Thursday, September 27, 2012

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ქარის უსაფრთხო ტურბინა შექმნა


WWII veteran creates bird-friendly wind turbine
27 სექტემბერი
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, კალიფორნიის ქალაქ ჯეკსონში მცხოვრებმა 89 წლის გამომგონებელმა რეიმონდ გრინმა შეიმუშავა უცნაური კონსტრუქციის ქარის ტურბინა, რომელსაც არ აქვს ჩვეულებრივი ტურბინებისთვის დამახასიათებელი გრძელი ფრთები და აქედან გამომდინარე, არის აბსოლუტურად უსაფრთხო ფრინველებისთვის და არის უხმაურო.

დანადგარი, რომელიც შეკუმშული ჰაერის ენერგიის გენერირებას ახდენს, მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. მას ერთგვარი რუპორის ფორმა აქვს. მისი ყველაზე ფართო ნაწილის დიამეტრი 78 სანტიმეტრია, მეორე მხარეს კი ის 30 სანტიმეტრამდე ვიწროვდება. გრინის განმარტებით, მის დანადგარს, გარე მოძრავი ნაწილები არ აქვს. ფრთები კორპუსის შიგნითაა მოთავსებული და ამიტომ, ფრინველებისთვის საშიში არაა. ჩვეულებრივი ტურბინები, რომლებსაც გრძელი ფრთები აქვს, დიდი რაოდენობით ფრინველებს ანადგურებს.
დანადგარის ცენტრალურ ნაწილში, კორპუსის შიგნით, კონუსური ნაწილია მოთავსებული. ჰაერი სწორედ ამ, განიერი განივკვეთიდან შედის, რომელიც კონუსს ხვდება და მის ტანს თანაბრად მიჰყვება. გზად, კორპუსსა და კონუსს შორის სივრცე ვიწროვდება, რაც ჰაერის ნაკადის სიჩქარის ზრდას იწვევს. რაც მეტია ჰაერის ნაკადის სიჩქარე, მით მეტ ცენტრიდანულ აჩქარებას ნიჭებს ის ფრთების სისტემას, რომელიც დანადგარის უკანა, ვიწრო ნაწილში მდებარეობს.
ასეთი დანადგარი იმითაცაა საინტერესო, რომ რამდენადაც გრძელი ფრთები არ აქვს, ჰაერის წინააღმდეგობაზე ენერგია არ იკარგება. ამასთან, ენერგია არც ფრთების სიმძიმის დასაძლევად იხარჯება და შესაბამისად, მარგი ქმედების კოეფიციენტიც უფრო მაღალია.
გრინი ამბობს, რომ მის დანადგარს, ჩვეულებრივ ტურბინებზე ორჯერ მეტი ენერგიის მოცემა შეუძლია. და ეს იმ შემთხვევაშიც, თუ მიწის ზედაპირთან ახლოს განვალაგებთ. ამასთან დასძენს, რომ მან ჯერ მხოლოდ კუსტარულად დაამზადა საცდელი დანადგარი, რომელმაც პირველივე ტესტებზე კარგი შედეგები აჩვენა.
დანადგარის უხმაურობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ფრთების სიგრძე ძალიან მოკლეა და მათზე ჰაერი ვიწრო ღრიჭოდან ეცემა. საერთოდ, დანადგარი რაღაცით საავიაციო ძრავის კონსტრუქციას მოგაგონებთ. ოღონდ, მასში ფრთების სისტემა, უკანა ნაწილშია მოთავსებული. ამასთან, თუ რეაქტიულ ძრავში, ფრთების სისტემის დანიშნულება ჰაერის შეკუმშვა და წვის კამერაში მაღალი წნევით მიწოდებაა, გრინის დანადგარში, ფრთებზე უკვე ჰაერის შეკუმშული (უფრო სწორი იქნება სიტყვა დაჭირხნული) ნაკადი მიდის.
გრინის თქმით, თავისი ექსპერიმენტული დანადგარის შექმნა მას სულ რაღაც, 550 დოლარი დაუჯდა. მისი სამრეწველო დამუშავებისთვის კი პარტნიორი სჭირდება. ასეთად მას კომპანია „სიგმა დიზაინ კომპანი“ გამოუჩნდა, რომელიც მზადაა, დანადგარის სრულყოფა და წარმოებისთვის მომზადება უზრუნველყოს. სავარაუდოდ, ამ პროცესს დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.
პარტნიორები ვარაუდობენ, რომ გრინის დანადგარების მასობრივად გამოყენება არამხოლოდ ქალაქგარეთ, გაშლილ ადგილებში იქნება ხელსაყრელი, არამედ ურბანულ ადგილებშიც, რადგან არაა საჭირო მისი დიდ სიმაღლეზე განლაგება. უფრო მეტიც, მოსახერხებელი იქნება ამ ტიპის დანადგარის სახლების სახურავებზე დადგმა. დაბალი ფასიდან გამომდინარე, მის მიერ გამომუშავებული ენერგიის ფასი დაბალი იქნება. ქარის არასტაბილურობის გამოსარიცხად კი სისტემა შეიძლება ქსელში ჩაირთოს - ქარის დროს ის მომხმარებელს ენერგიას მიაწვდის, ჭარბ ენერგიას კი ქსელში მიმართავს, უქარობის დროს კი პირიქით, მომხმარებელი ენერგიას პირდაპირ ქსელიდან მიიღებს, ოღონდ შეღავათიან ფასად.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123