ბაჰამელი სტუდენტის ”ჰიუნდაი” წყალზე მუშაობს
Young Bahamian Builds a Water Powered Car
18 აგვისტო
აველანიო მაკგიბონი (მარცხნივ) და ჯეიმს ტაჩელი თავიანთი შედევრის პრეზენტაციაზე
..............................
რა თქმა უნდა, მარტო წყალზე არა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ედინბურგის (შოტლანდია) უნივერსიტეტის სტუდენტმა დიდი ბაჰამებიდან, ჯეიმს ტაჩელმა და მისმა მეგობრებმა შექმნეს ”ჰიუნდაი ელანტრას” (1997 წელს გამოშვებულის) მოდიფიკაცია, რომელიც საწვავად ნაწილობრივ წყალს იყენებს და ამის წყალობით, დაახლოებით 30 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.
ტაჩელის მოწყობილობაში, წყალი ელექტროენერგიის მეშვეობით, ჟანგბადად და წყალბადად იშლება. ეს ორივე ნივთიერება, ბენზინთან ერთად, საწვავ ნარევს ქმნის და ძრავს წვის კამერაში მიეწოდება. ამის შედეგი ისაა, რომ საწვავი ნარევი ეფექტურად, ბოლომდე იწვის და ამის წყალობით, მცირდება როგორც საწვავის ხარჯი, ასევე გამონაბოლქვში მავნე მინარევების შემცველობა.
ტაჩელს თავისი ჩანაფიქრის განხორციელებაში, ბაჰამელი ინჟინერი და ბიზნესმენი აველანიო მაკგიბონი დაეხმარა, რომელსაც თავის დროზე, ”ჯენერალ მოტორზში”, ”ფორდში” და ”კრაისლერში” უმუშავია, დღეს კი დიდი ბაჰამების მთავარ ქალაქ ფრიპორტში საკუთარი კომპანია ”მაკგიბონს ავტო” აქვს, რომელიც ძველი მანქანების აღდგენაზეა სპეციალიზებული.
მაკგიბონს შემუშავებული აქვს პროგრამა, რომლის მიზანიცაა იმ სტუდენტების ტექნიკური მხარდაჭერა, რომლებიც საზაფხულო არდადეგების დროს, საინჟინრო საქმიანობით არიან დაკავებულნი, რითაც თავიანთ გონებასაც ავარჯიშებენ და ინჟინრულ ჩვევა-გამოცდილებასაც იძენენ.
ტაჩელთან ერთობლივი მუშაობისას, გამოცდილმა ინჟინერმა ის მაკომპლექტებლები გამოიყენ, რომელთა შეძენაც ადგილობრივ მაღაზიებში იყო შესაძლებელი. ამგვარად, მან დაამტკიცა, რომ ავტომობილის ეკონომიური და ეკოლოგიური მონაცემების გასაუმჯობესებლად, სულაც არაა საჭირო ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარება და ასეულობით მილიონი დოლარის დახარჯვა.
ტაჩელი კი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და იქადნის, რომ მისი შემდგომი მიზანი (მომდევნო არდადეგებზე), ისეთი ავტომობილის შექმნაა, რომელიც საწვავად მხოლოდ წყალს გამოიყენებს. მანამდე კი არანაკლებ საინტერესო საქმე ელის - პრაქტიკას ”რენოს” ფორმულა 1-ის გუნდის ფაბრიკაში მიიღებს.
No comments:
Post a Comment