Tuesday, November 13, 2012

ბამბუკებისგან აწყობილი ბირთვი ნაღმების წინააღმდეგ


Mine Kafon: the low-tech tumbleweed minesweeper
13 ნოემბერი
ავღანელმა დიზაინერმა მასუდ ჰასანმა გამოიგონა მარტივი, ერთგვარი ბირთვის ფორმის მოწყობილობა, რომელსაც დანაღმულ ველზე ნაღმების აღმოჩენა და განადგურება შეუძლია. ავტორმა თავის მოწყობილობას „მაინ კაფონი“ უწოდა, ის ბამბუკის ღეროებისგან შედგება და იმდენად მსუბუქია, რომ სუსტი ქარის ძალით გორავს და თუ ნაღმს გადაეყარა, მას ადვილად აფეთქებს.

ამ გამოგონების შთაგონების წყაროდ, მასუდ ჰასანმა თავისი ბავშვობის სათამაშოები გამოიყენა. მისი ბირთვის ცენტრალურ ნაწილში, ბამბუკის ტოტები მაგრდება, რომელთა დაბოლოებებიც ბირთვის ფორმას ქმნიან. მათზე ბიო-დეგრადრებადი პლასტიკის თეფშისმაგვარი დისკოები მაგრდება. მოწყობილობა შეიძლება აღიჭურვოს GPS სისტემით და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ადგილობრივ რუქაზე იმ ადგილების მონიშვნა, სადაც ნაღმები აფეთქდება. ამგვარად, გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS), „მაინ კაფონის“ ერთადერთი მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული ნაწილია.
რა თქმა უნდა, ნაღმის აღმოჩენისთანავე, ამ უკანასკნელის აფეთქების გამო, სიფრიფანა „მაინ კაფონი“ ადვილად განადგურდება. მაგრამ ეს არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მოწყობილობას არაერთი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეუძლია.
რა თქმა უნდა, „მაინ კაფონი“ ისეთივე ეფექტური ნაღმსაწინააღმდეგო საშუალება ვერ იქნება, როგორიც ამ დანიშნულების სპეციალური, მაღალტექნოლოგიური საშუალებებია. თანაც, ერთი ასეთ მოწყობილობით მთელი დანაღმული ველის განნაღმვა შეუძლებელია. მაგრამ მისი პლიუსი სიიაფეა. თანაც, ამ სფეროებით შესაძლებელია დანაღმული ველის შემოწმების და განნაღმვის პროცესის დაწყება.
ავღანეთში კი ასეთი ბირთვები ნამდვილად მისწრებაა - დიდი სივრცეების გამო, იქ ასეულობით ათასი ნაღმის (გაეროს მონაცემები, ავღანეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 მილიონი ნაღმია დადებული) აღმოჩენა ძნელია. ამიტომ, მიყრუებულ მხარეებში მცხოვრებლებს შეუძლიათ ასეთი ბირთვების შეძენა (აუცილებელი არაა მისი GPS სისტემასთან დაკავშირება) და გაშვება - დროდადრო „მაინ კაფონი“ ნაღმებს გაანადგურებს, იმ ნაღმებს, რომლებსაც შეიძლებოდა, ბავშვები ემსხვერპლა...
სამწუხაროდ, „მაინ კაფონი“ ჯერჯერობით მხოლოდ ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსპონატია...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123