Wednesday, October 27, 2010

ასტრონომებმა ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოაჩინეს
27 ოქტომბერი

ყველაზე შორეული გალაქტიკა ყვითელ რგოლშია მოქცეული
..............................
ამერიკელმა და ევროპელმა ასტრონომებმა ყველაზე შორეული გალაქტიკა დააფიქსირეს. მათი გათვლებით, ახალაღმოჩენილი ნათება ჩვენგან დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული და ის ჩვენთან იმ სახით გამოჩნდა, როგორიც დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ იყო.
ასტრონომებმა ორბიტულ ტელესკოპ ”ჰაბლის” მიერ აღმოჩენილი ლაქა ჩილეში მდებარე ”ძალიან დიდი ტელესკოპის” (ვერი ლარჯ ტელესკოპ) და სპექტრომეტრის მეშვეობით დაამუშავეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქმე აქამდე უცნობ, ძალიან შორეულ გალაქტიკასთან ჰქონდათ.

ჩილეს ”ძალიან დიდი ტელესკოპი”
..............................
აღმოჩენილი გალაქტიკა ეგრეთ წოდებული რეიონიზაციის პერიოდის გალაქტიკების ჯგუფს მიეკუთვნება, პერიოდისა, რომელიც დიდი აფეთქებიდან (სამყაროს წარმოქმნიდან) 150-800 მილიონი წლის შემდეგ გრძელდებოდა. ეს პერიოდი იმითაა განსაკუთრებული, რომ ამ დროს, პირველი მასიური ვარსკვლავებიდან წამოსული ულტრაიისფერი გამოსხივება, კოსმოსში არსებული ცივი წყალბადის იონიზებას ახდენდა, რისი წყალობითაც, კოსმოსური სივრცე გამჭვირვალე ხდებოდა.
ახალაღმოჩენილი გალაქტიკა პირველად ”ჰაბლმა” შარშან დააფიქსირა, მაგრამ მიღებული ინფორმაციის სრულ ანალიზს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. თავად ”ჰაბლს” იმისათვის, რომ ახალი გალაქტიკა (მას სახელად UDFy-38135539 უწოდეს) დაეფიქსირებინა, გამოსახულების 48 საათის განმავლობაში დააყოვნება დასჭირდა. მიღებული ფოტოს ანალიზი კი ჩილეს გიგანტური ტელესკოპების კომპლექსის მეშვეობით ჩატარდა.

ჰაბლი
..............................
აღმოჩენის თაობაზე, ჟურნალ ”ნეჩურში” გამოქვეყნებულ წერილში, მისი ავტორები წერენ, რომ ახალაღმოჩენილი გალაქტიკა ძალიან სუსტი და პატარაა. მასში 10-100-ჯერ უფრო ცოტა ვარსკვლავი შედის, ვიდრე ”ირმის ნახტომში” (გალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემა შედის). ამიტომ, მისი შესაძლებლობები აშკარად მწირი იყო იმისათვის, რომ გარემოს იონიზირება მოეხდინა. ამის გარეშე კი მისი სინათლე ჩვენამდე ვერ მოაღწევდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ჩამოყალიბების პერიოდში, იმავე არეალში კიდევ ბევრი მცირე ზომის, სუსტი ნათების მქონე გალაქტიკა არსებობდა, რომლებსაც თანამედროვე, საკმაოდ ძლიერი ტელესკოპებიც კი ვერ აფიქსირებენ. სამაგიეროდ, ჩვენთვის უხილავმა ამ გალაქტიკებმა UDFy-38135539-ს გარშემო კოსმოსის წყალბადის ღრუბლებისგან და ნისლეულისგან გაწმენდაში მიიღეს მონაწილეობა და ის ტელესკოპებისთვის ხილული გახადეს.
”თუ ”ჰაბლის” მიერ გადაღებულ გამოსახულებას შეხედავთ, მასზე ახალი გალაქტიკა თითქმის არ ჩანს. რა თქმა უნდა, მის შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის ძალიან პატარა უნდა იყოს, გაცილებით პატარა, ვიდრე ჩვენი ”ირმის ნახტომია”. სავარაუდოდ, მასში ათჯერ, ასჯერ ნაკლები ვარსკვლავია, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მისი გამოკვლევა ძალიან ძნელია - როდესაც გალაქტიკა მცირეა, ის ცუდად ანათებს და შესაბამისად, ცუდად ჩანს”, - ამბობს ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, პარიზის ობსერვატორიის მეცნიერი მეტ ლენერი.
მეცნიერები შორეული გალაქტიკების შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ასე ისინი სამყაროს განვითარების პროცესის შესწავლას შეძლებენ და გაშიფრავენ კოსმოსის აგებულებას, განმარტავენ, თუ რატომაა ის ისეთი, როგორიც არის. ამ პროცესში კი მთავარი როლი ადრეული ვარსკვლავების შესწავლას ენიჭება, რომლებიც მხურვალე, ლურჯი გიგანტების სახით ჩამოყალიბდნენ და ისინი მეტწილად ცივი, ნეიტრალური აირებისგან შედგებოდა.
ეს კოლოსები ცოტა ხანს არსებობდა და ამ პერიოდში პირველი მძიმე ელემენტები ჩამოყალიბდა. ამასთან, ეს უზარმაზარი ვარსკვლავები გარშემო ნეიტრალური აირებს აფრქვევდა და ამ პროცესში, ატომებიდან ამოტყორცნილი ელექტრონები, გალაქტიკათაშორის პლაზმას აყალიბებდა. ასეთი პლაზმა კი ახლომდებარე გალაქტიკებს შორის ახლაც არსებობს.
ამდენად, ახალი გალაქტიკა არამხოლოდ იმითაა საინტერესო, რომ ის ჩვენგან რეკორდულად დიდი მანძილითაა დაშორებული, არამედ იმითაც, რომ ის მეცნიერებს სამყაროს წარმოშობის ადრეული პერიოდის პროცესების ახსნაშიც უნდა დაეხმაროს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123