Sunday, October 10, 2010

ნობელის პრემიის ლაურეატები

10 ოქტომბერი

ტრადიციულად, ოქტომბრის პირველ კვირაში, ნობელის პრემიის კომიტეტმა, ნობელის პრემიის ახალი ლაურეატები დაასახელა მედიცინის და ფიზიოლოგიის, ასევე ფიზიკისა და ქიმიის დარგებში.
მედიცინა და ფიზიოლოგია

მარცხნიდან: რიჩარდ ედვარდსი, პირველი ”სინჯარის ადამიანის” დედა ლესლი ბრაუნი და მისი შვილი (სინჯარის პირველი ადამიანი) ლუიზი თავის შვილ კამერონთან ერთად
..............................
პირველად მედიცინის ნობელიანტი გამოცხადდა. ეს უდიდესი სამეცნიერო აღიარება წილად ბრიტანელ ფიზიოლოგს, ეგრეთ წოდებული ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდის შემმუშავებელ რობერტ ედვარდსს ხვდა.
ედვარდსი ხელოვნურ განაყოფიერებაზე 1950-იანი წლებიდან მუშაობს. მის მიერ შემუშავებული თერაპიული მეთოდი ვერ წყვეტს უნაყოფობის პრობლემას, მაგრამ მისი მეშვეობით, ადამიანის ორგანიზმის გარეთ, კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდით განაყოფიერებაა შესაძლებელი. ეს კი ოჯახებს საკუტარი შვილების გაჩენის საშუალებას აძლევს. ამასთან, ათწლეულების განმავლობაში, ბრიტანელი მეცნიერი, მის მიერ შემუშავებულ პროცედურას ხვეწს და გზად ახალ ფუნდამენტურ აღმოჩენებამდეც მიდის.
მაგალითად, ედვარდსმა გაარკვია, რა მოსდის კვერცხუჯრედს, როდესაც ის ქალის ორგანიზმში მწიფდება, როგორ ზეგავლენას ახდენს ამ პროცესზე ჰორმონები, როდის დგება განაყოფიერებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო... 1969 წელს მეცნიერმა, ლაბორატორიულ პირობებში სპერმატოზოიდით კვერცხუჯრედის განაყოფიერება პირველად მოახერხა. მაგრამ დიდხანს, ამაზე წინ წასვლა ვერ ხერხდებოდა - ემბრიონები განვითარებას ვერ ახერხებდნენ...
და მაინც, ედვარდსმა ნამდვილ აღიარებას 1978 წლის 25 ივლისს მიაღწია, როდესაც ქვეყანას ლუიზ ბრაუნი - სინჯარაში ჩასახული პირველი ადამიანი მოევლინა. მას შემდეგ, როგორც ნობელის კომიტეტის პრეს რელიზი გვამცნობს, ხელოვნური გზით ჩასახული დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი დაიბადა.
მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ედვარდსის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის დახვეწაზე ამჟამადაც მუშაობენ. ხელოვნური განაყოფიერების მეთოდოლოგია, დიდი ხანია, უსაფრთხოდ და ეფექტურადაა მიჩნეული. ამ გზით განაყოფიერებული კვერცხუჯრედების 20-30 პროცენტი ჯანმრთელ უჯრედებს აყალიბებს. რაც ყველაზე მთავარია, ხელოვნური განაყოფიერების დროს, გართულებები ძალიან იშვიათია.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123