Thursday, July 1, 2010

”საბ-ბიოსფერო 2” - ჩაკეტილი სისტემა წყალქვეშ ცხოვრებისთვის
1 ივლისი
ფილ პოული ლონდონელი დიზაინერია და საკმაოდ უცნაური კონცეპტუალური ნამუშევრებითაა განთქმული. მისი ერთ-ერთი ბოლო კონცეპცია - ”საბ-ბიოსფერო 2”, ეკოლოგიურად სუფთა, წყალში მოტივტივე სტრუქტურის აგებას გვთავაზობს, რომელიც თვითუზრუნველყოფადი უნდა იყოს. დიზაინერი განმარტავს, რომ მისი ბიუსფერო აკვანავტების, ტურისტებისა და ოკეანოგრაფებისთვის მისწრება იქნება. გარდა ამისა, ამ ნაგებობაში შესაძლებელი იქნება ხანგრძლივად ცხოვრება.


პოულის კონცეპცია ბაზირებულია პროექტ ”ბიოსფერო 2-ის” შექმნისას გამოყენებულ პრინციპებზე. ეს პროექტი შტატ არიზონაში განხორციელდა და ის ჩაკეტილ ეკოლოგიურ სისტემას წარმოადგენს. ამ ნაგებობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ (და აკვირდებიან), რამდენად შესაძლებელია ადამიანის ცხოვრება მის მიერვე შექმნილ ჩაკეტილ ეკო სისტემაში.
”ბიოსფერო 2-სგან” განსხვავებით, რომლის ”ცის” ქვეშაც ტროპიკული ტყე, ოკეანის ნაპირი და წყალქვეშა რიფები, ასევე ველები და უდაბნოც კი იყო მოქცეული, პოულის კონცეპტუალური გარემო წყალქვეშ ცხოვრებისთვისაა შემუშავებული. მისი ცენტრალური ნაწილი, ავტორის თქმით, არის საყრდენი ”ბიომე”, რომლის გარშემოც, სიმეტრიულად რვა, უფრო მცირე ზომის, ერთმანეთთან კავშირში მყოფი ”ბიომეა” განლაგებული. ამასთან, ისინი განსხვავებულ ეკოსისტემებს წარმოადგენენ. ცენტრალური ”ბიომე” ყველა დანარჩენს ენერგიითაც ამარაგებს და მათს ავტონომიურ რეჟიმში მუშაობასაც უზრუნველყოფს.

პროექტის ავტორის თქმით, თითოეულ ”ბიომეს” ჰაერით, წყლით, საკვებით, ელექტროენერგიით და სხვა რესურსებით უზრუნველყოფის სრულიად დამოუკიდებელი წყარო გააჩნია, მთელი სისტემა კი დამოუკიდებლად, მთავარი ”ბიომედან” იმართება.
პოულის თავისი სისტემის კონცეპცია ჯერ კიდევ 1998 წელს შეუმუშავებია და მას შემდეგ იმაზე მუშაობს, რომ ”ბიოსფერო 2-ში” სიცოცხლის თვითუზრუნველყოფადი სისტემა შექმნას. ის იმედოვნებს, რომ თავს მოუყრის საჭირო ფულად სახსრებს და თავისი კონცეპტუალური ნამუშევრის რეალურად განხორციელებას დაიწყებს.

რაც შეეხება ”ბიოსფერო 2-ს”, მისი მშენბლობა 1987 წელს დაიწყო და 1991 წელს დასრულდა. მასში გამოყენებულია სიცოცხლის უზრუნველყოფის ჩაკეტილი, ავტონომიური სისტემა, რომლის გამოყენებაც კოსმოსშია შესაძლებელი. ჩაკეტილ სისტემას სამი აკრი ფართობი (დაახლოებით 12 000 კვადრატული მეტრი) უკავია და მისი შიდა არე ტოტალურად ჩაკეტილ (მასში ვერც ვერავინ და ვერაფერი შედის და ვერც ვერავინ და ვერაფერი გამოდის) გარემოს წარმოადგენს. მისი გარსი ფოლადის სტრუქტურისგან შედგება, რომელსაც გარედან შუშის აპკი აქვს შემოკრული. ამგვარად, შიგნით მზის სხივები თავისუფლად შედის. გარდა ამისა, მის სიგნით ისეთი გარემოა შექმნილი, რომ ბაქტერიების და მცენარეების გარდა, ცხოველებსა და ადამიანებსაც თავისუფლად შეუძლიათ ცხოვრება.
1991 და 1994 წლებში, მასში ორი მისია შესრულდა, რომლის წევრებსაც ”ბიოსფეროელები” უწოდეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ექსპერიმენტის მონაწილეებმა ”ბიოსფერო 2-ს” შიგნით ისე იცხოვრეს, გარე სამყაროსთან არანაირი კავშირი (რადიოთიც კი) არ ჰქონიათ. პირველი მისიის დროს, ჟანგბადის უკმარისობის პრობლემა წარმოიქმნა, თუმცა მეცნიერებმა სწრაფად მიაგნეს ამის მიზეზს. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ჩაკეტილ გარემოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრება სრულიად შესაძლებელია. მეორე მისია 1994 წელს, მის წევრებს შორის კონფლიქტის გამო შეწყდა და მას შემდეგ, ”ბიოსფერო 2” არიზონას უნივერსიტეტის მფლობელობაში გადავიდა, რომელიც მას კვლევებისა და სწავლებისთვის იყენებს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123