Thursday, May 27, 2010

იაპონელები მთვარეზე ბაზის შექმნას აპირებენ
27 მაისი

იმ დროს, როდესაც ამერიკელებმა მთვარის პროგრამა გააჩერეს, იაპონელები სწორედ მთვარის ათვისების მისიებს ამუშავებენ და იმედოვნებენ, რომ 2020 წელს, ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე საკვლევ ბაზას გახსნიან, სადაც ადამიანის მსგავსი რობოტები ავტონომიურად იმუშავებენ. ეს პროექტი მინისტრთა კაბინეტთან არსებული სამეცნიერო საბჭოს კოსმოსის სპეციალისტებმა შეიმუშავეს, რომლებსაც ტოკიოს ვასედას უნივერსიტეტის რექტორი კაცუჰიკო სირაი ხელმძღვანელობს.



სამეცნიერო საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმით, 2020 წელს იაპონელებმა მთვარის სამხრეთ პოლუსის არეში, სამეცნიერო, არადასახლებული სადგური უნდა აამოქმედონ, რომელიც ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს. ეს სადგური, ელექტროენერგიით მოამარაგებს მასში არსებულ საკვლევ და სხვა დანიშნულების დანადგარებს და ასევე იქ მომუშავე რობოტ-ანდროიდებსაც.
ოაპონელ მეცნიერთა თქმით, მთვარეზე სამეცნიერო-კვლევითი სადგურის ამოქმედება, პირველი ნაბიჯია იმ ტექნოლოგიების შემუშავებისკენ, რომლებსაც კაცობრიობა კოსმოსის შესასწავლად და ასათვისებლად გამოიყენებს.
იაპონელთა გეგმის პირველ ეტაპზე, ბორბლებიანი მთვარემავალი უნდა შეიქმნას, რომელიც მთვარის ზედაპირზე 2015 წელს დაეშვება. ეს აპარატი იქ ქვებს და გრუნტის სინჯებს შეაგროვებს და მოგვიანებით, დედამიწაზე გამოგზავნის. გარდა ამისა, ეს მოძრავი ლაბორატორია მთვარეზე ფოტო და ვიდეოგადაღებებსაც აწარმოებს და სეისმოგრაფიული აპარატურის დახმარებით, მთვარის შინაგანი აგებულების შესწავლასაც ეცდება.
შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, მთვარეზე რამდენიმე არაპილოტირებადი მისია გაიგზავნება, რომლებითაც იქ მივლენილი რობოტები, მთავარი ბაზის მოწყობას შეუდგებიან. ეს ბაზა, 100 კილომეტრის რადიუსში, საკვლევი რობოტების ჯგუფების ექსპედიციებს უხელმძღვანელებს და გააკონტროლებს. გარდა ამისა, ბაზას ელექტროენერგიის საკუთარი წყარო ექნება. მის ფარგლებში ასევე იმოქმედებს საკვლევი ლაბორატორია, რომელიც რობოტების მიერ შეგროვილი გრუნტის სინჯებს გადაამუშავებს, ყველაზე საინტერესო სინჯებს კი დედამიწაზე გამოგზავნის.
იაპონელების განცხადებით, მთვარის ათვისების მათ მიერ შემუშავებული გეგმა, ამჟამინდელი გლობალური კრიზისის და მისი შედეგების გათვალისწინებითაა შემუშავებული. პროექტის საერთო ღირებულება 200 მილიარდ იენს (2.2 მილიარდ დოლარს) შეადგენს.
იმ დროს, როდესაც ამერიკელებმა მთვარეს ზურგი აქციეს და თავიანთი მზერა მარსსა და მზის სისტემის სხვა პლანეტებს მიაპყრეს, მთვარის ათვისების საქმეში, ლიდერობის მოპოვების რეალური შანსი ევროპელების და იაპონელების გარდა, ჩინელებსა და ინდოელებსაც გაუჩნდათ. ამიტომ, იაპონელებმა, მათი პრემიერ მინისტრ უკიო ჰატოიამას (ვისაც მეტსახელად უცხოპლანეტელს ეძახიან) ხელმძღვანელობით, მთავარ მიზნად სწორედ მთვარის მშვიდობიანი ათვისება დაისახეს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123