ოკეანის ენერგიით მოცურავე რობოტი
21 აპრილი
ამერიკელმა მეცნიერებმა დაამზადეს და გამოსცადეს პირველი წყალქვეშა რობოტი, რომელიც ენერგიას ოკეანისგან, ყოველგვარი საწვავის მოხმარების გარეშე ღებულობს. აპარატის შექმნასა და ტესტირებაში (რომელიც ჰავაის არქიპელაგის მახლობლად ჩატარდა) მონაწილეობა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიისა და სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის (სან დიეგო, კალიფორნია) მეცნიერებმა მიიღეს.
აპარატის სახელწოდებაა SOLO-TREC (საუნდინგ ოუშენოგრაფიკ ლეგრანჟიან ობსერვერ თერმალ რიჩარჯინგ), ანუ ”ოკეანოგრაფიული ბგერითი ლეგრანჟული დამკვირვებელი თერმული დამუხტვით”. პირველად წყალში ის შარშან, 30 ნოემბერს ჩაუშვეს, სამი თვის შემდეგ კი აპარატმა პირველი ხანგრძლივი ტესტირება დაასრულა. ტესტების პროცესში, ”სოლო-ტრეკმა” 300-ზე მეტი ჩაყვინთვა შეასრულა და გამძლეობაზე გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
”სოლო-ტრეკი” ენერგიას ოკეანის ზედაპირისა და სიღრმისეული წყლის ტემპერატურებს შორის სხვაობიდან ღებულობს. ამისათვის კი, პერიოდულად ის 500 მეტრის სიღრმეზე უნდა ჩავიდეს. მუშა ტანის როლს ასრულებს სპეციალურად შერჩეული მასალა, რომელიც, 10 გრადუს ცელსიუსზე მეტად გათბობის შემთხვევაში, თხევადდება და დაახლოებით 13%-ით ფართოვდება. ტემპერატურის კლების შემთხვევაში კი ის მყარდება და იკუმშება.
გაფართოება-შეკუმშვის პულსირებისას, სამუშაო ტანთან დაკავშირებულ ჰიდრავლიკურ სისტემაში წარმოიქმნება წნევა, რომელიც სპეციალური ზეთის დახმარებით, ჰიდროძრავს ამუშავებს, ამ უკანასკნელს კი მოქმედებაში მოჰყავს მასთან დაკავშირებული გენერატორი, რომელიც აკუმულატორებს მუხტავს.
”სოლო-ტრეკი” იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ დღეში 3-4 ჩაყვინთვა განახორციელოს. ყოველი ჩაყვინთვის დროს, ენერგო სისტემა 1.6-1.7 ვატ საათი ენერგიის გამომუშავებას ახერხებს. ეს საკმაოდ ცოტაა, თუმცა საკმარისია იმისათვის, რომ ამუშაოს სამეცნიერო სენსორები, GPS-ნავიგატორი, კავშირის სისტემა და მართოს აპარატი. აპარატს ჩაყვინთვასა და ამოსვლაში ეხმარება სპეციალური ტივტივა, რომელიც მუშაობის პროცესში, მოცულობას იცვლის.
”სოლო-ტრეკი” საშუალო სიმაღლის ადამიანზე მაღალია და სულ რაღაც 84 კილოგრამს იწონის. მისი კორპუსის გარშემო განლაგებულია 10 ცალი მილი, რომლებშიც სამუშაო ნივთიერებაა მოთავსებული. მილები კი კორპუსზეა დამაგრებული. თითოეული მილი 1.6-1.7 ვატ საათ ენერგიას გამოიმუშავებს.
ჰავაიზე ჩატარებული პირველი ტესტების შემდეგ, რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიისა და ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტები უფრო ხანგრძლივ ტესტებს ჩაატარებენ. ამ ტესტების დროს, აპარატი თავიდან წყალში რამდენიმე თვეს დაჰყოფს და ექსპერიმენტების წარმატებულობის შემთხვევაში, ტესტები რამდენიმე წელსაც კი გასტანს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი აპარატები, რემონტის გარეშე წლების განმავლობაში შეძლებენ მუშაობას და ოკეანეების სიღრმიდან ინფორმაციის უწყვეტად მოწოდებას უზრუნველყოფენ.
No comments:
Post a Comment