Wednesday, May 26, 2010

როცა შიშს დიდი თვალები აქვს
უპილოტო X-37B ჯერ მხოლოდ საცდელ ფრენას ასრულებს
26 მაისი

ერთი თვის წინ, ამერიკელებმა წარმატებით გაუშვეს სრულიად ახალი, მრავალჯერადი გამოყენების, შატლის ტიპის უპილოტო კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით X-37B, რომლის დანიშნულებაც ამ ტიპის აპარატის კოსმოსში ფრენის თავისებურებათა შესწავლა და მის ბაზაზე უფრო დახვეწილი ხომალდების წარმოებაა. თუმცა ჩვენი ჩრდილოელი ”მეგობრები” შიშობენ, რომ შესაძლოა, X-37B-ს სხვა, საბრძოლო დანიშნულების მისიებიც ჰქონდეს.



კერძოდ, მართალია ამას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ რუსები შიშობენ, რომ ამ მისიით, ამერიკელებმა კოსმოსში ბაზირებადი ლაზერული იარაღის გამოცდა დაიწყეს. პენტაგონი უარყოფს, რომ ამ აპარატს რაიმე შეტევითი დანიშნულების მისია აკისრია, თუმცა აღიარებს, რომ X-37B-ს ერთ-ერთი დანიშნულება, სახმელეთო ოპერაციების დროს, დაზვერვითი ოპერაციების შესრულების და სახმელეთო ჯარების ყოველგვარი ინფორმაციით მხარდაჭერის უზრუნველყოფის უნარის შემოწმებაა.
გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, ამ მომცრო ზომის აპარატს, დაბალ ორბიტაზე დაზვერვითი მინი-თანამგზავრების ჯგუფის გაშვება შეუძლია, რომელთა მეშვეობითაც, პენტაგონი ჩვენი პლანეტის ნებისმიერ რეგიონში შეძლებს სიტუაციის სრულად გაკონტროლებას.



აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კოსმოსური პროგრამების მეთაურის მოადგილე გარი პეიტონი ამბობს, რომ X-37B-ს თან არ აქვს შეტევითი ტიპის იარაღი და რომ მისი დანიშნულება, ამ ტიპის აპარატების კოსმოსში მუშაობის ტესტირებაა. თუმცა აღიარებს, რომ მას თავისუფლად შეუძლია სამხედრო ოპერაციებში მონაწილე სახმელეთო ჯარების მხარდაჭერა.
სამოქალაქო ასტრონომები კი, რომლებმაც პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან შეძლეს ცაზე X-37B-ს დაფიქსირება, დაადგინეს მისი ტრაექტორია და ორბიტაზე ფრენის სიხშირე. ასევე დადგენილია, რომ მისი ტრაექტორია ისეთია, რომ მსოფლიოს ყველაზე ცხელი არეალების (ერაყის, ირანის, ავღანეთის, პაკისტანის და ჩრდილოეთ კორეის) კონტროლი შეუძლია. აპარატის ფრენის სიმაღლე 410 კილომეტრია, ორბიტაზე ერთ სრულ ბრუნს კი ის დღენახევარში ასრულებს.
მრავალჯერადი დანიშნულების უპილოტო X-37B ჯერ კიდევ 1999 წელს ააგეს. მაშინ ის NASA-ს პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ტესტირებაც გაიარა, 2006 წელს კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ პროექტი სამხედრო-საჰაერო ძალებს გადააბარა. პარალელურად, სრულად გასაიდუმლოვდა მისი დანიშნულება და ბიუჯეტი.
აპარატი X-37B ბევრი თავისებურებით გამოირჩევა. მისი ფრთების გაშლა სულ რაღაც 4.2 მეტრია, სიგრძე კი - 8.8 მეტრი. ფრთებს V-ს ფორმა აქვს, რაც ასევე სიახლეა ასეთი ტიპის აპარატების წარმოებაში. გარდა ამისა, X-37B-ს ზედაპირი თბოიზოლაციის უფრო თანამედროვე მასალებითაა დაფარული, ვიდრე პილოტირებადი შატლები. X-37B-ს კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ერთი მისიის დასრულების შემდეგ, მომდევნო მისიისთვის მოსამზადებლად, მცირე დრო სჭირდება. ამასთან, მისი მომსახურება იაფი ჯდება და დიდ დროსაც არ მოითხოვს.
X-37B-ს მიმდინარე მისიის ნომინალური ხანგრძლივობა 270 დღეა, თუმცა შესაძლოა, ის ხმელეთზე უფრო ადრეც დაბრუნდეს. ასე დიდხანს კოსმოსში მისი ყოფნისას, აპარატურის მუშაობას ის ენერგია უზრუნველყოფს, რომლის გამომუშავებაც მზის გასაშლელი ელემენტებით ხდება. გარდა ამისა, X-37B-ს მცირე ზომის და სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრების მიღებაც შეუძლია.
სხვათა შორის, მალე ამერიკელები კოსმოსში გაუშვებენ სამხედრო დანიშნულების კიდევ ერთ რაკეტას - ”მინოტავრ IV-ს”, რომელიც კოსმოსში შეტევითი ტიპის იარაღს გამოსაცდელად გაიტანს. საქმე ეხება ჰიპერბგერით უმართავ რაკეტას, რომელსაც პერსპექტივაში, პლანეტის ნებისმიერ წერტილამდე ერთ საათში მიღწევა შეუძლია. ასეთი რაკეტის სიჩქარე 5792 კმ/სთ-ია, ფრთოსანი ”ტომაჰავკის” სიჩქარეზე დაახლოებით შვიდჯერ მეტი. მისი გაშვება შესაძლებელი იქნება როგორც ჰაერიდან, ასევე ხმელეთიდან და საზღვაო ხომალდიდან. მის ეფექტურობას განაპირობებს როგორც ქობინის სიმძლავრე, ასევე კინეტიკური ენერგია, რომელიც მიზანთან მისი შეჯახებისას გამოიყოფა.
რაც შეეხება საჰაერო ბაზირების ლაზერულ იარაღს, ასეთს ამერიკელები მართლაც ქმნიან, ოღონდ მას კოსმოსური ხომალდი კი არა, სპეციალურად მოდერნიზებული ”ბოინგ 747” ატარებს. უკვე ჩატარებულმა პირველმა ტესტებმა ცხადყო, რომ ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო დანიშნულების ლაზერით შესაძლებელია როგორც მტრის სტრატეგიული თვითმფრინავების, ასევე ბალისტიკური რაკეტების და საარტილერიო ჭურვების განადგურებაც კი.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123