სირიაში ძველი ქალაქის კვალს მიაგნეს
8 აპრილი
ამერიკელმა და სირიელმა არქეოლოგებმა, სირიის ჩრდილოეთში, მდინარე ევფრატის აუზის ზედა ნაწილში, ტელ ზეიდანის სახელით ცნობილ გორაკზე ჩატარებული გათხრების შედეგად, ქალაქის მსგავსი დასახლების კვალს მიაგნეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ქალაქის კვალი იყოს.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ნაშთები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000-4000 წლების პერიოდის დასახლებას ეკუთვნის და ის უბეიდთა კულტურის ნაწილია, რომელიც ამ ეტაპზე, ცუდადაა შესწავლილი. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ აღნიშნულ პერიოდში დაიწყეს ადამიანებმა სარწყავი სისტემების შექმნა, სავაჭროდ შორეული მოგზაურობები. ამავე პერიოდში უნდა დაწყებულიყო ადამიანთა სოციალურ კლასებად (მდიდრებად და ღარიბებად) დაყოფა, რის შემდეგაც ასპარეზზე მათი ინტერესების დამცველნი - პოლიტიკოსებიც უნდა გამოჩენილიყვნენ. ამის ირიბი მანიშნებელია მარტივსიმბოლიკიანი ბეჭდები, რომლებითაც სავარაუდოდ, იმ დროის პოლიტიკოსები (დიდგვაროვნები) სარგებლობდნენ.
ტელ ზეიდანში აღმოჩენილი ნაშთები იმაზეც მეტყველებს, რომ ამ ადგილზე იმ დროს სპილენძის მეტალურგია კარგად უნდა ყოფილიყო განვითარებული. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ტელ ზეიდანში სპილენძს, ამ ადგილიდან ჩრდილო-დასავლეთში, 300-400 კილომეტრით დაშორებულ საბადოზე (იქ ახლა თურქული ქალაქი დიარბექირი მდებარეობს) მოპოვებული მადნიდან ადნობდნენ.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ჟილ შტაინი ვარაუდობს, რომ უბეიდების კულტურა უფრო ძველია, ვიდრე მდინარეებს, ტიგროსსა და ევფრატს შორის (მესოპოტამიის) არსებული პირველი ქალაქის ტიპის დასახლებები. ის იმედოვნებს, რომ ტელ ზეიდანში აღმოჩენილი ნაქალაქარი მეცნიერებს უბეიდთა კულტურის უკეთ შესწავლის საშუალებას მისცემს.
ერაყში ომის გამო, მესოპოტამიაში გათხრები დიდი ხნით შეჩერებული იყო, მაგრამ ამ ქვეყანაში სტაბილურობის დამკვიდრების კვალად, არქეოლოგიური გათხრების ინტენსივობა იზრდება და ერაყში, სირიასა და თურქეთის სამხრეთში, უცხოელი და ადგილობრივი არქეოლოგების ნაკადი არ წყდება.
დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში უბეიდების კულტურა ურუკის კულტურის ჩრდილში იყო მოქცეული. ეს უკანასკნელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000-3200 წლების პერიოდში არსებობდა და იმის გამო, რომ შედარებით ახალი ცივილიზაციაა, უბეიდურ ხანას ჩრდილავდა - გათხრების დროს, ხშირად უბეიდის ხანის ნარჩენებს შემდგომი პერიოდების ნასახლარები და ნაქალაქევები ფარავდა. მაგრამ ახალი აღმოჩენები უბეიდთა კულტურის უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა.
No comments:
Post a Comment