ყველაზე მაღალი კერძო სახლი მსოფლიოში
28 ოქტომბერი
მსოფლიოს მე-14 უმდიდრესი ადამიანი, ინდოელი მუკეშ ამბანი ამიერიდან იმითაც გამოირჩევა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი კერძო სახლის პატრონი გახდა. ოქტომბრის დასაწყისში, ქალაქ მუმბაიში დასრულდა ამბანის დიდი ხნის ოცნების - კერძო ცათამბჯენის, ანტილიას მშენებლობა, რომელშიც თავად მილიარდერი და მისი ოჯახი, თავის მრავალრიცხოვან მომსახურე პერსონალთან ერთად იცხოვრებს.
ანტილიას მშენებლობა შვიდ წელს გაგრძელდა და ის ამერიკულმა კომპანია ”პერკინს + უილმა” ააგო. შენობას ”მხოლოდ” 27 სართული აქვს, თუმცა სართულების რაოდენობა ნუ მოგატყუებთ - საოფისე ცათამბჯენი რომ ყოფილიყო, მასში 60 სტანდარტული სართული თავისუფლად ჩაეტეოდა. ცათამბჯენს აქვს ავტოფარეხი, სადაც 168 ავტომობილი დგება, მათი მომსახურე ავტოსერვისის სახელოსნო, ეგრეთ წოდებული დაკიდული ბაღები, მცირე თეატრი, სავარჯიშო დარბაზი, რა თქმა უნდა, აუზი, წვეულებების დარბაზი, ვერტმფრენების დასაჯდომი სამი პლატფორმა და, რა თქმა უნდა, თავად ამბანის რეზიდენცია.
”ფორბსის” რეიტინგის მიხედვით, ამბანის ქონება 20.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბუნებრივია, ასეთი სიმდიდრის პატრონს მსგავსი ფუფუნების საშუალება აქვს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ”ანტილიას” საპროექტო ღირებულება, მისი სიმაღლის (173.12 მეტრი) გათვალისწინებით, ”ძალიან იაფი”, დაახლოებით 2 მილიონი დოლარი იყო, თუმცა საბოლოოდ ის გაცილებით ძვირი დაჯდა.
ავტოფარეხი რომ ვახსენეთ, მას ექვსი სართული უკავია, მისი სერვის ცენტრი კი მეშვიდე სართულზე მოთავსდა. მერვე სართული მინითეატრს დაეთმო, რომელსაც 50 ადგილი აქვს. თეატრის სახურავზე, ერთი სართული დახურული ორანჟერეაა, მისი ზედა სამი სართული კი ღია, ”დაკიდულ” ბაღებს დაეთმო. შემდგომი ორი სართული ”ანტილიას” ბინადართა ჯანმრთელობას მოემსახურება - იქ აუზი და სავარჯიშო დარბაზი მოთავსდა.
შემდგომ 5 სართულზე კი ბინას სტუმრებს მიუჩენენ, სადაც უბრალო სასტუმრო ნომრები კი არა, აპარტამენტები განთავსდა. შემდგ სართულზე ტექნიკური მომსახურების საშუალებები განთავსდა. მხოლოდ ამის შემდეგი 6 სართული ეთმობა შენობის პატრონის ოჯახს (თავად ამბანი, მისი დედა, მეუღლე და სამი შვილი). რეზიდენციის ზედა სართული ”საჰაერო სივრცის” მომსახურებას განახორციელებს, მის ზედა სართულზე (სახურავზე) კი ვერტმფრენების დასაჯდომია.
დღეისათვის ინდოელი მილიარდერი 14-სართულიან შენობაში ცხოვრობს, ახალ შუშისკედლებიან გიგანტში გადასვლას კი ის ამ დღეებში გეგმავს. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე თვით ქვეყნის პრემიერ მინისტრი მანმოჰან სინგჰიც კია მიწვეული.
დაბოლოს, როგორც გამოცემა ”სიდნეი მორნინგ ჰერალდი” გვამცნობს, ”ანტილიას” აშენება და ინფრასტრუქტურული მოწყობა 77 მილიონი დოლარი დაჯდა. სამაგიეროდ, მუმბაის უძრავი ქონების ბირჟაზე მას უკვე 1 მილიარდ დოლარად აფასებენ...
No comments:
Post a Comment