Sunday, August 21, 2011

ყველაზე სწრაფი მორბენალი რობოტი მსოფლიოში


21 აგვისტო
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ორფეხა რობოტი, რომელსაც მუხლებიც აქვს, მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯგუფმა შეიმუშავა. რობოტს ”მეიბლი” დაარქვეს და მან ახლახანს მაქსიმუმ 3 მეტრი წამში (10.8 კმ/სთ) სიჩქარით გადაადგილება შეძლო. მისი შემქმნელების განცხადებით, რობოტი ადამიანის ბიომექანიკას იმეორებს და ამ მხრივ, მას მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვება.

რობოტის შემქმნელები, თავიანთ შედევრზე როცა ლაპარაკობენ, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ მას მუხლები აქვს. ასეთი რობოტების ბიომექანიკის შემუშავება კი ყოველთვის დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ”მეიბლს” არ აქვს ტერფები, თუმცა ამის მიუხედავადაც, მოძრაობისას ის ადვილად ინარჩუნებს წონასწორობას.
”მეიბლი” სიარულისას ძლიერ ბაძავს ადამიანს. კერძოდ, ადამიანივით ანაწილებს თავის წონას. კერძოდ, სიარულისას, რობოტის წონის 40 პროცენტი ჰაერშია გამოკიდული. დარჩენილ წონას კი საყრდენი ფეხი ითვისებს. სწრაფი გადაადგილების დროს, ასევე ფიქსირდება ეგრეთ წოდებული ”ფრენის ფაზა” (ეს ფრაზა სპორტული სიარულიდანაა), როდესაც ”მეიბლის” ორივე ფეხი მიწის ზედაპირს ერთდროულად სწყდება. სიარულისას ამ ფაზაზე, ყოველი ნაბიჯის დაახლოებით 10 პროცენტი მოდის.
უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებმაც რობოტი შექმნეს და მას გამოცდები ჩაუტარეს, ფიქრობენ, რომ მსგავს ორფეხა მანქანებს მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს. კერძოდ, მათში გამოყენებული მექანიზმები მისწრება იქნება პროტეზებისთვის და ეკზოსკელეტებისთვის. ეს უკანსკნელი არის დამხმარე მექანიზმი (პროტეზის მსგავსი), რომელსაც პერსპექტივაში, ჯანმრთელი ადამიანების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად (სამხედროებისთვის, მაშველებისთვის, კოსმონავტებისთვის და ა.შ) გამოიყენებენ.



No comments:

Post a Comment

მთვლელი 123