კონცეპცია ”ჰალო ინტერსცეპტორი” - ავტომობილი, თვითმფრინავი და ნავი ერთ სხეულში
11 ოქტომბერი
ახლა ისევ ფანტომასი და მისი მფრინავი მანქანა გაგვახსენდება. უმეტესობას მაინც ის ფრთოსანი ”სიტროენი” გაახსენდება, რომლითაც ნიღბიანი მონსტრი ჰაერში პირუეტებს ხაზავს. ზოგი კი მფრინავ ავტომობილ ”ტერაფუჯას”, რომლის სერიული წარმოებაც მალე დაიწყება, უფრო მიმზიდველი გარეგნობით წარმოიდგენს.თუმცა, ბრიტანელმა კონცეპტუალურმა დიზაინერმა ფილიპ პოლიმ ისეთი კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავა, რომელსაც იდეაში ფრენაც შეუძლია და ცურვაც და ამგვარად, უფრო უნივერსალურია, ვიდრე ”ტერაფუჯა”, ან ისევ ის ფანტომასის ფრთოსანი ”სიტროენი”. ავტორმა კონცეპციას ”ჰალო ინტერსცეპტორი” უწოდა და თან განმარტა, რომ ეს მუტანტი ავტომიბილიცაა, მოტორიანი ნავიც, თვითმფრინავიც და შვეულმფრენიც.
კონცეპტუალური აპარატი ჩვეულებრივი თვითმფრინავი იქნებოდა, გარეგნულად ავტომობილს რომ არ ჰგავდეს. უკანა ნაწილით ის ”ბუგატი ვეირონს” მოგაგონებთ, წინიდან კი სამბორბლიან ელექტრომობილ ”აპტერას” ჰგავს. მაგრამ ფრენის წინ, ფრთები და კუდი ”ეზრდება”. და, ასე განსაჯეთ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2.4 წამში ავითარებს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე კი 500 კმ/სთ-ია. ჰო, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, კონცეპტუალურ მფრინავ ავტომობილ ნავს კარებები თოლიას ფრთის სტილში ეღება.
როდესაც ნავად გადაკეთდება, ”ჰალოს” სიგრძე 11 მეტრს აღწევს, მისი სიჩქარე კი მფრინავ ვარიანტზე არანაკლებ შთამბეჭდავია - 117 კმ/სთ (63 კვანძი). კონცეპციის ავტორი არაფერს ამბობს თავისი ქმნილების იმ ვარიანტის დინამიკურ მახასიათებლებზე, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. პოლი ამბობს, რომ მის ”ჰალოს” ეს თვისებებიც გააჩნია.
აშკარად შთამბეჭდავია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი მანქანა ჯერ არავის შეუქმნია და ის არაფერს ნიშნავს, რომ კონცეპტუალურ პროექტებზე მომუშავე დიზაინერს ასეთი მანქანის შექმნის იდეა მოუვიდა. საინტერესოა, ვის რაში დასჭირდება ასეთი სუპერ უნივერსალი? მარტო მფრინავი ავტომობილი რომ იყოს, სხვა საქმე იქნებოდა...
სხვათა შორის, ”მარტო” მფრინავი ავტომობილი პირველად შორეულ 1949 წელს შეუქმნია ვინმე ინჟინერ მულტონ ტეილორს. მან თავის საგზაო თვითმფრინავს უბრალოდ და მარტივად, ”აეროქარი” უწოდა. წარმოიდგინეთ, საკუთარი ერთძრავიანი თვითმფრინავით აეროპორტში ეშვებით, მერე მას საკუთარ კუთხეში დააყენებთ, მარტივი მოძრაობებით უცვლით მას უკანა და გვერდით ნაწილებს - ხსნით კუდსა და ფრთებს და სულ რაღაც ხუთ წუთში, ჯდებით მასში და ჩვეულებრივი გზით, საქმიან შეხვედრაზე, ან შინ გაეშურებით...
კარგია და თქვენ წარმოიდგინეთ, ტეილორმა სულ ექვსი ცალი ასეთი მფრინავი ავტომობილი შექმნა. ყველა გაიყიდა და როგორც ამბობენ, მათგან ორი ჯერაც მუშა მდგომარეობაშია...
No comments:
Post a Comment