მეცნიერებმა ასტეროიდის ჩამოვარდნის შესაძლო შედეგები განსაზღვრეს
20 ოქტომბერი
დღეისათვის სულ 818 ისეთი ასტეროიდია დაფიქსირებული, რომელთა ზომები კილომეტრზე მეტია და მათი მოძრაობის ორბიტები ჩვენი პლანეტის სიახლოვეს გადის. მართალია, მათი ჩვენთან ჩამოვარდნის შანსები არც ისე დიდია, მაგრამ ეს შანსები ყოველი ახალი დიდი ასტეროიდის აღმოჩენის კვალობაზე, სულ უფრო იზრდება. და რა მოხდება, თუ ერთი ასეთი ასტეროიდი ოკეანეში ჩავარდება?
ამ საკითხზე გამოკვლევა არიზონას უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერმა ელიზაბეტა პიერაძომ და მისმა ამერიკელმა და გერმანელმა კოლეგებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კაცობრიობას მხოლოდ კოლოსალური ზომის ცუნამი როდი ემუქრება.
მეცნიერებმა ჩაატარეს ისეთი კატასტროფის მოდელირება, რომლის დროსაც, 500-1000 მეტრის ზომის ასტეროიდი, რომლის სიჩქარეც დაახლოებით 18 კილომეტრია წამში, ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, წყლის ზედაპირს 45-გრადუსიანი დახრით დაეცემა. მკვლევარებს პირველ რიგში აინტერესებდათ, ასეთი კატასტროფის შემთხვევაში, რა რაოდენობის წყალი აიტყორცნება ჰაერში და რა გავლენას იქონიებს წყლის ორთქლი და ზღვის მარილი ოზონის შრეზე.
მკვლევარებმა თავიანთი შრომის შედეგები ჟურნალ ”ერთ ენდ პლანეტარი საიენს ლეტერში” გამოაქვეყნეს. სტატიაში ნათქვამია, რომ კილომეტრიანი ასტეროიდის ვარდნის შემთხვევაში, ატმოსფეროს 42 მილიარდი ტონა წყალი და მისი ორთქლი შეერევა. წყლის შხეფები ათასი კილომეტრის რადიუსში გაიფრქვევა და წყლის უწინდელი ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწევს.
ამის შედეგი ის იქნება, რომ ასტეროიდის ვარდნის არეალში, წყალი და მასში არსებული ნივთიერებები ოზონის შრეს გაანადგურებს. დროთა განმავლობაში, ოზონის შრეში წარმოქმნილი ნახვრეტი გაფართოვდება და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თავზე არსებული ოზონის ფენის 70 პროცენტს შთანთქავს. ეს კი ნიშნავს, რომ ატმოსფერო ულტრაიისფერ გამოსხივებას გაატარებს.
და თუ ადამიანები როგორღაც შეძლებენ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავის დაცვას, ამას ვერაფრით მოახერხებს ფლორა და ფაუნა. გადარჩენას ვერც ოკეანის ფლორა შეძლებს, რასაც შედეგად ოკეანის ბინადართა მოსპობა მოჰყვება.
No comments:
Post a Comment