იაპონელებმა სამბორბლიანი მთვარემავალი გამოსცადეს
11 მაისი
ამერიკელებმა მთვარის პროგრამა შეაჩერეს, მაგრამ ჩვენი პლანეტის სატელიტის გამოკვლევა სხვა განმვითარებულ ქვეყნებსაც სურთ, რომელთა შორისაც იაპონიაცაა. იქმნება უამრავი შორიდან მართვადი რობოტიზებული მანქანა, რომელიც მთვარესა და მარსზე დამოუკიდებლად მოძრაობას და სხვადასხვა მანიპულაციის შესრულებას შეძლებს. ბევრი მათგანი ვერასდროს მოხვდება მთვარეზე, თუმცა მათი შემქმნელები, არაერთ საინტერესო კონცეპციას გვთავაზობენ, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, რეალურ პროექტებში გამოიყენონ.
ერთ-ერთი ასეთი აპარატი, სახელად „ტრი-სტარ IV“, დაამზადა იაპონელმა მეცნიერმა, ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა შიგეო ჰიროსემ, ვისაც მუშაობისას, იაპონიის კოსმოსური სააგენტო და მისი სპეციალისტები ეხმარებოდნენ. მისი პროექტით, უნდა შეიქმნას ავტომატიზებული ლაბორატორია, რომელმაც მთვარეზე არსებული გრუნტის და ქვების ნიმუშები უნდა შეაგროვოს და ჩვენს პლანეტაზე გამოაგზავნოს. რობოტი „ტრი-სტარი“ კი ამ კომპლექსის განუყოფელი ნაწილი იქნება.
რობოტს საინტერესო და მეტად უჩვეულო აგებულება აქვს. ის სამბორბლიანია, ბორბლები კი ფურცლოვანი ალუმინისა და მტკიცე ქსოვილისგანაა დამზადებული. ისინი საკმაოდ რბილებია იმისათვის, რომ ქვაზე გადავლისას, დეფორმაცია განიცადოს. ამგვარად, საკმაოდ მსუბუქ მანქანას, გრუნტთან დიდი ფართობით კონტაქტის საშუალება ეძლევა. ჰიროსე ამბობს, რომ მის მიერ შემუშავებულ ბორბლებს მუხლუხიან შასიზე არანაკლები გამავლობა აქვს. ამასთან, ის ქვიან ზედაპირსა და რეგოლითის ძალიან თხელი ფენით დაფარულ ზედაპირზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა.
რობოტს კიდევ ერთი საინტერესო თვისება გააჩნია. მისი სამიდან ორი ბორბალი მოძრავ ღერძებზეა დამაგრებული. ამ ღერძებს დიდი კუთხით მოტრიალება შეუძლია. ეს კი მანქანის მანევრულობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. უფრო მეტიც, თუ აპარატი ამოყირავდა, ამ ღერძების დახმარებით, მას დამოუკიდებლად შეუძლია „ფეხზე დადგომა“.
სხვათა შორის, ამ რობოტის გამოყენება ჩვენს პლანეტაზეც შესაძლებელია. კერძოდ, მას სამაშველო ოპერაციებში მუშაობა შეუძლია. ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები წინადადებას იძლევიან, მათი რობოტი ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის გამოსაკვლევად მიავლინონ. კარგი გამავლობის საშუალებით, „ტრი-სტარი“ სადგურის გარშემო არსებულ ნანგრევებზე გადაადგილებას და თვითონ სადგურის კიბეებზე ასვლას იოლად შეძლებს. სადგურზე დაზვერვითი სამუშაოს შესრულების შემდეგ კი, მისი გარეცხვა არანაირი პრობლემა არ იქნება - მანქანას სწორი ზედაპირები აქვს და წყლის ჭავლი რადიოაქტიურ მტვერს იოლად მოაშორებს...
No comments:
Post a Comment