Wednesday, April 28, 2010

სამგანზომილებიანი მეგა-პრინტერი შენობებს ააგებს
28 აპრილი
ენრიკო დინი
...............................
გარდა იმისა, რომ ბევრ დროსა და მუშახელს მოითხოვს, მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები იმითაც გამოირჩევა, რომ მნიშვნელოვნად ზღუდავს არქიტექტორთა ფანტაზიებს. მაგრამ მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედს იძლევა ერთი იტალიელი ინჟინრის გამოგონება, რომელიც მშენებლობისთვის სამგანზომილებიანი პრინტერის გამოყენებას ითვალისწინებს.
პრინტერით მშენებლობის იდეა იტალიელ ენრიკო დინის ეკუთვნის, რომელმაც ამ მეთოდის გამოყენებაზე პატენტი 2004 წელს აიღო. გამოგონების მიხედვით, მშენებლობისთვის დიდი ზომის სპეციალური პრინტერი, ქვიშა და ეპოქსიდის ფისი იყო საჭირო. რაც მთავარია, ეს მეთოდი ნებისმიერი ფორმის შენობის აგების საშუალებას იძლეოდა (და იძლევა). ენრიკო დინი ინჟინერ მშენებელია. რამდენიმე წლის წინ, მან საკუთარი კომპანია ”მონოლითი” ჩამოაყალიბა, რომელსაც მოგვიანებით სახელი ”D-შეიპით” შეუცვალა.

დინისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილი მანქანა-მშენებელი ჩვეულებრივი პრინტერის პრინციპით მუშაობს და ფაქტობრივად, მისი გიგანტური ვერსიაა. მისი მეშვეობით, პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმისა და ზომის ნაგებობის და სკულპტურის შექმნაა შესაძლებელი.
მშენებელი პრინტერის ფრქვევანები, კომპიუტერის მიერ მითითებული კოორდინატების შესაბამისად, ქვიშით თხელ ფენას ქმნიან, რომელსაც ზევიდან, სხვა ფრქვევანების მეშვეობით, ეპოქსიდი მიეწოდება. ეპოქსიდთან ერთად, ქვიშა მყარდება და ქვისებრ მასას ქმნის, რომელსაც მომდევნო ეტაპზე, მორიგი ფენა ედება და ასე შემდეგ. ასე, ფენა ფენას ედება და პრინტერი სასურველი ფორმის სკულპტურას, ან შენობას ქმნის.

თავიდან დინი და მისი კომპანია, შემაკავშირებელ მასალად ეპოქსიდის ფისს იყენებდა, მაგრამ ამ მასალას რიგი უარყოფითი თვისებები აღმოაჩნდა, რაც მის გამოყენებას ართულებდა. ჯერ ერთი, ეპოქსიდი მაღალი სიბლანტით გამოირჩევა. მეორეც, მას სპეციალური, გამამყარებელი მინარევი სჭირდება. ამის გამო, დინის პრინტერი რთულ, ძვირადღირებულ ფრქვევანებს იყენებდა, რომელშიც ფისის და გამამყარებლის შერევა, ფრქვევანის გამოსასვლელში ხდებოდა.
ეგეც არაფერი. შექმნილი კონსტრუქციები ადვილად აალებადი და მეტისმეტად ტოქსიკური იყო. და, რაც მთავარია, მათ დეფორმაციისადმი მიდრეკილება ჰქონდა. ყოველივეს გამო, შენობის მზიდი კონსტრუქციების ასაგებად, ასეთი მასალა ვერ გამოდგებოდა.
ამის გამო, დინიმ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლებად ბლანტი შემავსებლის გამოყენება გადაწყვიტა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი მასალა ბაზარზე არ არსებობდა. ამიტომ, მან ახალი მეთოდის შემუშავება გადაწყვიტა და ამას მალე მიაღწია - 2007 წელს მისმა კომპანიამ ახალი სისტემის პატენტი მიიღო, რომელიც შემავსებლად არაორგანულ მასალას იყენებს.
ახალ სისტემაში, ძირითადი მასალისა და გამამყარებლის შერევა ფრქვევანამდე ხდებოდა, რითაც კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი - ფრქვევანის გაჭედვა გამორიცხვა. ამასთან, შესაძლებელი გახდა ნებისმიერი მარკის ქვიშის გამოყენება და ”ბეჭდვის” პროცესიც მნიშვნელოვნად გაიაფდა.
”D-შეიპის” თანამედროვე დანადგარებს, ნებისმიერი ფორმის მქონე ობიექტის შექმნა შეუძლია. ამასთან, ის ჩვეულებრივ მეთოდებზე ოთხჯერ უფრო სწრაფად ხორციელდება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შექმნილი ობიექტი ორჯერ უფრო იაფიც ჯდება. არადა, პრინტერის ”სავეჭდი” მასალები ბეტონზე ორჯერ ძვირი ღირს. დაკიდევ, ”ბეჭდვით” მშენებლობა თითქმის არ ტოვებს ნარჩენებს.
”D-შეიპის” პრინტერი ალუმინის კონსტრუქციაა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი გაბარიტებით გამოირჩევა, მაინც საკმაოდ ცოტას - 1300 კილოგრამს იწონის. მას იმდენად მარტივი კონსტრუქცია აქვს, რომ ამ საქმეზე გაწაფული ორი მუშა რამდენიმე საათში დაშლის, ან ააწყობს. დანადგარი ოთხ სვეტს ეყრდნობა, რომლებიც დასაკეცია. მათი მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრს აღწევს. მათ შორის გადებულია რელსები, რომლებზეც საბეჭდი მოწყობილობა გადაადგილდება. ელექტროპნევმატური მოწყობილობის მეშვეობით, ჩარჩო, რომელზეც მბეჭდავი მოწყობილობაა (მასზე 300 ცალი ფრქვევანაა განლაგებული) დამაგრებული, 0.1 მილიმეტრით მაღლა იწევა. ყოველი შრის სისქე კი 5-10 მილიმეტრს აღწევს.
შექმნილი კონსტრუქციის, ან მისი ნაწილის გაშრობას ერთი დღე-ღამე სჭირდება, რის შემდეგაც, ის მარმარილოს ემსგავსება. ეს სტრუქტურა ბეტონზე მყარი და მტკიცეა და არმირება აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, პრინტერს შენობის არამხოლოდ გარე კედლების, არამედ ოთახებს შორის ტიხრების ამოყვანაც შეუძლია. თანაც, ამას ისე გააკეთებს, რომ თან დააყოლოს სავენტილაციო მილები, ელექტროგაყვანილობისთვის საჭირო მილები და კიბეებიც კი.
რამდენადაც დანადგარის სიგრძე და სიგანე მხოლოდ 6-6 მეტრია, მშენებელი პრინტერით შესაძლებელია მხოლოდ ისეთუ სტრუქტურის აგება, რომელიც ამ გაბარიტებში ეტევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი მეშვეობით უფრო დიდი ფართობის მქონე შენობების აგება შეუძლებელია. უბრალოდ, მისი ნაწილ-ნაწილ დაბეჭდვა იქნება საჭირო.
ეს დანადგარი უკვე საქმეშიც გამოიცადა. მისი მეშვეობით, დინიმ და მისმა კომპანიამ, ლონდონელ არქიტექტორ ანდრეა მორგანტესთან ერთად, შექმნა სკულპტურა ”რადიოლარია”, რომელსაც იტალიის ქალაქ პონტედერას შემოგარენში დადგამენ. ამ სკულპტურის სიმაღლე 2 მეტრია, მის ამოყვანას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდა, მის დამუშავება-გახეხვას კი - ერთი კვირა. რაც მთავარია, მასზე დახარჯული მასალების ღირებულებამ 100 დოლარზე ნაკლები შეადგინა.
ამჟამად, ენრიკო დინი და მისი კომპანია მოლაპარაკებას რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან აწარმოებენ, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიის გამოყენება სურთ. პრინტერი-მშენებლით დაინტერესდა ევროპული კოსმოსური სააგენტოც, რომელიც მისი მეშვეობით, მთვარეზე ასტრონავტებისთვის ბაზის აგებას აპირებს. ამ თემაზე, ”D-შეიპთან” მოლაპარაკებას ქალაქ პიზას (იტალია) უმაღლესი სკოლა, ლონდონელ არქიტექტორ ნორმან ფოსტერის კომპანია და კომპანია ”ალტა სპეისი” აწარმოებენ.
”D-შეიპის” უახლოეს გეგმებში კი პრინტერის გაცილებით დიდი ვერსიის დამზადება შედის, რომლის მეშვეობითაც, დიდი ზომის შენობების დამზადება იქნება შესაძლებელი. ის არც იმას გამორიცხავს, რომ ოდესმე გიგანტურ პრინტერს დაამზადებს, რომლის მეშვეობითაც, მაგალითად, ვატიკანის წმინდა პეტრეს სახელობის ტაძრის ზუსტი ასლის დამზადება იქნება შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123