, ფრენის სიშორე კი 2593 კილომეტრია. თვითმფრინავის ფორმა ისეთია, რომ მის კაბინაში ნაკლები ხმაური შედის. იმავდროულად, ფიუზელაჟის შიდა ნაწილი მაქსიმალურადაა ათვისებული. კოკპიტი აღჭურვილია „ჰონდას“ სპეციალისტების მიერ დახვეწილი ავიონიკის სისტემით (გარმინ G3000), რომელიც 14-დუიმიან მონიტორებს მოიცავს. მონიტორები ორმაგი ტაჩსქრინ ტექნლოგიითაა დამზადებული.


„ჰონდაჯეტს“ მფრინავის სავარძლის ქრეშ ტესტი აქვს გავლილი, ასევე შემოწმებულია სწრაფი დამუხრუჭების უნარზე, ზედმეტი ტვირთით ფრენის ტესტებზე, გავლილი აქვს ჩიტებთან შეჯახების ტესტები, მოყინვის ტესტები (აეროდინამიკურ მილში), ღამის განათების და ექსტრემალური ამინდის ტესტები. მერმისს ორ ცალ „ჰონდაჯეტს“ FAA-ს შესაბამის ტესტებს ჩაუტარებენ, რომლის შემდეგაც მისთვის ამერიკული სერტიფიკატი გაიცემა.


აღსანიშნავია, რომ „ჰონდაჯეტზე“ მუშაობისას, იაპონურმა კომპანიამ წარმოების ახალი პროცესები შეიმუშავა, რომლებიც საწარმოო ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს. აწყობისას ასევე გამოიყენებენ სპეციალურ რობოტებს, რომლებიც საჭირო დეტალების ადგილზე მიტანაში არიან სპეციალიზებულნი.


„ჰონდაჯეტის“ სიმულატორები

გარდა ამისა, „ჰონდა ეარკრაფტის“ მსოფლიო შტაბბინაში (გრინსბორო, ჩრდილოეთ კაროლინა), დაიდგმება „ჰონდაჯეტის“ სიმულატორები, რომლებსაც პილოტების მოსამზადებლად გამოიყენებენ. ასევე იქმნება სერვისის და მომსახურების საწარმო, სადაც ერთდროულად 12 ცალი „ჰონდაჯეტის“ მომსახურება იქნება შესაძლებელი.


No comments:

Post a Comment

მთვლელი 123