Wednesday, August 31, 2011

”ბეემვემ” ავტომობილს დამოუკიდებლად მოძრაობა ასწავლა

BMW Joins Skynet’s Army with Ultimate…Self-Driving Machine
31 აგვისტო
ეს უკვე რეალობაა - ავტომობილს მძღოლის გარეშე გადაადგილება შეუძლია და მართალია, ამ საქმეში ბავარიული კომპანია პიონერი არაა, ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აპროექტი სწორედ მისმა ინჟინრებმა შექმნეს. და არამხოლოდ შექმნეს, არამედ წარმატებული ხაგრძლივი ტესტებიც ჩაუტარეს.
პროექტს ”ბეემვეს” კვლევისა და განვითარების დივიზიონის სპეციალური განყოფილება ახორციელებს, რომელიც ”მართვის მაღალი ხარისხის ავტომატიზაციის” სახელითაა ცნობილი და რომელსაც დოქტორი ნიკო კამპხენი ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში, მე-5 სერიის სედანი სპეციალური აპარატურით აღიჭურვა, რომელიც ავტომობილის აბსოლუტურად ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამასთან, ასრულებს ყველა იმ მანევრს, რომლებსაც მძღოლი ასრულებს.
სხვათა შორის, ელექტრონული დამხმარე სისტემების შემუშავებაზე, ბავარიული კომპანია უკვე არაერთი წელია, მუშაობს. ბევრი სიახლე, მაგალითად, როგორიცაა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, ან ავარიული სამუხრუჭების დამხმარე სისტემა, სერიულ ავტომობილებზე უკვე დაინერგა კიდეც. აბსოლუტურად ავტონომიური ავტომობილი კი შედარებით ახალი წამოწყებაა, თუმცა საცდელმა მანქანამ უკვე დაახლოებით 5 000 კილომეტრის გავლა მოასწრო. ამასთან, ასეულობით კილომეტრი მაგისტრალებზე გაიარა.
საცდელი ავტომობილი უამრავი კომპიუტერული სისტემითაა აღჭურვილი. ესენია ხედვის დამხმარე და გარემოზე დაკვირვების სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად აფიქსირებს მოძრავ სხეულებს, რომლებიც გზის გადაკვეთას ცდილობენ და ამ შემთხვევაში, მთავარ კომპიუტერს, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. მძღოლს შეუძლია, მაგისტრალზე მოძრაობისას, ერთ ჩვეულებრივ ღილაკს დააჭიროს თითი და მანქანა აბსოლუტურად ავტონომიურად, სხვისი ჩარევის გარეშე გააგრძელებს სვლას. თავისი ”ჭკვიანი” სისტემების დახმარებით, მანქანას სხვა ავტომობილებთან ურთიერთობაც შეუძლია.
ზემოთ ნახსენები სისტემების გარდა, ავტომობილი ასევე დამოკიდებულია ხმის დეტექტორებსა და ვიდეოკამერებზე, რომლებიც მის გარშემო სიტუაციას მუდმივად აკონტროლებენ და ინფორმაციას მთავარ კომპიუტერში გზავნიან. სისტემას გამართულად მუშაობა 130 კმ/სთ-მდე სიჩქარის შემთხვევაში შეუძლია. თუმცა, ამ შეზღუდვასთან დაკავშირებით, დოქტორი კამპხენი იმ გარემოებით ”იმართლებს თავს”, რომ ბევრ ქვეყანაში, ამ სიჩქარით მოძრაობა დაუშვებელია. ამასთან, ის განმარტავს, რომ საცდელი ავტომობილი ავტონმიურ რეჟიმში მხოლოდ მაგისტრალებზე მოძრაობს და ქალაქში იგივე არ შეუძლია.
დოქტორი კამპხენი ამბობს, რომ მისი ავტონმიური ავტომობილისთვის ჯერაც პრობლემაა ისეთ მაგისტრალზე მოძრაობა, სადაც გზის შეკეთება მიმდინარეობს. ასევე პრობლემაა გზაჯვარედინის გავლა. ტესტების დროს, ასეთი წინააღმდეგობის გამოჩენისას, ავტომობილის მართვას თავის თავზე გამომცდელი მძღოლი იღებდა.
ცნობისათვის, ანალოგიურ პროექტებზე, ”ფოლკსვაგენი” და ”გუგლიც” მუშაობენ.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123