Tuesday, August 17, 2010

შოტლანდიაში მოქცევის უდიდესი ტურბინა ამუშავდება
World’s Largest Tidal Turbine will generate enough power for 1,000 homes
17 აგვისტო
რაც დრო გადის, სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგიის ორგანული (ნავთობი, გაზი) წყაროების განახლებადით ჩანაცვლების საკითხი. ჯერ ერთი, ამაზე ზრუნვას ნავთობის და გაზის ფასების ზრდა განაპირობებს. მეორეც, ეს წყაროები ამოწურვადია და მალე იმ დროსაც მოვესწრებით, როდესაც მათი იმედი არ უნდა გვქონდეს. და მესამეც, გარემო დაცვას საჭიროებს, ორგანული საწვავის გამოყენება კი ატმოსფეროს აბინძურებს.



მოკლედ, კაცობრიობა ინტენსიურად ცდილობს ენერგიის ისეთი წყაროების ათვისებას, რომლებიც გარემოსაც არ დააბინძურებს და რომლებიც ულევადაა ჩვენს პლანეტაზე. ასეთებია მდინარეების, ქარის და მზის ენერგია. არსებობს კიდევ ერთი დიდი წყარო - ოკეანეების ტალღების ენერგია, მაგრამ ჯერჯერობით, მას ნაკლებად იყენებენ. თუმცა, მალე ამ მიმართულებითაც, სერიოზული გარღვევაა მოსალოდნელი და ამ გარღვევას ბრიტანელები ამზადებენ.
ბრიტანულმა კორპორაცია „ატლანტის რისურსისმა“ მსოფლიოში უდიდესი და უმძლავრესი ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ელექტროენერგიას ოკეანის და ზღვის მი-მოქცევის დროს გამოიმუშავებს. პირველ საცდელ დანადგარს, რომელიც 1300 ტონას იწონის, AK1000 უწოდეს. დანადგარის მშენებლობა 25 მილიონი დოლარი დაჯდა.


დანადგარს ორი ფრთა აქვს, რომელთაგან ერთი მოქცევის დროს მუშაობს, მეორე კი - მიქცევისას. AK1000-ს სიმაღლე 22.5 მეტრია, როტორის ფრთების დიამეტრი კი - 18 მეტრი. ამ პარამეტრების და სიმძლავრის (1.0 მეგავატი) მიხედვით, ეს ამ ტიპის ყველაზე დიდი და მძლავრი დანადგარია მსოფლიოში. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დანადგარი არც ზღვის ბინადართ დააზარალებს, რადგან მისი ფრთების ბრუნვის სიხშირე ძალიან მცირე - წუთში 6-8 ბრუნი იქნება.
დანადგარი მაქსიმალურ ენერგიას მაშინ გამოიმუშავებს, როდესაც წყლის გადაადგილების სიჩქარე სულ რაღაც 2.65 მ/წმ იქნება. ერთი მეგავატი სიმძლავრე კი საკმარისია იმისათვის, რომ ელექრტოენერგიით დაახლოებით 1000 სახლი დაკმაყოფილდეს.
„ატლანტისის“ მთავარი აღმასრულებელი ტიმოთი კორნელიუსი ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ შექმნილი ტურბინა ათწლიანი შრომის და ექსპერიმენტების შედეგია. ამ ტურბინის ფართოდ გამოყენებას გეგმავს ენერგეტიკული კომპანია „სკოტიშ პაუერი“, რომელიც შოტლანდიის ჩრდილოეთით, ასეულობით მსგავსი ტურბინის დამონტაჟებას აპირებს.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123