Sunday, August 29, 2010

მეცნიერები ელექტროენერგიის ციდან მოპოვებას იმედოვნებენ
Scientists hope to collect electricity from the air
29 აგვისტო


იყო დრო, როდესაც ნიკოლა ტესლა ელექტროენერგიის ციდან მოპოვებაზე ოცნებობდა, თუმცა თავისი ოცნების განხორციელება შესაბამისი ტექნოლოგიების უქონლობის გამო ვერ შეძლო. მაგრამ როგორც ჩანს, ეს იდეა განუხორციელებელი არაა. ყოველ შემთხვევაში, ამაში დარწმუნებულები არიან კამპინაშის (სან პაულუ, ბრაზილია) უნივერსიტეტის სწავლულები.

ამ უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი ფერნანდო გალემბეკი ხელმძღვანელობს მკვლევართა ჯგუფს, რომელიც ატმოსფეროში ელექტრული მუხტის წარმოქმნის პროცესებს და მიზეზებს შეისწავლის. კვლევის საბოლოო მიზანს კი ამ მუხტის შეგროვება და დამორჩილება წარმოადგენს.
”ჩვენმა გამოკვლევამ ატმოსფეროში წარმოქმნილი ენერგიის შეგროვებამდე და მის გამოყენებამდე უნდა უნდა მიგვიყვანოს. მზის ენერგიის მსგავსად, ატმოსფეროდან შეგროვილ ენერგიასაც შეუძლია, ადამიანები ელექტროენერგიის გადასახადებისგან გაათავისუფლოს”, - ამბობს პროფესორი.
ადრე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ატმოსფეროში არსებული წყლის წვეთები ელექტრულად ნეიტრალურია და ამ ნეიტრალობას მაშინაც კი ინარჩუნებენ, როდესაც მტვრის დამუხტულ ნაწილაკებთან აქვთ კონტაქტი. მაგრამ გალემბეკმა და მისმა გუნდმა დაამტკიცეს, რომ ყოველთვის ასე არაა.
კერძოდ, ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს, მათ დაადგინეს, რომ სილიციუმის და ალუმინის ფოსფატის ნაწილაკები შესაბამისად, უარყოფითად და დადებითად იმუხტებიან, როდესაც ისინი მაღალი ტენიანობის არეში ხვდებიან. გალემბეკის თქმით, ეს აღმოჩენა დასტურია იმისა, რომ ატმოსფეროში გაბნეულ წყლის წვეთებს ელექტრული მუხტის დაგროვების და იმ ნაწილაკებისთვის გადაცემის უნარი შესწევს, რომლებთანაც შეხება აქვთ. ”ჩვენ ამას ”ჰიგროელექტრობა”, იგივე ტენიანობის ელექტრობა ვუწოდეთ”, - ამბობს პროფესორი.
ამჟამად გალემბეკი და მისი ჯგუფი ისეთი მოწყობილობის კონსტრუქციის შემუშავებაზე ფიქრობენ, რომელიც ატმოსფეროდან ”ჰიგროელექტრობის” მოპოვების საშუალებას მისცემთ. ისევე, როგორც მზის ელემენტები უკეთ მუშაობს მზიან, უღრუბლო ამინდში, ჰაერიდან ელექტრომუხტის შემგროვებელი სადგურიც უკეთ მაშინ იმუშავებს, როდესაც ატმოსფერო ტენით იქნება გაჯერებული. უფრო მეტიც, პროფესორი დარწმუნებულია, რომ ატმოსფეროდან ელექტროენერგიის მოპოვებით, შესაძლებელი იქნება მეხის თავიდან არიდება. განსაკუთრებით კი ასეთი კოლექტორები მისწრება იქნება ცათამბჯენებისთვის.
გალემბეკი ამბობს, რომ ატმოსფეროდან ელექტროენერგიის შემგროვებელი კოლექტორების დამზადებამდე ჯერ ბევრი გზაა გასავლელი, თუმცა ის უკვე დარწმუნებულია, რომ ასეთი დანადგარების შექმნა რეალურია და ოდესმე ადამიანი ატმოსფეროდან ელექტროენერგიის მოპოვებასაც შესძლებს. და ეს სუფთა ელექტროენერგიის მოპოვების კიდევ ერთი სოლიდური წყარო იქნება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123