იაპონური აფროსანი ვენერასკენ მიემგზავრება
5 მაისი
კოსმომფრენი აფროსანი ”იკაროსი”.........................................................................
18 მაისს, ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან, სტარტს აიღებს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური რაკეტა, რომელიც კოსმოსში იაპონურსავე ხომალდ ”იკაროს-ს” გაიყვანს. მისია იმითაა საინტერესო, რომ მისი მარშრუტი ვენერასკენაა მიპყრობილი, ხომალდი კი აფრების მეშვეობით გადაადგილდება.
”იკაროსის” ფრთის გაშლის სქემა
”იკაროსის” ფრთის გაშლის სქემა
.........................................................................
სახელწოდება ”იკაროსი” სიმბოლურიცაა და აბრევიატურაც. სიმბოლურია, რადგან ხომალდი რაღაცით (თუ რით, ამაზე ქვემოთ) ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟს მოგვაგონებს. აბრევიატურა კი შემდეგს ნიშნავს: ინტერპლანეტარი კაიტ-კრაფტ აქსელერეიტდ ბაი რადიეიშნ ოფ დი სან - საპლანეტთაშორისო ხომალდი-აფროსანი, რომელსაც მზის გამოსხივება აჩქარებს (ამოძრავებს). მოკლედ, ეს არის ხომალდი, რომელიც სარაკეტო ძრავის ნაცვლად, გადასაადგილებლად აფრებს იყენებს. ოღონდ, მისი აფრები ატმოსფერული ქარის ძალის ნაცვლად, მზის გამოსხივების ქარს იყენებს.
კოსმოსური აპარატი ”აკაცუკი”
კოსმოსური აპარატი ”აკაცუკი”
.................................................................
ისე, მითიურ იკაროსთან სახელით მსგავსება ცოტა არასასურველად მოჩანს - ის ხომ მზის სიახლოვეს ფრენამ დაღუპა. თუმცა იაპონიის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი იუიჩი ცუდა დარწმუნებულია, რომ ”მითიური იკარუსისგან განსხვავებით, ხომალდი იკარუსი არ ჩამოვარდება”.
”იკაროსთან” ერთად, იაპონური რაკეტა-მატარებელი (H-IIA) კოსმოსში კიდევ ერთ ტვირთს - საპლანეტთაშორისო სადგურ ”აკაცუკის” (იგივე პლანეტ-C-ს) აიტანს. ეს სადგურიც ჩვენი მეზობელი პლანეტის ორბიტისკენ გაემგზავრება და მის კლიმატსა და ზედაპირს იქიდან დააკვირდება.
შემდეგი აფროსანი კოსმომფრენი იუპიტერსა და ასტეროიდების ჯგუფ ტროელებზე გაიგზავნება
.................................
”აკაცუკი” საკმაოდ მოზრდილი უპილოტო აპარატია. ის 640 კილოგრამს იწონის, რომლის ნახევარიც საწვავზე მოდის. აპარატზე უამრავი მოწყობილობა, ანტენა და კამერაა მოთავსებული, რომელთა მეშვეობითაც, ”აკაცუკიმ” ვენერას ატმოსფერო, ვულკანები, ატმოსფერული მოვლენები (მაგალითად, ელვები) და ატმოსფეროში სხვადასხვა სიმაღლეზე არსებული ღრუბლები უნდა შეისწავლოს.
მართალია, ”აკაცუკი” და ”იკაროსი” სტარტს ერთად აიღებენ, მაგრამ მზის სისტემის მეორე პლანეტისკენ სხვადასხვა გზით და ტრაექტორიით გაემართებიან. და თუ ”აკაცუკის” მიზანი ვენერას შესწავლაა, ”იკაროსმა” აფრით შორეულ კოსმოსში ფრენის თავისებურებები უნდა გამოავლინოს.
სხვათა შორის, პირველი აფროსანი ხომალდიც კოსმოსში იაპონელებმა გაუშვეს (2004 წელს). პირველი ექსპერიმენტი ნაწილობრივ ჩატარდა - შემოწმდა მხოლოდ მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც, აფრები გაიშალა. მაგრამ მათი მეშვეობით ხომალდის სიჩქარის შეცვლა ვერ მოხერხდა. ამჯერად კი იაპონელ მეცნიერებს მხოლოდ აფრის გაშლა ვერ დააკმაყოფილებს.
”იკაროსმა” თავისი აფრები ფრენის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში უნდა გაშალოს, მათი მეშვეობით კი, დამოუკიდებლად მანევრირება და ორბიტების შეცვლა უნდა შეძლოს. ვენერას ორბიტამდე გასასვლელად და ორბიტებს შორის მანევრირებისთვის, ”იკაროსს” ექვსი თვე აქვს. ცნობისათვის, მსგავს პროექტზე ამერიკელი სპეციალისტებიც მუშაობენ, ოღონდ მათი მისია ცოტა გვიან დაიწყება.
აფრაგაშლილ ”იკაროსს” კვადრატის ფორმა აქვს, რომლის გვერდების სიგრძეც 14 მეტრს შეადგენს. აფრა პოლიიმიდის აფსკისგან შედგება და მისი სისქე სულ რაღაც 7.5 მიკრომეტრს შეადგენს. აფრის ზოგიერთ ადგილზე დამაგრებულია 25 მიკრომეტრის სისქის მზის ელემენტები. ისინი მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან და მას აპარატის სხვადასხვა მოწყობილობას მიაწვდიან. ამ მოწყობილობათა შორისაა ის სენსორები, რომლებითაც კოსმოსური მტვრის დარტყმების რაოდენობა და მათი ძალა განისაზღვრება.
იაპონური აპარატი აფრას ორ ეტაპად გაშლის. პირველ ეტაპზე, ის რაკეტა-მატარებელს მოშორდება და დამოუკიდებელ ფრენას შეუდგება. ამ დროს, ის საკუთარივე ღერძის გარშემო იბრუნებს (წუთში 5 ბრუნი). მას შემდეგ, რაც ხომალდი მზის მიმართ სასურველ პოზიციას დაიკავებს, მართვის ცენტრიდან, მისი ბრუნვის სიხშირეს 20 ბრ/წთ-მდე გაზრდიან. ამ დროს გაიხსნება აფრის წვერებში მოთავსებული ოთხი საკეტი, რომლებიც სპეციალურ ბალასტებს ”გაათავისუფლებენ”. ეს ბალასტები კი, აპარატის ბრუნვის დროს, კიდეებისკენ გაიწევს და თან აპარატში ჩაკეცილი აფრის საყრდენებს გაიყოლებს. მეორე ეტაპზე, სხვა ფიქსატრები გაიხსნება, რომლებიც აფრის აპკს გაათავისუფლებს და ის საყრდენებს შორის გაიშლება.
გაშლილი აფრა მზის სხივებს დაიჭერს და მათი მეშვეობით, მბიძგველ ძალას მიიღებს. მართვის ცენტრიდან, მისიის ოპერატორებს აფრის მზის სხივებისადმი დახრის ცვლის საშუალება აქვთ. ამ კუთხის ცვალებადობა კი ხომალდს მიმართულების შეცვლის საშუალებას მისცემს.
”იკაროსი” პირველი აფროსანი კოსმოსური ხომალდია, რომელიც ჩვენი პლანეტის ორბიტას გასცდება. ამასთან, ის პირველი მსგავსი ტიპის აპარატია, რომელიც აფრას გადაადგილების საშუალების გარდა, ელექტროენერგიის მისაღებადაც გამოიყენებს. ცუდა იმედოვნებს, რომ ”იკაროსის” წარმატებულობის შემთხვევაში, იაპონელები აფროსნების უფრო შორეულ მოგზაურობაში გაშვებასაც გეგმავენ.
მათს შემდეგ აფროსანს გვირილას ფორმა ექნება, რომლის ფურცლების გარე დიამეტრი 50 მეტრს მიაღწევს. ასეთ აპარატებს იაპონელები საშუალოგაბარიტიანს უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო დიდი ზომის აფროსნების დამზადებასაც აპირებენ. მეორე აპარატის მთავარი თავისებურება ისაა, რომ მასში იონურ ძრავებსაც გამოიყენებენ. მათი მეშვეობით კი აპარატის მანევრულობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
გვირილასებრ აპარატს იაპონელები იუპიტერსა და ტროელების სახელით ცნობილ ასტეროიდებზე გაგზავნიან. ჯერჯერობით, იაპონიის კოსმოსური სააგენტო ამ აპარატის გაშვებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმავს, თუმცა ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული იქნება ”იკაროსის” მისია.
No comments:
Post a Comment