Wednesday, April 21, 2010

ობამა მარსზე ადამიანის გადასვლაზე ოცნებობს

21 აპრილი

ბარაკ ობამა NASA-ში გამოსვლისას
.....................................................................


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამ წლის დასაწყისში ბევრი აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ბუშის პრეზიდენტობისას შემუშავებული ”მთვარის პროგრამა” შეაჩერა და პარალელურად, რამდენიმე პროექტს, რომლებზეც უკვე არაერთი მილიარდი დოლარი იყო დახარჯული, წერტილი დაუსვა.

ყველაზე მეტად კი სპეციალისტებს რაკეტა-მატარებელ ”ორიონზე” სწყდებოდათ გული, რომელიც არამარტო ”მთვარის პროგრამაში” იყო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, არამედ თავისი უნივერსალობის წყალობით, ბევრ სხვა პროექტშიც ფიგურირებდა.

კოსმოსური აპარატი ორიონი
........................................................

და აი, კენედის კოსმოსურ ცენტრში გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ რაკეტა ”ორიონის” პროექტზე მუშაობა გაგრძელდება. ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ დედამიწის მახლობელ ორბიტებზე, მათ შორის, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ამერიკელების მისიების შესრულება კერძო კომპანიებს დაევალება, რომლებიც ამ საქმეს თავს უფრო სწრაფადაც გაართმევენ თავს და ამას გაცილებით იაფადაც გააკეთებენ.
რაც შეეხება ”მთვარის პროგრამას”, მასზე უარი საბოლოოდ ითქვა. ობამას განცხადებით, აზრი არ აქვს იმ მიღწევის განმეორებას, რაც ამერიკელებს 1960-70-იან წლებში ჰქონდათ, როდესაც მათ მთვარეზე რამდენჯერმე გადასხეს ასტრონავტები. ობამა ამბობს, რომ იმ თანხებით, რომლებიც ”მთვარის პროგრამას” უნდა მოხმარებოდა, გაცილებით მეტი და სასარგებლო საქმის გაკეთება იქნება შესაძლებელი.
კერძოდ, ამერიკელები უმთავრესად ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას მოჰკიდებენ ხელს, რომელთა საშუალებითაც, მზის სისტემის სიღრმეში ვოიაჟები იქნება შესაძლებელი. ამ მიმართულებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც ასტრონავტებს და კოსმოსური ხომალდის აპარატურას რადიაციისგან დაიცავს.
ობამას თქმით, 2025 წლისთვის უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ტიპის კოსმოსური ხომალდი, რომელიც სხვა პლანეტებისკენ ფრენას შეძლებს. შესაძლოა, ასეთი აპარატის მეშვეობით, ასტრონავტებმა პირველ რიგში, რომელიმე ასტეროიდი მოინახულონ. შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს ასტრონავტების მარსის ორბიტაზე გაგზავნა და იქიდან მათი უკან უპრობლემოდ დაბრუნება. ამას კი მარსზე პილოტირებადი ხომალდის დასმა მოჰყვება. ობამა იმედოვნებს, რომ ნახავს, როგორ დადგამენ ამერიკელი ასტრონავტები ფეხს მარსის ზედაპირზე.
”ჩვენი მიზანია, შევქმნათ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა ჩვენი პლანეტის მიღმა, დიდი ხნით უსაფრთხოდ ცხოვრება და მუშაობა შესძლონ. ამ ამოცანის შესასრულებლად, ჩვენ კოსმოსში მიღწევების სფერო მნიშვნელოვნად უნდა გავაფართოვოთ. ამისათვის კი საჭიროა, რომ ამერიკა აქ, დედამიწზე, მოწინავე ქვეყნად დარჩეს”, - განაცხადა ობამამ.
პრეზიდენტის ახალი პროგრამის მიხედვით, ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტოს (NASA) ბიუჯეტი 6 მილიარდი დოლარით დაიზრდება. ამავე პროგრამით, ახალი შეკვეთების ათვისების კვალობაზე, NASA-ში დაახლოებით 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123