7 სექტემბერი
ფილიპინების სოფელ კონსუელოს მახლობლად, სპეციალურმა ჯგუფმა გიგანტური ნიანგი დაიჭირა, რომელიც შესაძლოა, მალე გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიტანონ. ნიანგს სახელად ლოლონგი შეარქვეს. ის ზღვის (ეგრეთ წოდებულ სავარცხლისებრთა) სახეობას მიეკუთვნება, რომელიც ამ ნიანგებს შორის ყველაზე დიდია.
ზღვის ნიანგების ზრდასრული მამრების სიგრძე 4-5.5 მეტრს აღწევს, ლოლონგის სიგრძე კი, ”ნეიშნლ ჯეოგრაფიკის” ცნობით, 6.4 მეტრია. თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა. თუ ფილიპინელთა მიერ აღნიშნული სიგრძე ოფიციალურად დამტკიცდა, ის თითქმის მეტრით გრძელი იქნება იმ გიგანტზე, რომელიც გინესის წიგნშია დაფიქსირებული და რომლის სიგრძეც 5.48 მეტრია.
ცნობისათვის, გინესში შეტანილი ნიანგიც ზღვის სახეობას მიეკუთხნება და ის ავსტრალიაში, ასევე ცოცხლადაა დაჭერილი. ამერიკელი ბიოლოგი ალან ვუდვარდი ამბობს, ასეთი გრძელი ნიანგის აღმოჩენა დიდი მოულოდნელობაა, თუმცა იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კონსუელოს რეგიონში, უფრო დიდი ზომის ნიანგებიც ბინადრობდნენ.
ლოლონგის დაჭერა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კონსუელოს რაიონში ადამიანებზე ნიანგების თავდასხმები გახშირდა. ორი ასეთი თავდასხმა ტრაგიკულადაც კი დასრულდა. მაგრამ დადგენილი არაა, ამ თავდასხმებს ლოლონგი აწყობდა, თუ სხვა ნიანგი. ლოლონგი არ მოუკლავთ და რა თქმა უნდა, არც მისი გაკვეთა ჩაუტარებიათ. სამაგიეროდ, მას ისეთი რამ აჭამეს, რამაც პირღებინება გამოიწვია, თუმცა გიგანტური რეპტილიის მიერ ამონთხეულ მასაში, ადამიანების და მათი ტანსაცმლის ნარჩენები არ აღმოუჩენიათ.
ბიოლოგები ამბობენ, რომ ნიანგი ადამიანს იშვიათად ესხმის ტავს. რეპტილიის აგრესიულობა მას შემდეგ ხშირდება, რაც მის საცხოვრებელ არეალზე ადამიანის გავლენა იზრდება და კვალად, ნიანგისთვის ხელმისაწვდომი საკვები მცირდება. ფილიპინელები ამბობენ, რომ ასეთი გიგანტის ტყვეობაში ცქერა მათ არ ახარებს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ლოლონგი მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
ნიანგზე მონადირეთა ჯგუფში სპეციალურად გაწვრთნილი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მართალია ლოლონგი დაატყვევეს, მაგრამ მონადირეები დარწმუნებულები არიან, რომ სოფლის მახლობლად აგრესიული ნიანგები შეიძლება კიდევ იყოს. ამასთან, ისინი იმედოვნებენ, რომ უფრო გრძელ ეგზემპლარევბსაც წააწყდებიან.
დაბოლოს, დესერტისთვის - ლოლონგი 1.075 ტონას იწონის.
No comments:
Post a Comment