Wednesday, June 2, 2010

ამერიკელები ჰიპერბგერით სიჩქარეს ითვისებენ
2 ივნისი
იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, ამერიკელებმა ავიაციის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს - მათმა თვითმფრინავმა, თუ ”ბოინგის” ჰიპერბგერით ”X-51 უეივრაიდერს” ასე შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც სწორხაზოვანი რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი, ჰიპერბგერითი სიჩქარით ფრენისას, რეკორდულად შორეული ფრენა განახორციელა.


”X-51 უეივრაიდერი” B-52-ს ფრთის ქვეშ
........................................................

თვითმფრინავმა, რომელიც ”ბოინგმა” და ”პრატ ენდ უიტნიმ”, საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიისა და თავდაცვის მოწინავე საკვლევი პროექტების სააგენტოს (DARPA) შეკვეთით დაამზადეს, 5 მახის სიჩქარით (ბგერაზე 5-ჯერ მეტი სიჩქარით) 21 კილომეტრი გაიფრინა. ფრენამ საერთო ჯამში, 3.5 წუთს გასტანა.
ამერიკული აეროკოსმოსური სააგენტო და თავდაცვის დეპარტამენტი, ჰიპერბგერით თვითმფრინავებზე დიდ იმედებს ამყარებენ. ასეთი აპარატების საშუალებით, სულ სხვა დონეზე ავა საჰაერო დაზვერვა (სამხედრო და სამეცნიერო დანიშნულების), შესაძლებელი გახდება კოსმოსში სხვადასხვა ტვირთების, მათ შორის, თანამგზავრების უფრო სწრაფად და იაფად ატანა, კომერციული სატვირთო და შორეულ პერსპექტივაში, სამოქალაქო ავიარეისების შესრულება და რა თქმა უნდა, საბრძოლო ქობინების მიზნამდე მიტანა.


დღეისათვის, ასეთ უპილოტო საფრენ საშუალებებს, ამერიკელების გარდა, ევროპელები და იაპონელებიც უტარებენ გამოცდებს, რომელთა დროსაც, ამ ეტაპზე, მთავარი ყურადღება, ფრენის ხანგრძლივობასა და სიშორეს, ასევე ოპტიმალური საწვავის შერჩევას ეთმობა.
ჰიპერბგერითი თვითმფრინავი საჰაერო-რეაქტიული ძრავის დახმარებით ფრენს. ასეთი ძრავი კი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მასში ჰაერი ზებგერითი სიჩქარით მოძრაობს. ადრე ჩატარებული ტესტების დროს, ჰიპერბგერითი სიჩქარის შენარჩუნება მხოლოდ 12 წამის განმავლობაში ხერხდებოდა. ეს კი მხოლოდ მონაცემების შესაკრებად იყო საკმარისი. ასეთი თვითმფრინავის პრაქტიკული გამოყენების საშუალებას კი არ იძლევა.


ჰიპერბგერითი თვითმფრინავი
........................................................


აეროკოსმოსური სააგენტოს ექსპერიმენტული X-43A-სგან განსხვავებით, რომელიც საწვავად წყალბადს იყენებდა და რომელმაც 9.7 მახი სიჩქარე (დაახლოებით 11 000 კმ/სთ) განავითარა, X-51A ნახშირწყალბადოვანი საწვავით მუშაობს, რასაც ამ ტიპის ტექნოლოგიების განვითარების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ამუშავების პირველ წამებში, X-51A-ს ძრავი (სქრემჯეტის ტიპის) საწვავად ეთილენისა და რეაქტიულ საწვავ JP-7-ს ნარევს იყენებდა. შემდეგ კი მხოლოდ რეაქტიულ საწვავზე გადავიდა. ამგვარად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰიპერბგერითი თვითმფრინავი საავიაციო საწვავს იყენებს. ცნობისათვის, JP-7 ის საწვავია, რომლითაც მსოფლიოში უსწრაფესი რეაქტიული (სამხედრო) თვითმფრინავი ”ლოკჰიდის” სტრატეგიული მზვერავი ”SR-71 ბლექბირდი” დაფრინავდა.

ჰიპერბგერითი ძრავის გამოცდა
........................................................

”სქრემჯეტის” ტიპის ჰიპერბგერითი თვითმფრინავის სტაბილურად მუშაობის უზრუნველყოფა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ასეთი აპარატების შემქმნელების თქმით, ეს იგივეა, რომ ქარბუქში ასანთი აანთოთ და ის ანთებულად შეინარჩუნოთ. თუმცა, ”ბოინგის” და ”პრატ ენდ უიტნის” სპეციალისტებმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს. გარდა ამისა, მათ კიდევ ერთი მისია შეასრულეს - ჰიპერბგერითი სიჩქარით ფრენისას, ძრავის გაგრილების პრობლემა მოაგვარეს. გამაგრილებლის მოვალეობა მათ საწვავს დააკისრეს, რომელიც ძრავისგან ართმეულ სითბოს ოპტიმალურ ტემპერატურამდე გასახურებლადაც იყენებს და ძრავის კედლებსაც ეფექტურად აგრილებს.
რა თქმა უნდა, ”X-51 უეივრაიდერის” ძრავი კომპანია ”პრატ ენდ უიტნის” სპეციალისტებმა შეიმუშავეს, თვითონ ექსპერიმენტული საფრენი აპარატი და მისი რაკეტა-მატარებელი კი ”ბოინგის” ”ფანტომ უორკსის” სპეციალისტების ნახელავია. საცდელი ფრენის დროს მიღებულ და ჩაწერილ ინფორმაციას ორივე კომპანიის ლაბორატორიებში გადაამუშავებენ.
”პირველივე ცდით რამდენიმე ამოცანა შევასრულეთ. ეს ექსპერიმენტული მისია ნამდვილი ფარღვევაა საავიაციო ძრავების ტექნოლოგიებში და ამ გარღვევას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს შევადარებდი, რომლის დროსაც, ავიაცია ტურბოხრახნული ძრავებიდან რეაქტიულ ძრავებზე გადასვლას იწყებდა”, - განაცხადა პროექტ X-51A-ს მენეჯერმა ჩარლი ბრინკმა.
სხვათა შორის, საჰაერო ძალების განკარგულებაში X-51A-ს კიდევ სამი ეგზემპლარია, რომელთა ტესტირებაც წელსვე იგეგმება. პირველი ეგზემპლარი მაშინვე განადგურდა, როგორც კი მისმა ძრავმა მუშაობა შეწყვიტა. დარჩენილი აპარატებიც იმავე რეჟიმში გამოიცდება, როგორითაც პირველი. ამასთან, პროექტის ავტორები, ამ ფრენისას ზოგიერთი პარამეტრის დახვეწას და გაუმჯობესებასაც აპირებენ.
დაბოლოს, საცდელი ფრენის მოკლე აღწერილობა: X-51A ჰაერში ბომბდამშენ B-52-ის დახმარებით ადის, რომლის ფრთის ქვეშაცაა დამაგრებული. როდესაც თვითმფრინვის ფრენის სიმაღლე 15 კილომეტრს მიაღწევს, ჰიპერბგერითი თვითმფრინვი, მასზე მიბმულ სარაკეტო ამაჩქარებელთან ერთად, ფრთას სწყდება და რამდნიმე წამში, მუშაობას რაკეტის მყარსაწვავიანი ძრავი იწყებს. მისი მეშვეობით, X-51A 4.5-4.8 მახ სიჩქარეს (ესეც ჰიპერბგერითი სიჩქარეა) ავითარებს. ამ დროს, ამაჩქარებელი საცდელ აპარატს მოშორდება და იმავდროულად, მუშაობას სწორხაზოვან-რეაქტიული ძრავი იწყებს, რომლის მეშვეობითაც, X-51A-ს სიჩქარე თანდათან იზრდება და სასურველ მაჩვენებელს აღწევს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123