Thursday, October 21, 2010

ტურისტულმა კოსმოსურმა ხომალდმა პირველი ფრენა შეასრულა
21 ოქტომბერი
კალიფორნიაში, მოხავეს უდაბნოს თავზე, ტურისტულმა კოსმოსურმა ხომალდმა ”სპეისშიპთუმ” პირველი დამოუკიდებელი ფრენა შეასრულა. თვითმფრინავ-მატარებელმა ”უაითნაითთუ ივმა” უცნაური ფორმის რაკეტოპლანერი 13 700 მეტრის სიმაღლეზე აიყვანა, რის შემდეგაც, მას კოსმოსური აპარატი მოსწყდა და პლანირება დაიწყო. პირველი საცდელი ფრენა კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკის” პილოტებმა, პიტ სიბოლდმა და მაიკ ალსბერიმ შეასრულეს.


რა თქმა უნდა, საცდელ ფრენას ”ვირჯინ გალაქტიკის” დამაარსებელი, ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი დაესწრო და მისი შედეგებით კმაყოფილი დარჩა: ”შემიძლია ვთქვა, რომ ეს ”ვირჯინის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი დღე იყო. ეს პროექტი 2004 წელს დავიწყეთ და მას შემდეგ, მსოფლიოში პირველი კომერციული კოსმოსური ხომალდის დაჯდომას პირველად შევესწარი. ეს დიდებული მომენტი იყო. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ცა ზღვარი აღარაა. მალე ჩვენ კოსმოსის ზღუდეს მივაღწევთ”.
აღნიშნულ გამოცდამდე, ”კოსმოსურ ხომალდ ორს” ოთხი საჰაერო გამოცდა ჩაუტარდა, თუმცა ყველა შემთხვევაში, ის თვითმფრინავ მატარებელს არ მოცილებია. ამ ფრენების დროს გამოვლინდა, რომ ორი აპარატი ერთმანეთთან კარგადაა დამაგრებული და მათი დაშორებაც უსაფრთხოდ ხდება. გარდა ამისა, კოსმოსურ ხომალდს მართვის სისტემებიც შეუმოწმდა. შემდეგ ტესტებზე, ”მორე კოსმოსური ხომალდის” სარაკეტო ძრავის ტესტირება ჩატარდება.
”ვირჯინ გალაქტიკის” ინფორმაციით, კომპანიას უკვე 370 კლიენტისგან აქვს მიღებული დეპოზიტი. დეპოზიტის სახით კომპანიას მთლიანობაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარი აქვს მიღებული. სულ კი თითოეული ბილეთის ღირებულება 200 000 დოლარს შეადგენს. ამ ფასად, ტურისტები რამდენიმე წუთს უწონადობაში გაატარებენ, დატკბებიან 110 კილომეტრის სიმაღლიდან ჩვენი პლანეტის ხილვით, შეიგრძნობენ აჩქარებისა და დაჯდომისას ადრენალინის მოზღვავებას...
დაბოლოს, ტურისტული კოსმოსური ფრენები სტარტს კოსმოდრომ ”კოსმოპორტ ამერიკადან” აიღებს, რომელიც შტატ ნიუ მექსიკოში შენდება. ამ დღეებში, ამ კოსმოპორტის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის ოფიციალური ინაუგურაცია ჩატარდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123