Thursday, July 8, 2010

ფელიქს ბაუმგარტნერი ზებგერითი თავისუფალი ვარდნისთვის ემზადება
8 ივლისი
”რედ ბულ სტრატოს”, ასე ჰქვია შოუს, რომელსაც ექსტრემალური სპორტის დიდი მეცენატი, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბული” ამ წლის ბოლოს მოაწყობს. მისი მთავარი პერსონაჟი კი ”უშიშარი ფელიქსის” სახელით ცნობილი ავსტრიელი ექსტრემალი ფელიქს ბაუმგარტნერი იქნება. შოუს მიზანს, არც მეტი, არც ნაკლები, თავისუფალი ვარდნისას, ზებგერითი სიჩქარის აკრეფა წარმოადგენს.


ამ მისიის შესასრულებლად, ბაუმგარტნერისთვის სპეციალური, მაღალი წნევის კომბინეზონი-სკაფანდრი დამზადდა, რომელმაც ატმოსფეროს ზედა ფენაში ექსტრემალის სიცოცხლის ნორმალური პირობები უნდა უზრუნველყოს. სასურველ სიმაღლეს - 36 კილომეტრს, ბაუმგარტნერი საჰაერო ბურთით და მასზე ჩამოკიდებული სპეციალური კაპსულით მიაღწევს. ამ სიმაღლის აღების შემდეგ კი გადმოხტება. შოუს ორგანიზატორები და ბაუმგარტნერი იმედოვნებენ, რომ თავისუფალი ვარდნისას, მისი სიჩქარე ბგერის სიჩქარის (340.29 მ/წმ) ზღვარს გასცდება. შემდეგ კი პარაშუტს გახსნის და ხმელეთს დაუბრუნდება.
თუ მისია წარმატებით დასრულდა, ბაუმგარტნერი ერთდროულად რამდენიმე რეკორდს მოხსნის - ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი პილოტირებადი ფრენა საჰაერო ბურთით, ყველაზე მაღალი ნახტომი პარაშუტით, ასევე ყველაზე მაღალსიჩქარიანი და უგრძესი თავისუფალი ვარდნა.

”რედ ბულ სტრატოსის” ჯგუფმა უკვე შეასრულა ტესტების სამი სერია, რომელთა დროსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი დაზუსტდა, პილოტი კი საჭირო ჩვევებს დაეუფლა. პირველი ორი ტესტი ლანკასტერის (კალიფორნია) ”სეიჯ ჩეშირის” აეროკოსმოსურ ცენტრში შესრულდა. ამ ტესტების დროს, კაპსულა და ბაუმგარტნერი ნახტომის შესრულებაში ავარჯიშეს.
”ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდება, როდესაც პილოტის კაპსულა წინ წაინაცვლებს და ფელიქსი იქიდან გადმოხტება. დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავით იმაში, რომ კაპსულის წანაცვლება ფელიქსს ნახტომის შესრულებაში ხელს არ შეუშლის. ტესტებმა აჩვენა, რომ პილოტის გადმოხტომის მომენტში, მას სტაბილური მდგომარეობა უკავია და გავლენას არ ახდენს ნახტომის სიზუსტეზე. ასე რომ, ეს შიშები უსაფუძვლო აღმოჩნდა”, - ამბობს მისიის სტრატეგისტი ლიუკ აიკინსი.

მესამე ტესტში თავად ბაუმგარტნერი მონაწილეობდა და ეს ტესტები სულ რაღაც, 60 მეტრის სიმაღლეზე შესრულდა. ამ ტესტების მიზანიც ნახტომის ტექნიკის დახვეწა და მასთან შეგუება იყო. რამდენიმე ცდის შემდეგ, ბაუმგარტნერმა თავისი ტექნიკა სასურველ დონემდე დახვეწა.
მესამე ტესტის დროსაც, ბაუმგარტნერი ხტომის შესრულებაში ვარჯიშობდა. ოღონდ, ამჯერად ის სრულფასოვან ნახტომებს დიდ სიმაღლეზე ასრულებდა. ამ ტესტების დროს, მისი აღჭურვილობაც გამოცადეს, რომელმაც უნაკლოდ იმუშავა.
ფელიქს ბაუმგარტნერს სახელი მსგავსი თავზეხელაღებული ნახტომებით აქვს განთქმული. ერთ-ერთი მათგანის დროს, მან კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ფრთებით, ლა მანშის სრუტეს გადაუფრინა. გარდა ამისა, არაერთი სარეკორდო ნახტომი აქვს შესრულებული. ის მსოფლიოს ყუფილი უმაღლესი ცათამბჯენებიდან, კუალა ლუმპურის (მალაიზია) ”პეტრონას ტაუერიდან” და ტაიპეის (ტაივანი) ”ტაიპეი 101-დან” არის გადმომხტარი.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123