Wednesday, May 25, 2011

„ვოიაჯერები“ ვარსკვლავთშორის სივრცეში
Voyager spacecraft head for interstellar space
25 მაისი

ვოიაჯერი
..............................
33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) ღია კოსმოსში ორი შორს მფრენი კოსმოსური ხომალდი - „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“ გაუშვა. ორივე ხომალდი (ისინი დაახლოებით მსუბუქი ავტომობილის ზომისანი არიან) ამჟამად მზის სისტემის საზღვრებსაა გაცდენილი და ვარსკვლავთშორის სივრცეს, დაახლოებით 60 000 კმ/სთ სიჩქარით უახლოვდება. მათგან პირველ ხომალდს 17 მილიარდი კილომეტრი აქვს გავლილი, მეორეს კი - 14 მილიარდი.

ორივე ხომალდს მისიის პირველადი ამოცანები შესრულებული აქვს: „ვოიაჯერ 2-მა“ სტარტი 1977 წლის 20 აგვსტოს აიღო , რამდენიმე დღეში კი მის კვალს „ვოიაჯერ 1-ც“ გაუდგა. „ვოიაჯერ 2-მა“ 1979 წელს იუპიტერს, 1980 წელს სატურნს, 1986 წელს ურანს და 1989 წელს ნეპტუნს ჩაუქროლა და ოთხივე პლანეტის ფოტოები მართვის ცენტრს გადმოუგზავნა. ჩვენი მზის სისტემის ორ უდიდეს პლანეტას, „ვოიაჯერ 1-მაც“ 1979 და 1980 წლებში ჩაუფრინა და მათი სატელიტი მინი პლანეტების, ასევე სატურნის სარტყელის ფოტოებიც გადაიღო.

ფირფიტა, რომელზეც დედამიწის ხმებია დატანილი
..............................
სწორედ „ვოიაჯერების“ მიერ გადაღებული ფოტოების ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ იუპიტერზე არსებული დიდი წითელი ლაქა, რომლის დიამეტრიც, ჩვენი პლანეტისას თითქმის სამჯერ სჭარბობს, ატმოსფეროში არსებული გაზების (მეტწილად მოლეკულური წყალბადის და ჰელიუმის) წარმოუდგენლად ძლიერი ქარიშხალია.
რაც შეეხება სატურნის სარტყლებს, ისინი წვრილი, საშუალო და მსხვილი ზომის (ზოგიერთი ორსართულიანი სახლის ზომისაცაა) ყინულოვანი ნაწილაკებისგან შედგება, რომლებიც ორბიტაზე დიდი სიჩქარით მოძრაობს.
იმავე ფოტოებმა აჩვენა, რომ იუპიტერის ერთ-ერთ მთვარეზე, რომელსაც სახელად იო ჰქვია, რვა აქტიური ვულკანი მოქმედებს. არადა, მანამდე მეცნიერებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ვოიაჯერ 2-ის სტარტი კანავერალის კონცხიდან
..............................
ორივე ხომალდმა, ამ ორი დიდი პლანეტის გრავიტაციის წყალობით, სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზარდა. „ვოიაჯერ 2-მა“ ურანსა და ნეპტუნსაც ჩაუქროლა და მის მიერ გადაღებული ფოტოებით, მეცნიერთა გაოცება გამოიწვია. ამ ფოტოების დახმარებით დადგინდა, რომ ურანი ჰორიზონტალური ღერძის ირგვლივ ბრუნავს. ნეპტუნზე კი, რომელიც მზის სისტემაში, მანათობლიდან ყველაზე დაშორებული პლანეტაა, ჩვენი სისტემის პლანეტებს შორის, ყველაზე ძლიერი ქარიშხლებით გამოირჩევა. დადგინდა, რომ ამ ქარიშხლების სიჩქარე საათში დაახლოებით 2 000 კილომეტრი უნდა იყოს. ამასთან, ნეპტუნზე აღმოჩენილია მუქი ლაქა, სადაც მუდმივი ქარიშხალია. ამ ლაქის ზომა ჩვენი პლანეტის ტოლია. დაკიდევ, მზის სისტემაში, ნეპტუნი ყველაზე ცივი პლანეტაა - იქ ტემპერატურა ცელსიუსით -235 გრადუსს აღწევს. პლანეტის ზედაპირზე არსებული გეიზერები კი ატმოსფეროში აზოტის გაზს აფრქვევს.
„ვოიაჯერ 1-მა“ მზის სისტემის კიდიდან ჩვენი პლანეტის ფოტოებიც გადაიღო. ამ ფოტოებმა მეცნიერებს პირველად დაანახა დედამიწის მოცისფრო წერტილი 6 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან. ფოტოზე ჩვენს პლანეტას სულ რაღაც 0.12 პიქსელის ადგილი უკავია.
მართალია, „ვოიაჯერ 1-ის“ მოგზაურობა გვიან დაიწყო, თუმცა ეს აპარატი „ვოიაჯერ 2-ზე“ შორსაა. ის ახლა მზისგან 117-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე ჩვენ ვართ მნათობისგან. და თანაც, მასზე მზის შუქი 10 000-ჯერ ნაკლებად აღწევს, ვიდრე ჩვენამდე. მალე „ვოიაჯერ 1“ გახდება პირველი კოსმოსური ხომალდი (თუ დაკარგულ პიონერებს არ ჩავთვლით), რომელიც მზის სისტემას გასცდება.

ვოიაჯერები მალე ჰელიოპაუზას გადაკვეთენ, ზღვარს, რომელსაც მზის ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავი ქარი ქმნის
..............................
„ვოიაჯერ 2“ იმის გამო ჩამორჩა, რომ ის ოდნავ დაბალი სიჩქარით მოძრაობს. „ვოიაჯერ 1-ს“ ის დაახლოებით 3 მილიარდი კილომეტრით ჩამორჩება. ამასთან, თუ „ვოიაჯერ 1“ მზის სისტემის ჩრდილოეთ მიმართულებით მოძრაობს, „ვოიაჯერ 2-ს“ გეზი სამხრეთ მიმართულებით უჭირავს.
რა თქმა უნდა, ორივე აპარატი ენერგიას შეზღუდულად მოიხმარს, თუმცა პერიოდულად, მათ მართვის ცენტრიდან, გარკვეული მანიპულაციების შესრულებას ავალებენ, რათა აპარატების მიმდინარე მდგომარეობა შეისწავლონ და გაარკვიონ, რამდენად ინარჩუნებენ ისინი ქმედუნარიაონობას.
ამჟამად „ვოიაჯერ 1“ ეგრეთ წოდებულ „მკვდარ ზონაში“ იმყოფება, რომელსაც ჰელიოშიტსაც უწოდებენ. ამ არეში, მზის სისტემისა და ვარსკვლავთშორის მედიუმს შორის ურთიერთქმედება, მზის ქარებს ტურბულენტობას ანიჭებს. ამ არეალში მოძრაობისას, აპარატები ყოველ სამ თვეში გარემოს სკანირებას ჩაატარებენ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ დადგინედეს, კონკრეტულად როდის გასცდებიან ისინი მზის სისტემას. მეცნიერები ფიქრობენ, რომ რამდენიმე წელიწადში, „ვოიაჯერ 1“ თავისუფალ სივრცეში გავა და ამის შემდეგ, მას ვარსკვლავთშორის მფრენს უწოდებენ.
საინტერესო ფაქტი: სინათლის სხივს ახლა 13 საათი სჭირდება იმისათვის, რომ ჩვენგან „ვოიაჯერ 2-მდე“ მიაღწიოს და 16 საათი იმისათვის, რომ „ვოიაჯერ 1-ს“ მისწვდეს. შედარებისთვის, მარსის მისიებიდან სიგნალის ჩვენამდე მოსაღწევად, დაახლოებით 10 წუთია საჭირო. იმისათვის, რომ „ვოიაჯერების“ სიგნალები დაიჭირონ, მეცნიერებს უფრო დიდი ანტენები სჭირდებათ, ვიდრე ამჟამად მათს განკარგულებაშია.
აღჭურვილობა
ორივე „ვოიაჯერს“ აბსოლუტურად ერთნაირი აგებულება აქვს. მათი ძირითადი ნაწილია ეგრეთ წოდებული „ბასი“, რომელიც 10 ნაწილისგან შედგება. მასზე დამაგრებულია მაღალი გარჩევადობის პარაბოლური ანტენა (დიამეტრი 3.7 მეტრი) და სამი სექცია, რომლებშიც სამეცნიერო ინსტრუმენტები, ენერგობლოკი და ორი სათადარიგო ანტენაა მოთავსებული. ძირითადი ანტენის მეშვეობით, „ვოიაჯერები“ ხმელეთიდან ინსტრუქციებს ღებულობენ და მათ მიერ მოპოვებლ უნფორმაციას მართვის ცენტრში აგზავნიან. მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება ხომალდი, მისი ანტენა ყოველთვის ჩვენი პლანეტისკენაა მობრუნებული.
ხომალდებს ენერგიით რადიოზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი უზრუნველყოფს, რომელშიც ენერგომატარებლის ფუნქციას პლუტონიუმის ღეროები ასრულებს. მათ მიერ გამოყოფილ გამოსხივებას, თერმოწყვილები ელექტროენერგიად გარდაქმნის. ასეთი ბირთვული ელემენტები უსაფრთხოცაა, საიმედოც და ქმედუნარიანობასაც დიდხანს ინარჩუნებს. სავარაუდოდ, „ვოიაჯერების“ ბირთვული ელემენტები 2025 წელს გამოილევა.
სამეცნიერო აღჭურვილობაში სამი კომპიუტერი შედის, რომელთა ტევადობაც მხოლოდ 68 კილობაიტია. სამაგიეროდ, პროგრამისტებს დაწერილი აქვთ ისეთი პროგრამა, რომელიც კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეცდომებს აფიქსირებს და აღმოფხვრის კიდეც.
„დედამიწის ხმები“
ხომალდების აღჭურვილობის ერთ-ერთი მთავარი დეტალი ოქროს ფირფიტებია, რომლებზეც ჩვენი პლანეტის ხმები - მისალმება 50 ენაზე (მათ შორის ქართულად), ცხოველების ხმები, სიმღერები (მათ შორის, ქართული ჩაკრულო), ასევე ფოტოები და ჩვენი მზის სისტემის კოორდინატებია ჩაწერილი. ფირფიტების დიამეტრი 30 სანტიმეტრია და მათზე რამდენიმე გრაფიკული გამოსახულებაა დატანილი. ფირფიტები ალუმინისაა და მიკრომეტეორიტებისგან დასაცავად, ისინი ოქროთია დაფარული. გარდა ამისა, ფირფიტაზე გამოსახულია მისი გამოყენების სქემა. გამოსახულებები ფირფიტის ორივე მხარესაა დატანილი, რადგან გარე მხარე დროთა განმავლობაში დაიჟანგება.
„ვოიაჯერების“ მომავალი
მას შემდგ, რაც ჰელიოსფეროს გასცდება, თითოეული ხომალდი კოსმოსურ ღრუბელში აღმოჩნდება, რომელიც 5-10 მილიონი წლის წინ აფეთქებული ვარსკვლავების ნარჩენებისგანაა შექმნილი. NASA იმედოვნებს, რომ ორივე ხომალდს 2025 წლამდე შეინარჩუნებს. ამ დროისთვის, მათი ბირთვული ელემენტების მარაგი ამოიწურება და „ვოიაჯერები“ უკონტროლოები გახდებიან, თუმცა ფრენას დაახლოებით მილიარდი წლის განმავლობაში გააგრძელებენ...
დაბოლოს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „ვოიაჯერ 1“ ვარსკვლავ AC+79-ს 40 000 წლის შემდეგ მიაღწევს, „ვოიაჯერ 2“ კი ვარსკვლავ სირიუსისკენ მიფრინავს და მის სისტემას დაახლოებით 296 000 წლის შემდეგ მიადგება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123