Tuesday, May 29, 2012

„პანასონიკი“ „მდგრად ინტელექტუალურ ქალაქს“ ააშენებს


Panasonic Plans to Build a 'Sustainable Smart Town' in Japan by 2014
29 მაისი
იაპონიაში შარშან მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, ქვეყანაში ერთიმეორის მიყოლებით იხურება ატომური ელექტროსადგურები, რასაც შედეგად ელექტროენერგიის დეფიციტი მოჰყვა. მართალია, ამ დეფიციტის შევსება ხერხდება, მაგრამ ამის მიუხედავადაც, იქ სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება. ამ საქმეში კი ერთ-ერთი ავანგარდისტი ხდება ელექტრონიკის მწარმოებელი გიგანტი „პანასონიკი“, რომელმაც მომავლის ქალაქის პროექტი - „ეკოლოგიურად მდგრადი ინტელექტუალური ქალაქი“ შეიმუშავა და თავის რვა პარტნიორ კომპანიასთან ერთად, მის განხორციელებას აპირებს.

პროექტის ხორცშესასხმელად, „პანასონიკმა“ ქალაქ ფუძისავაში არსებული საკუთარი ძველი საწარმოს ტერიტორია შეარჩია, რომლის ფართობიც 47 აკრს აღწევს. პროექტის შესაბამისად, ამ ფართობზე 1000-სახლიანი „ინტელექტუალური ქალაქის“ გაშენებაა შესაძლებელი, რომელსაც „ფუძისავას საზრიანი ქალაქი“ ერქმევა. ის მისთვის საჭირო ელექტროენერგიის დიდ ნაწილს თავადვე გამოიმუშავებს. ამასთან, მისი შენობები ეკოლოგიისადმი მეგობრული იქნება. ამ ქალაქის აშენებით, „პანასონიკს“ და მის პარტნიორებს იმის დემონსტრირება სურთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, როდესაც მისი დაგეგმარებისა და მშენებლობისას, სხვადასხვა თანამედროვე, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.
„მდგრადი ინტელექტუალური ქალაქი“ არის იმ კონცეპციის გაგრძელება, რომელიც „პანასონიკმა“ ადრე შეიმუშავა. მისი განხორციელების შემთხვევაში, ქალაქის ინფრასტრუქტურა გარემოს, 1990 წელთან შედარებით, 70 პროცენტით ნაკლებად დააბინძურებს.
ქალაქში ყველა შენობის სახურავი, ჰორიზონტალური და დახრილი ზედაპირი, მზის ელემენტებით დაიფარება. სწორედ მზის სხივისგან გამოიმუშავებს ქალაქი მისთვის საჭირო ელექტროენერგიის დაახლოებით 70 პროცენტს. ამასთან, დღის განმავლობაში, ჭარბად გამომუშავებული ენერგიის ნაწილს სპეციალურ აკუმულატორებში შეინახავენ. სახლებში ენერგოდამზოგავ, წყლის ეკონომიის, ნარჩენების გადამუშავების საშუალებებს გამოიყენებენ. ამასთან, გადამუშავებული ნაგვისგან საწვავს, სასუქს და სამშენებლო მასალებს დაამზადებენ.
ქალაქის ქუჩებში უსაფრთხოებას, ავტომობილების მოძრაობას, განათების სისტემას და სხვა ინფრასტრუქტურას, მართვის ინტელექტუალური სისტემა ავტომატურ რეჟიმში გააკონტროლებს. ამასთან, ამ სისტემას ადამიანის ჩარევა მხოლოდ პროფილაქტიკური შემოწმებისას დასჭირდება. საცხოვრებელი სახლების გარდა, ქალაქში ოფისები, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო დაწესებულებები, სატრანსპორტო ტერმინალი, მაღაზიები, პარკი და სპორტული დასვენების ზონები განლაგდება.
„მდგრადი ინტელექტუალური ქალაქის“ გახსნა 2014 წელს იგეგმება. „პანასონიკი“ იმედოვნებს, რომ ქალაქის სრული დასახლება 2018 წელს დასრულდება, როცა იაპონურ კომპანიას, დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება.

No comments:

Post a Comment

მთვლელი 123