Wednesday, June 30, 2010

ჩინეთში ყვავილოვან ენერგეტიკულ კოშკს ააგებენ
30 ივნისი
ვუჰანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის შენობა მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მაგრამ იმავდროულად, ეფექტურიც იქნება. არქიტექტორების ჩანაფიქრით, მას ყვავილ კალას ფორმა ექნება, სახელად კი ”ვუჰან ენერჯი ფლაუერს” დაარქმევენ. ამ უცნაურ შენობას ორი ჰოლანდიური კომპანია - ”ხრონტმიხი” და ”სიოტერს ფან ელდონკ არქიტექტენი” ააგებენ.


ახალ შენობაში ვუჰანის უნივერსიტეტის ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი განთავსდება. თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ცენტრის შენობასაც ნაწილობრივ ენერგეტიკული დატვირთვა ექნება - მისი ”ყვავილოვანი გვირგვინის” სახურავზე მზის ფოტოელემენტები და ქარის ენერგობლოკი განთავსდება.
შენობის სიმაღლე სულ რაღაც 140 მეტრი უნდა იყოს. მის ქვედა ნაწილში რამდენიმე კორპუსი განლაგდება, რომლებიც ფოთლების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ ”ფოთლების” სახურავებს ბალახის გაზონით დაფარავენ, რაც მათ მწვანე შეფერილობას მისცემს. მთავარ შენობას ყვავილ კალას მოყვანილობა ექნება - სიმაღლის მატებასთან ერთად, ის გაგანიერდება და დახრილი სახურავის დონეზე ყველაზე ფართო იქნება. კალასგან განსხვავებით, ყვავილის გვირგვინის შიგნით სიცარიელე გათვალისწინებული არაა. სახურავს კი ფოტოელემენტების ბლოკი დაფარავს, ”ბუტკოს” მაგივრობას კი ქარის ენერგოსისტება გასწევს.

შენობის ბოლო სართულზე მაღალი ატრიუმი განთავსდება, რომელიც სათავსოებიდან თბილ ჰაერს ამოქაჩავს და ამგვარად, ჰაერის კონდიცირების პრობლემას ნაწილობრივ მოხსნის. გარდა იმისა, რომ სახურავზე მზის ელემენტები მოთავსდება, მას წვიმის წყლის შეგროვების მისიაც დაეკისრება. წყალს და ჩრდილს, რომელსაც ”ყვავილის გვირგვინი” წარმოქმნის, ასევე შენობის სათავსების გასაგრილებლად გამოიყენებენ.
შენობა მისთვის საჭირო ელექტროენერგიის დიდ ნაწილს თავად გამოიმუშავებს და ამ მხრიც, მოსალოდნელია, რომ ენერგოეფექტურობის ჩინურ სამ ვარსკვლავს დაიმსახურებს, რაც უმაღლესი მაჩვენებელია.
ვუჰანის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩინეთში ის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ქალაქი უნდა გახდეს. ამ მხრივ, იქ, ისევე როგორც კიდევ ოთხ ქალაქში, დიდი ჩინური საავტომობილო ექსპერიმენტი ტარდება - ელექტრომობილების მყიდველი ვუჰანელები ცენტრალური და ქალაქის ხელისუფლებისგან სოლიდურ სუბსიდიებს და სხვადასხვა შეღავათებს მიიღებენ. გარდა ამისა, ვუჰანში ელექტრომობილებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურაც განვითარდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123