ისლანდიელმა მკვლევარებმა ვულკანის მაგმური კამერა დაათვალიერეს
11 მაისი
ვულკანურ ექსპედიციაში, ისლანდიის უნივერსიტეტის მეცნიერების - ფრეისტეინ სიგმუნდსონისა და ჰარალდურ სიგურდსონის გარდა, კიდევ 15 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორისაც, ალპინისტები, კინოოპერატორი და ფოტოგრაფიც შედიოდნენ. მათი მიზანი, ტრიჰნუკაგიგურის შიდა სივრცის, მაგმური კამერის აგებულების შესწავლა იყო.
ექსპედიცია ალპინისტებმა დაიწყეს, რომლებიც ვულკანის გულში თოკებით ჩავიდნენ. შემდეგ კი ვულკანის არხში მეტალის ლიფტი ჩაამონტაჟეს, რომლითაც მაგმურ კამერაში, მის შესასწავლად საჭირო აპარატურა და მოწყობილობები ჩაიტანეს.
„ვულკანის შიგნით მისი ძალა და სტიქია მთელი სიმძაფრით აღიქმება. იქ თავს უსუსურად გრძნობ. იქაურობა სილამაზით და სიმშვიდით გხიბლავს. აბსოლუტურად არ იგრძნობა, რომ აქ ოდესღაც სტიქია ბობოქრობდა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მეცნიერთა შორის პირველმა შევძელი ვულკანის სიღრმეში ჩასვლა და იქაურობის საკუთარი თვალით ხილვა“, - ყვება სიგმუნდსონი.
ტრიჰნუკაგიგური მიძინებული ვულკანი კია, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ მან შეიძლება ნებისმიერ წუთს გაიღვიძოს. დადგენილია, რომ მისი ბოლო ამოფრქვევა 3 000 წლის წინ მოხდა. მანამდე კი, ამ ვულკანმა დიდი როლი ითამაშა კუნძულ ისლანდიის ჩამოყალიბებაში. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ადამიანი მძინარე ვულკანის სიღრმეში კოსმოსში პირველი გაფრენიდან მხოლოდ 50 წლის შემდეგ ჩავიდა.
სხვათა შორის, ისლანდიელმა მეცნიერებმა ვულკანის მაგმურ კამერაში ექსპედიცია ჯერ კიდევ ოქტომბერში ჩაატარეს, თუმცა მისი შედეგების გამოქვეყნებას არ ჩქარობენ, რადგან იქ აღებული სინჯები ბოლომდე ჯერ არ გამოუკვლევიათ. ამასთან, ისინი მიღებულ ინფორმაციას იმ მონაცემებს ადრიან, რომლებიც ვულკან ეიაფიალაიკულის შესწავლისას მოიპოვეს. ეს ის ვულკანია, რომელიც ერთი წლის წინ ამოიფრქვა და რომელმაც ლამის ნახევარი მსოფლიოს ავიაგადაზიდვების პარალიზება გამოიწვია.
No comments:
Post a Comment