Wednesday, April 14, 2010

”პაფინი” – NASA-ს ელექტრო თვითმფრინავი
NASA Puffin personal electric aircraft concept
14 აპრილი


აშშ-ის ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტოს ინჟინერმა მარკ მურმა შეიმუშავა პროექტი მსუბუქი საფრენი აპარატისა, რომელიც აფრენას და დაშვებას ვერტიკალურად მდგარი ახორციელებს და რაც მთავარია, რომლის ფრენასაც ორი ელექტროძრავი და მასთან დაკავშირებული ხრახნები (პროპელერები) უზრუნველყოფს.

სახელი ”პაფინი” ქარიშხალას ნიშნავს და კარგად შეესაბამება ამ კონცეპტუალურ საფრენ აპარატს. მიწაზე ”მჯდარი”, ქარიშხალას მსგავსად, ის საკმაოდ ტლანქად გამოიყურება, მაგრამ ჰაერში მომენტალურად მტაცებლად გარდაიქმნება. მურის თქმით, მისი ”ქარიშხალაც” ზუსტად ასეთია. პროექტის მიხედვით, აპარატის უკანა ფრთასხმულობა იმგვარადაა მოწყობილი, რომ ის მაშინვე ოთხ საყრდენ ფეხად გარდაიქმნება, როგორც კი თვითმფრინავი მიწაზე ეშვება.



უჩვეულო საფრენი აპარატის სიგრძე (უფრო სწორედ, სიმაღლე) 3.7 მეტრი, ფრთაშლილობა 4.1 მეტრი, პროპელერების დიამეტრი კი 2.3 მეტრია. მეტწილად კომპოზიციური მასალებისგან შექმნილი ”პაფინის” წონა სულ რაღაც 135 კილოგრამი უნდა იყოს, 45 კილოგრამი კი მაშინ დაემატება, როცა მასში ლითიუმ-ფოსფატური აკუმულატორების ბლოკი მოთავსდება.
”პაფინის” კრეისერული სიჩქარე 240 კმ/სთ-ს მიაღწევს, ფორსაჟზე მუშაობისას კი სიჩქარე გაორმაგდება. ამ აპარატს კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს - საწვავის გარდა, მას არც ჰაერი ესაჭიროება (საწვავი ნარევის შესაქმნელად) და ამიტომ, დიდ სიმაღლეზე ფრენასაც შესძლებს, სადაც გაუხშოებული ჰაერის გამო, ჩვეულებრივი თვითმფრინავების ასვლა პრობლემურია.
რამდენადაც თანამედროვე აკუმულატორების ტევადობა საკმაოდ მცირეა, ”პაფინის” ფრენის სიშორე მხოლოდ 80 კილომეტრია. მაგრამ მალე აკუმულატორების წაროების სფეროში დიდი გარღვევაა მოსალოდნელი, რისი წყალობითაც, მათი ტევადობა გაიზრდება, წონა კი შემცირდება. ეს კი ”პაფინის” მახასიათებლებზე დადებითად იმოქმედებს. პროექტის ავტორი იმედოვნებს, რომ 2017 წელს ”ქარიშხალას” ფრენის სიშორე 320 კილომეტრს მიაღწევს.
ამ საფრენი საშუალების მონაცემები არც ისე ურიგოდ გამოჩნდება, როცა გავითვალისწინებთ, რომ მას მხოლოდ 60-ცხენისძალიანი ორი ელექტროძრავი ემსახურება. თუმცა, მცირე სიმძლავრის მიუხედავად, ამ ტიპის ძრავებს საწვავზე მომუშევასთან შედარებით, რიგი უპირატესობანი გააჩნია. მაგალითად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 95%-ს აღწევს, როდესაც საწვავზე მომუშავე ძრავების იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 18-23%-ია. ელექტროძრავი არც სითბოს გამოჰყოფს და ბუნებრივია, არც ისეთი გაგრილება ესაჭიროება, როგორც რეაქტიულ, ან ტურბოხრახნულ ძრავებს. ამათი გაგრილების სისტემა კი თვითმფრინავის აეროდინამიკას მნიშვნელოვნად აუარესებს.
ამასთან, ელექტროძრავები გაცილებით უხმაუროდ მუშაობს. 150 მეტრის სიშორეზე, მის მიერ გამოცემული ხმის სიმძლავრე მხოლოდ 50 დეციბელია, რაც თითქმის იგივეა, რაც ჩვეულებრივი ლაპარაკის დროს გამოცემული ხმა. ამგვარად, საცხოვრებლის სიახლოვეს ”პაფინისთვის” სასტარტო მოედნის მოწყობა არავითარ პრობლემას არ შექმნის.
სხვათა შორის, პროექტ ”პაფინს” სამხედრო დანიშნულება აქვს. NASA-ში მის ბაზაზე დისტანციურად მართვადი, ერთი მესამედის ზომის მოდელის შექმნას აპირებენ, რომელზეც შემოწმდება მურის მიერ ჩატარებული ყველა თეორიული გათვლა. და თუ ტესტები წარმატებით ჩაივლის, მურის პროექტს განხორციელების შანსი გაუჩნდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123