Tuesday, June 7, 2011

დანიელებმა სუბორბიტული ხომალდი გამოსცადეს
Homebuilt $70,000 single-person spacecraft tested
7 ივნისი

პატარა დანიურმა კომპანიამ, სახელად „კოპენჰაგენ სუბორბიტალსმა“, წარმატებით გამოსცადა მის მიერ აგებული კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მომავალში კოსმოსის საზღვარზე, თავზეხელაღებული ტურისტები უნდა გაიყვანოს. დანიელების წამოწყება მით უფრო საინტერესოა, რომ მათ რაკეტის შექმნა მხოლოდ 70 000 დოლარი დაუჯდათ და ის ლამის კუსტარულ პირობებში ააგეს.

რა თქმა უნდა, საცდელი რაკეტის (HEAT-1X) პირველი ფრენა უპილოტოდ შესრულდა. მაგრამ მან თან გაიყოლა ერთადგილიანი კაპსულა „ტიკო ბრაჰი“ (მას ასე დანიელი ასტროლოგის საპატივცემულოდ დაარქვეს), რომელმაც მომავალში ტურისტები კოსმოსის ზღვარზე უნდა აიყვანოს.

ფრენა გეგმის მიხედვით შესრულდა. რაკეტამ სტარტი წყლაზე (ბალტიის ზღვაში) მოტივტივე პლატფორმიდან აიღო. მართალია, სტარტი პირველ ცდაზე არ გამოვიდა (ძრავის გაშვება ვერ მოხერხდა), მაგრამ ტექნიკოსებმა უწესივრობა მალე აღმოფხვრეს და მეორე ცდაზე სტარტი წარმატებული გამოდგა. თუმცა დაშვებისას, ჰაერის ძლიერმა ნაკადმა მრავალჯერადი რაკეტის პარაშუტი დააზიანა, რის გამოც, ის სრულად არ გაიშალა. რაკეტა წყალში ჩავარდა, თუმცა არ დაზიანებულა.
რაკეტის კორპუსის დიამეტრი მხოლოდ 65 სანტიმეტრია, სიგრძე კი - 9 მეტრი. მასში თავსდება სამგზავრო კაპსულა, რომელშიც ადგილი მხოლოდ ერთი ადამიანისთვისაა. რაკეტის ძრავი მყარ საწვავზე მუშაობს. ესაა გამყარებული ეპოქსიდი, რომელიც რეაქციაში თხევად ჟანგბადთან შედის. საწვავი იმდენია, რომ რაკეტამ სულ რაღაც, 60 წამი იმუშაოს. მისი სიმძლავრე საკმარისია იმისათვის, რომ ხომალდმა სტარტზევე 3 g აჩქარება მიიღოს, რისი წყალობითაც, სუბორბიტულ სიმაღლეს (ზღვის ზედაპირიდან დაახლოებით 100 კმ) უნდა მიაღწიოს.

სატესტო ფრენისას, ხომალდმა მაქსიმუმ 2.8 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია. არადა, „სუბორბიტალი“ იმედოვნებდა, რომ 15 კილომეტრს მიაღწევდა. ფრენა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და პარაშუტთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად, ის წარმატებულად ჩაითვალა. ამ ეტაპზე, ტესტის მთავარი მიზანი, მხოლოდ რაკეტის გაშვება იყო.

„კოპენჰაგენ სუბორბიტალსის“ პროექტის ხელმძღვანელები პეტერ მადსენი და კრისტიან ფონ ბენგსტონი არიან. მათ საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება სამი წლის წინ დაიწყეს. კოსმოსურ ტურიზმში ლიდერის, ბრიტანულ-ამერიკული „ვირჯინ გალაქტიკსისგან“ განსხვავებით, დანიელების მიერ შემუშავებული ხომალდი პილოტირებადი არ არის. კაპსულა და მთლიანად რაკეტა, დისტანციურად იმართება.
„ტურისტს ხომალდის მართვა არ მოუწევს. კაპსულაში ის ვერტიკალურ მდგომარეობას დაიკავებს და როდესაც ფრენის პიკს მიაღწევს, კაპსულის გამჭვირვალე გუმბათიდან გადმოხედავს ჩვენს პლანეტას. ის მხოლოდ მგზავრი იქნება და მეტი არაფერი“ - ჟურნალ „ნიუ საიენტისტთან“ საუბრისას განაცხადა მადსენმა.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123