Wednesday, October 6, 2010

ბრიტანელების საცდელი თვითმფრინავი ელერონების გარეშე დაფრინავს
4 ოქტომბერი
მას შემდეგ, რაც ძმებმა რაიტებმა თვითმფრინავი შექმნეს, საფრენი აპარატების მართვა ელერონების და სხვა ფრთის მსგავსი ელემენტების მეშვეობით ხდება. მართვის ასეთი სისტემები თვითმფრინავების კონსტრუქციას ართულებს, ამძიმებს, აძვირებს, აეროდინამიკას აუარესებს და რაც მთავარია, ზრდის საფრენი აპარატების დაზიანების ალბათობას. ამიტომ, მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ გზებს, რომ თვითმფრინავის მართვა გამარტივდეს.


ფრთების თანამედროვე მართვის საშუალებები არამხოლოდ თვითმფრინავის დახრას და ამგვარად მართვას ემსახურებიან, არამედ დაბალი სიჩქარით ფრენისას, ფრთებზე მოქმედ ამწევ ძალასაც არეგულირებენ, რითაც თვითმფრინავის აფრენასა და დაშვებას უზრუნველყოფენ. მაგრამ ინჟინრები მათ შემცვლელ საშუალებებს დიდი მონდომებით ეძებენ.
რამდენიმე ათეული წელია, სხვადასხვა აეროკოსმოსური კომპანიები ეგრეთ წოდებული კოანდას ეფექტის (რუმინელ მეცნიერ ანრი კოანდას მიერ აღმოჩენილი ფიზიკური მოვლენა) თვითმფრინავების სამართავად გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ კარგა ხანს, ექსპერიმენტები კრახით მთავრდებოდა.

კოანდას ეფექტის გამოყენება იმაში მდგომარეობს, რომ მართვის საშუალებებით, დაჭირხნული ჰაერი დიდი სიჩქარით მიეწოდება ფიუზელაჟის, ან ფრთის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში. ჰაერის წვრილ ჭავლსაც კი შეუძლია თვითმფრინავის ფრთაზე მოქმედ ჰაერის დიდ ნაკადებზე ზემოქმედება, რის შედეგადაც, ნაკადი მიმართულებას იცვლის და შესაბამისად, ცვლის ფრთისა და ფიუზელაჟის ნაწილებზე დატვირთვებს.
საფრენი აპარატის ამგვარად მართვის მეთოდს ”ფრენის თხევადი კონტროლი” უწოდეს. ის ჰაერის ნაკადის იმ ადგილებში შეკრებას ითვალისწინებს, რომლებიც აეროდინამიკურად ყველაზე მეტადაა გადატვირთული (მაგალითად თვითმფრინავის ცხვირში). შეკრებილ და დაჭირხნულ (მისივე ძალით) ჰაერს კი სამართავად იყენებენ.

ბრიტანელმა მეცნიერებმა საცდელი უპილოტო ტურბორეაქტიული თვითმფრინავი ”დემონ-ი” შექმნეს, რომელიც სწორედ ”ფრენის თხევადი კონტროლით” იმართება. აპარატმა, რომელიც ასევე მართვის ტრადიციული სისტემებითაცაა აღჭურვილი, რათა მართვის ორი საშუალების შედარება იყოს შესაძლებელი, პირველივე სატესტო ფრენა წარმატებულად შეასრულა.
სხვათა შორის, ადრე კოანდას მეთოდს ინჟინრები თვითმფრინავებზე აეროდინამიკური წინააღმდეგობის შესამცირებლად და დაბალი სიჩქარით ფრენისას, ამწევი ძალის მკვეთრად გასაზრდელად იყენებდნენ. იყო იმის მცდელობებიც, რომ კოანდას მეთოდი საფრენი აპარატის ძირითად ამწევ საშუალებადაც გამოეყენებინათ. ბრიტანელებმა კი ამ მეთოდის მხოლოდ მართვის სისტემაში გამოყენება სცადეს.
სადემონსტრაციო აპარატი ”დემონ-ი” პროგრამა ”მართვის სიბრტყეების არმქონე საფრენი აპარატის ინტეგრირებული საწარმოო პროგრამის” (FLAVIR) შესაბამისად შექმნეს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ბრიტანული აეროკოსმოსური და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი გიგანტი ”BAE სისტემზია”, რომელსაც პარტნიორობას კრენფილდის უნივერსიტეტის მეცნიერები და კიდევ ცხრა ორგანიზაცია უწევს. მათ შექმნეს საფრენი აპარატი, რომლის ფრთაშლილობა მხოლოდ 2.5 მეტრია, წონა 90 კილოგრამი, სიჩქარე კი - 278 კმ/სთ.
ექსპერიმენტულ თვითმფრინავს ფრთის უცნაური ფორმა აქვს. უფრო სწორედ, თუ ფიუზელაჟს არ ჩავთვლით, რომელიც მას შუაზე ჰყოფს, ფრთა ერთია და მას ერთგვარი რომბის ფორმა აქვს. ძრავის ჰაერის ამღებიც უჩვეულო ადგილზე, ფიუზელაჟის ზედა ნაწილში მოათავსეს. უფრო უცნაური კი ძრავის გამოსაბოლქვის ფორმაა. ”დემონის” მართვის სისტემები კი კორპუსის ქვეშაა დამალული.
”დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ავიაციის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი მომენტის მოწმე გავხდი. მართვის ჩვეულებრივი სისტემების გარეშე თვითმფრინავის მართვა განსაკუთრებული მიღწევაა. პროექტზე მუშაობისას, ჩვენ ახალი მეთოდები და მართვის სრულიად ახლებური სისტემები შევიმუშავეთ. პროექტის დაწყებისას, ძალიან ამბიციური მიზნები დავისახეთ და ბენდიერი ვარ, რომ მათ მივაღწიეთ”, - ამბობს ”BAE სისტემზის” პროგრამა ”მომავლის შესაძლებლობების” დირექტორი რიჩარდ უილიამსი.
რა თქმა უნდა, ”დემონ-ზე” გამოყენებულ ტექნოლოგიებს კომერციული თვითმფრინავების შექმნისას ჯერ არავინ გამოიყენებს. თუმცა, დიდი შანსია იმისა, რომ მალე უპილოტო საბრძოლო და სადაზვერვო თვითმფრინავებში ”ფრენის თხევადი კონტროლის” პრინციპით მომუშავე მართვის სისტემები დაინერგოს. ადრე თუ გვიან კი, ისინი დიდ ავიაციაშიც გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123