მთვარის ფოტოელექტრული სარტყელი ენერგიით დედამიწას მოამარაგებს
9 ივნისი
წარმოიდგინეთ გიგანტური სტრუქტურა, რომელშიც მილიონობით ფოტოელექტრული ელემენტია გაერთიანებული. მისი სიგრძე 11 კილომეტრია, სიგანე კი - 400 კილომეტრი. ასეთ მზის სადგურს ელექტროენერგიაზე ჩვენი პლანეტის მოსახლეობის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია. მაგრამ სად შეიძლება ის განლაგდეს? აქ მაგისთვის ადგილი არ მოგვეძევება. სამაგიეროდ, მთვარე აბსოლუტურად დაუსახლებელია და მისი ტერიტორიის გამოყენება კი - შეუზღუდავი. სწორედ მთვარეა ის პლაცდარმი, სადაც იაპონელებს ასეთი გაბარიტების მქონე მზის ელექტროსადგურის აგება აქვთ განზრახული.
იდეა, რომელიც მთვარეზე ესოდენ კოლოსალური გაბარიტების მქონე სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, იაპონურ სამშენებლო კომპანია ”შიმიზუს” ეკუთვნის, რომელსაც გიგანტური და ამდენად, ერთი შეხედვით უტოპიური პროექტების შემუშავებით აქვს სახელი განთქმული. მაგალითად, ერთი ასეთი პროექტი, ქალაქი-პირამიდის აგებას ითვალისწინებს, რომლის სიმაღლეც 2000 მეტრზე მეტი უნდა იყოს.
მთვარიდან ჩვენს პლანეტაზე ელექტროენერგიის გადმოცემის ხერხები
........................................................
ამჯერად, იაპონური კომპანიის სპეციალისტებმა მთვარეზე ელექტროსადგურის პროექტი შეიმუშავეს. რა თქმა უნდა, ენერგიის გადმოსაცემად მათი პროექტი ეგრეთ წოდებული ძალური სხივების გამოყენებას ითვალისწინებს. იდეა იმითაცაა საინტერესო, რომ გიგანტური ნაგებობა ჩვენს პლანეტაზე ერთ კვადრატულ მეტრ ფართობსაც კი არ დაიკავებს, მისგან გამომუშავებული ენერგიის მიღება კი დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სპეციალური მიმღები სადგურებით (რომლებსაც გიგანტური გაბარიტები ექნება, მაგრამ არა ისეთი, როგორც მთვარეზე) იქნება შესაძლებელი.
”შიმიზუს” იდეის განხორციელებას, ჩვენი პლანეტის არაერთი დიდი პრობლემის მოგვარება შეუძლია. ჯერ ერთი, მოიხსნება ენერგეტიკული პრობლემა. მნიშვნელოვნად შემცირდება დამოკიდებულება ორგანულ ენერგომატარებლებზე, აქედან გამომდინარე კი, თანდათან შემცირდება მავნე გამონაბოლქვებით ატმოსფეროს დაბინძურება. შესაბამისად, შემცირდება ეკოლოგიური პრობლემებიც.ლუნა რინგის სქემა: 1 - მზის ელემენტების ველი, 2 - ენერგიის გადასაცემი მაგისტრალური სარტყელი, 3 - მიკროტალღური ანტენა, 4 - მძლავრი ლაზერი, 5 - რკინიგზის ხაზი, რომელიც მთვარეს მთელს ეკვატორს გაჰყვება და რომელსაც მასალების, რობოტების, სათადარიგო ნაწილების და სხვადასხვა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებენ, 6 - ავტომატური, გადასაადგილებელი ავტომატიზებული ქარხანა-რობოტი, რომელიც ფოტოელემენტებს დაამზადებს და დაამონტაჟებს
........................................................
რა თქმა უნდა, მკითხველს დაებადება კითხვა: რა საჭიროა მთვარეზე უსაშველოდ ძვირი ფოტოელექტროსადგურის აგება, როცა აფრიკაში გვაქვს მზის ენერგიის ისეთი უზარმაზარი პოტენციური წყარო, როგორიც უდაბნო საჰარაა? რა თქმა უნდა, ასეთი პროექტიც ძალიან ძვირი დაჯდება, მაგრამ გაცილებით ნაკლები, ვიდრე მთვარეზე მზის ელემენტების სარტყლის აშენება და იქიდან ენერგიის ჩვენს პლანეტაზე მოწოდება შეიძლება დაჯდეს.
სამაგიეროდ, მთვარის ფოტო ელექტროსადგურს ერთი დიდი უპირატესობა გააჩნია - ის ენერგიას მთელი დღე-ღამის განმავლობაში გამოიმუშავებს. და მნიშვნელობა არც იმას ექნება, თუ რა ამინდი იქნება კონკრეტულ მომენტში ჩვენი პლანეტის ამა თუ იმ წერტილში.
სხვათა შორის, იაპონელებს (სხვა კომპანიებს) ღია კოსმოსში ელექტროსადგურის აგების პროექტიც აქვთ შემუშავებული და ამ პროექტის ფარგლებში, პირველ საცდელ მისიას ორბიტაზე 2015 წელს გაუშვებენ. ამ მისიის ამოცანა მოკრძალებული იქნება - მისით შემოწმდება, რამდენად ფუნქციურად იმუშავებს კოსმოსში დანადგარი, რომელსაც ენერგიის გადმოცემა დაევალება.
სხვათა შორის, ”შიმიზუს” პროექტს ერთი საინტერესო მხარე აქვს - ის ელექტროსადგურ კოლოსის ასაგებად საჭირო მასალების ტრანსპორტირებას სულაც არ გვთავაზობს. ამ ნაგებობისთვის და, რაც მთავარია, ფოტოელემენტების წარმოებისთვის საჭირო ყველა მასალა და ნედლეული მთვარეზე ულევად მოიპოვება. ასე რომ, საჭირო იქნება ”მხოლოდ” მათი გადამუშავება და სასურველი პროდუქციის წარმოება. ამ საქმის დიდ ნაწილს იქ სხვადასხვა ტიპის რობოტები შეასრულებენ.
საჭიროა ”მხოლოდ” ისეთი რობოტების შექმნა, რომლებიც ადგილზევე დაამუშავებენ მთვარის გრუნტს და მისგან, სამშენებლო მასალების გარდა, ფოტოელექტრულ პანელებსაც დაამზადებენ და დაამონტაჟებენ. ასეთი რობოტები მათ მიერ გავლილ ადგილზე ფოტოელემენტების მზა პანელებს დატოვებენ. ასეთი თამამი იდეა რომ განხორციელებადია, ეს ამერიკელებმა ხუთი წლის წინ ჩატარებული ექსპერიმენტებით დაამტკიცეს.
”უიკენდი” უკვე მოგიყვათ იმაზე, რომ იაპონელებს მთვარის ათვისება აქვთ განზრახული და ამ მიმართულებით, მათ რეალური გეგმებიც დაისახეს, რომლების განხორციელებაშიც მონაწილეობას იაპონიის აეროკოსმოსური სააგენტო JAXA ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ამ გეგმის მიხედვით, მთვარის სამხრეთ პოლუსის არეში ბაზის აგება, ავტონომიურად მოქმედ რობოტ ანდროიდების არმიას დაევალება, რომლებისთვისაც უფრო ასატანი იქნება მთვარის გაუხშოებული ატმოსფერო და ტემპერატურის საშინლად მაღალი დღეღამური ამპლიტუდა. ეს რობოტები ადგილზე მოიპოვებენ სამშენებლო ნედლეულს, თვითონ ჩაატარებენ სამშენებლო სამუშაოებს და შემდეგ, ლაბორატორიებშიც თავადვე ”დასაქმდებიან”.
თუ რატომ აირჩიეს კოლოსალური ფოტო ელექტროსადგურისთვის ეკვატორული სარტყელი, ეს იოლად ასახსნელია. დღეღამის ნებისმიერ დროს, ამ სარტყელის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ”უყურებს” მზეს. თანაც, იქ მზის სხივი თითქმის ვერტიკალურად ეცემა, რაც ელემენტების მუშაობის მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე კი, ფართობის ერთეულზე უფრო მეტი ენერგიის მიღება შეიძლება, ვიდრე მთვარის სხვა ადგილებში.
ჩვენი მიმართულებით ენერგიის გადმოსაცემად კი მთვარეზევე უზარმაზარი, 20 კილომეტრი დიამეტრის მქონე მიკროტალღური ანტენები და უმძლავრესი ლაზერული დანადგარები დაიდგმება. ასეთი გადამცემები მთვარის სარტყლის (ლუნა რინგის) იმ მხარეზე განთავსდება, რომელიც მუდმივადაა მოქცეული ჩვენი პლანეტის ხედვის არეში.
რა თქმა უნდა, ტერავატობით ენერგიის გადმოცემისას, ჩვენს პლანეტაზეც გიგანტური მიმღები სადგურების აგება იქნება აუცილებელი. ამ საქმესაც ფოტოელექტრული გარდამქმნელების გიგანტურ ბლოკებს დაავალებენ, რომლებიც რადიოშუქურებით იქნება აღჭურვილი. ამ შუქურების სიგნალების მიხედვით, მთვარის გადმომცემი სადგურები, ავტომატურად აირჩევენ ენერგიის ჭავლის მიმართულებას.
გარდა იმისა, რომ ელექტროენერგიას მიიღებენ და ადგილობრივ ქსელში მიმართავენ, მიმღებ სადგურებს ზღვის წყლის გამტკნარების ფუნქციაც დაევალება. იქვე მოხდება წყლის დაშლა, საიდან მიღებულ წყალბადსაც ტრანსპორტისთვის გამოიყენებენ.
მოკლედ, ”შიმიზუს” პროექტი ”მთვარის სარტყელი” ნამდვილ ენერგეტიკულ სამოთხეს გვპირდება. ოღონდ, ეს სამოთხე ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება იქნება. რამდენი დაჯდება ასეთი სარტყლის და ენერგიის გადმომცემი და მიმღები ინფრასტრუქტურის აგება, ”შიმიზუს” არ დაუკონკრეტებია, თუმცა ძნელი არ უნდა იყოს ვარაუდი, რომ საქმე ასეულობით მილიარდი დოლარის ინვესტირებას ეხება.
ჯერჯერობით, ასეთი სადგურის აგება აქტურლური არაა, მაგრამ როდესაც ჩვენს პლანეტაზე ნავთობის მარაგის ამოწურვის პროცესი გაღრმავდება და ეს საგრძნობი გახდება, მაშინ ”შიმიზუს” პროექტი არცთუ უტოპიურად და განუხორციელებლად მოგვეჩვენება.
სხვათა შორის, ”შიმიზუს” კიდევ არაერთი და არანაკლებ გრანდიოზული პროექტი აქვს შედგენილი, რომლებიც არანაკლებ უტოპიური იდეების განხორციელებას გვპირდება. რაც მთავარია, იაპონური კომპანიის ინჟინრები ირწმუნებიან, რომ მათი ყველა პროექტი ტექნოლოგიურად სრულიად განხორციელებადია...
No comments:
Post a Comment