Tuesday, June 21, 2011

მომავლის ავიალაინერი გამჭვირვალე სალონით

21 ივნისი
ლე ბურჟეს ავიასალონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე, ევროპულმა ავიამწარმოებელმა კომპანია „ეარბასმა“ მომავლის ავიალაინერის ინტერიერის კონცეპცია - „კონსეპტ ქებინი“ წარადგინა. კონცეპციის ესკიზების ნახვის შემდეგ იფიქრებთ, რომ ევროპელი ავიამწარმოებლები ილუზიებში დაცურავენ და არარეალური იდეების შემოთავაზებას მიჰყვეს ხელი.
მაგრამ ესკიზებს დროებით თავი დავანებოთ, რადგან ამ პრეზენტაციაზე, „ეარბასმა“ დაგვანახა, რომ ახალი აეროდინამიკური სქემების შემუშავებისა და უფრო ეკონომიური ძრავების გარდა, მისი საზრუნავი კომფორტზე ზრუნვაცაა. კერძოდ, მომავლის პროექტი „კონსეპტ ქებინი“ იმისთვისაა მოწოდებული, რომ გვაჩვენოს, თუ როგორი უნდა იყოს ავიალაინერის სალონი იმისათვის, რომ მგზავრი ნაკლებად დაიღალოს და რეისის დროს, მაქსიმალურად მიიღოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია და გაერთოს.
ახლა ესკიზებსაც მივხედოთ. მართლა ზღაპარია - ასეთ ლაინერში ჯდომისას, თავი მფრინავ ორანჟერეაში გეგონებათ. განსაკუთრებით კი ფიუზელაჟის შემინულობის ხარისხი გაგაოცებთ. გარშემო სულ ტიხრებია, მათ შორის კი გამჭვირვალე კედლები ჩაუსვამთ, რომლის იქითაც ღია ცა მოჩანს. რა თქმა უნდა, დღისით, ღრუბლებს ზემოთ ფრენისას, ასეთ სალონში მზე თვალს მოგჭრით. ამიტომ საჭიროებისამებრმს შუშა გამჭვირვალობის ხარისხს იცვლის.

წარმოიდგინეთ, თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა და მისი გამჭვირვალე კედლებიდან კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება ღრუბლებს და მათში იძირება. თუ ღრუბლები დამუხტულია, მათ შორის გაელვების ნახვასაც შეძლებთ, მერე კი, როცა ღრუბელს ასცდებით, მზის სხივები მაქსიმალურად გაანათებს იქსურობას. თუმცა ამ დროისთვის, კედლის გამჭვირვალობის ხარისხი შეიცვლება და ის სალონში გაბნეულ სხივს შემოუშვებს. ღამით კი ვარსკვლავებით მოჭედლ ცას დააკვირდებით და მარტო ეს სანახაობაც საკმარისია იმისათვის, რომ არ მოიწყინოთ.


მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად შემუშავდება სავარძლების კონსტრუქცია. მათი რამდენიმე პოზიციაში დაყენება და შემობრუნება იქნება შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდება, რომ შორეული მგზავრობისას, დაღლა მინიმუმამდე შემცირდეს.

ასეთი ფიუზელაჟის დასამზადებლად, მისი კონსტრუქცია ძირეულად უნდა შეიცვალოს. პროექტის ავტორთა განმარტებით, თვითმფრინავის კორპუსის ძალოვან სტრუქტურას შექმნის ერთგვარი ბადის მსგავსი კარკასი, რომელიც თურმე ფრინველთა ძვლოვანი სტრუქტურის მსგავსი იქნება. და რა თქმა უნდა, მათზე გადაკრულ, ცვალებადი გამჭვირვალობის „კანს“, უახლესი (იმ დროისთვის) ტექნოლოგიით დაამზადებენ.
რაც შეეხება გართობას: სავარძლების წინ ჩამოკიდული იქნება ჰოლოგრაფიული ეკრანები, რომლებსაც მოღუნული ფორმა ექნება და რაც მთავარია, მათზე სამგანზომილებიანი გამოსახულებების ნახვა იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ამ ეკრანებზე ნებისმიერი ინფორმაციის გამოტანას, ან გასართობი პროგრამის ჩართვა შეძლებთ.
„ეარბასი“ მომავლის ლაინერების სალონების სხვაგვარ დიფერენციაციას გვთავაზობს. ეკონომ, ბიზნეს და პირველი კლასის სალონების ნაცვლად, ინტერიერი სხვა პრინციპით, სამი ტიპის ზონად დაიყოფა. ეს ზონებია: ვიტალიზინგ, ინტერექტივ და სმარტ ტექ.
პირველ ზონაში (ვიტალიზინგ) მგზავრებს დასვენების საუკეთესო პირობებს შესთავაზებენ. ჰაერი გაჟღენთილი იქნება ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, სავარძლები პერიოდულად მასაჟებს ჩაატარებენ. სავენტილაციო სისტემა კი არომათერაპიის კურსსაც ჩაგიტარებთ.
მეორე ზონაში ვირტუალური სამყარო გელით. იქ უზარმაზარ, მოძრავ რუქაზე, ლაინერის მოძრაობას დააკვირდებით, თუ ეს მოგბეზრდებათ, მაშინ თქვენს განკარგულებაში იქნება ყველა ტიპის ვირტუალური თამაში, რომელში მონაწილეობის ილუზიასაც ჰოლოგრაფიული სისტემა შეგიქმნით. მაგალითად, ასე ჰაერში გოლფის თამაშსაც კი შეძლებთ და რა თქმა უნდა, იქ ვირტუალური და ნამდვილი მეტოქეები გეყოლებათ...
საზრიან ზონაში ის მგზავრები მოთავსდებიან, რომლებიც საკუთარ თავს, უსაქმოდ ყოფნის უფლებას, მგზავრობის დროსაც ვერ აძლევენ. მაგალითად, ბიზნესმენი სხვადასხვა ტიპის ბირჟებზე გარიგებებში მონაწილეობას ჰაერიდანვე შეძლებს.

ძრავები დაგავიწყდათ? რა თქმა უნდა, თუმცა იმ დროისთვის (2050 წელი), როცა „ეარბასი“ ასეთი (ან მსგავსი) პროექტის განხორციელებას აპირებს, შესაძლოა ლაინერები ისეთი ტიპის აგრეგატებით აღჭურვონ, რომლებიც სულ სხვა ტიპის ენერგომატარებლებს გამოიყენებს - „ეარბასი“ ამ მიმართულებითაც ინტენსიურად მუშაობს...

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123